კითხვები „კურიერის“ სიუჟეტთან დაკავშირებით
16.11.2015
„არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელისგან იმ 200 ათას ლარზე ითხოვს განმარტებას, რომელიც არხმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამივლინებოდ დახარჯა. ორგანიზაციის წევრებმა პირველ არხთან გამართულ აქციაზე ასევე საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაც გააპროტესტეს“, - ასე წარადგინა 13 სექტემბერს „კურიერის“ წამყვანმა სიუჟეტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთქმულ პრეტენზიებს ეძღვნებოდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბრალდებებიდან არხის მიერ სამივლინებოდ 200 ათასი ლარის დახარჯვას ეხებოდა. „ეს ყველაფერი, რაც ჩვენ შევისწავლეთ, ნათლად ასახავს იმ ფაქტს, რომ გიორგი ბარათაშვილი და მისი ოჯახის წევრები ხალხის მიერ გადახდილი თანხებით მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო“, - უთხრა „კურიერს“ „მედიატორის“ წარმომადგენელმა გივი კუბლაშვილმა, თუმცა მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, ამ თანხის რა ნაწილი დაიხარჯა უშუალოდ არხის ხელმძღვანელის გიორგი ბარათაშვილის მივლინებებზე. „კურიერს“ „მედიატორისგან“ ამ საკმაოდ ხმამაღალი ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია, ყოველ შემთხვევაში, მაყურებელს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ უნახავს, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბარათაშვილმა ნათესავებთან ერთად სამოგზაუროდ არხის კუთვნილი 200 ათასი ლარი დახარჯა; ვერც ის გავიგეთ, არხმა ჯამში დახარჯა 200 ათასი ლარი თუ მხოლოდ ბარათაშვილის მივლინებებზე.



ამასთან, თუ „მედიატორი“ ფიქრობს, რომ ბარათაშვილმა აღნიშნული სოლიდური თანხა არამიზნობრივად საკუთარი ოჯახის წევრების ფუფუნებისთვის გაფლანდა, რატომ არ მიმართა აუდიტის სამსახურს დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით ან პირდაპირ პროკურატურას, საბიუჯეტოს სახსრების სავარაუდო გაფლანგვის ფაქტის გამოძიების მოთხოვნით? სიუჟეტიდან ჩანს, „მედიატორის“ აქტივობა მხოლოდ განცხადებებით და არხის შესასვლელში პლაკატის დატოვებით შემოიფარგლა, რომელზეც სხვადასხვა ქალაქის დასახელების გასწვრივ თანხების რაოდენობაა მითითებული. „კურიერი“ არც იმით დაინტერესებულა, ბოლოს როდის შეამოწმა მაუწყებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ან როდის იგეგმება მორიგი შემოწმება, რითიც სავარაუდოდ, დადგინდება, რამდენად კანონიერად დაიხარჯა ზემოაღნიშნული თანხა.

ოფიციალური დოკუმენტაცია არ ჩანს არც გიორგი ბარათაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილში - არხის ხელმძღვანელის კომენტარიდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ბარათაშვილი ნამდვილად დადის საზღვარგარეთ სატელევიზიო ტექნიკის გამოფენებზე, შესაბამისად, საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა, მართლა 200 ათასი ლარი დახარჯა არხმა მივლინებებზე და ახლდა თუ არა ბარათაშვილს სამსახურებრივი მივლინებების დროს რომელიმე ნათესავი.

სიუჟეტის მომდევნო ნაწილი ეხება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „პირველ სტუდიას“. კერძოდ, ჟურნალისტი ამ ნაწილში ამბობს, რომ ბარათაშვილს ეკა მიშველაძის პოლიტიკური ტოკ-შოუს შესახებ განმარტებები არ გაუკეთებია - მაყურებლისთვის გაურკვეველი დარჩა, რა კითხა რეპორტიორმა ბარათაშვილს ამ საკითხზე და რაზე ვერ მიიღო პასუხი.

„ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მისთვის ტოკ-შოუს დახურვის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, თუმცა განცხადებები გადაცემის დახურვის შესახებ სხვა ტელევიზიის ეთერიდან მოისმინა“, - ამბობს ჟურნალისტი. საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება თავად მიშველაძის კომენტარის მოსმენის შემდეგ: „მე ვარ პოლიტიკური ჟურნალისტი, მე ვაკეთებდი და ჯერ მაინც კიდევ მგონია, რომ ვაკეთებ პოლიტიკურ გადაცემას, სხვას არაფერს, წინასწარ ვამბობ ამას, პეპლებზე და ყვავილებზე გადაცემას უბრალოდ ნურც შემომთავაზებს ნურავინ“. სიუჟეტის ამ ნაწილშიც გაურკვეველი დარჩა მთავარი რამ: დახურა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიშველაძის „პირველი სტუდია“ და კიდევ, როგორ ებმის „მედიატორის“ ბრიფინგი სამივლინებო ხარჯებზე გადაცემის დახურვის თემას (მით უმეტეს, სიუჟეტის მიხედვით, „მედიატორს“ „პირველი სტუდიაზე“ ბრიფინგზე განცხადება არ გაუკეთებია) - რა იყო სიახლე ამ მონაკვეთში? მიშველაძის კომენტარი, რომლის მსგავსი არაერთხელ მოუსმენია საზოგადოებას არაერთი ტელევიზიის, მათ შორის „რუსთავი 2“-სა და „პირველი არხის“ ეთერით? მართალია, სიუჟეტი სათაურია „ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში“ და შესაბამისად, ამ კონტექსტში მიშველაძის ტოკ-შოუს თემის დამატება მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება, მაგრამ ასეთი მასშტაბური დასახელება მაყურებელს მოლოდინს უჩენს, რომ საუბარი იქნება არხში დაგეგმილ თუ მიმდინარე სხვა ცვლილებებზეც, მორიგ ხმაურიან საკადრო გადაწყვეტილებებზე, ახალ წამყვანებსა და გადაცემებზე, სტრუქტურისა თუ ფორმატის ცვლილებებზე.

სიუჟეტის ბოლო მონაკვეთიც, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული ნიუსრუმის ხელმძღვანელად გიორგი გვიმრაძის დანიშვნას ეხება, ინფორმაციული თვალსაზრისით არავითარ სიახლეს არ შეიცავდა - ერთადერთი, რაც გავიგეთ ისაა, რომ „მედიატორში“ ფიქრობენ, რომ გვიმრაძე პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობს. თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ბრალდება გვიმრაძემ კატეგორიულად უარყო, თუმცა სწორედ ამ ტექსტის შემდეგ სიუჟეტში მაუწყებლის ბორდის ერთ-ერთი წევრის ქეთი მსხილაძის კომენტარი გავიდა, რომელიც ისევ გვიმრაძის საგარეო პოლიტიკურ კურსთან გამოთქმულ პრეტენზიებს შეიძლება დავაკავშიროთ:

„ცხადია, ნებისმიერი იდეოლოგიის ადამიანს შეუძლია იმუშაოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ოღონდ არა საინფორმაციო სამსახურის უფროსად, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი წართმეულია და ტანკებით არის გავსებული“, - უთხრა მსხილაძემ „კურიერს“. ამასთან, ამ ირიბ ბრალდებას მოჰყვა კიდევ ერთი პრეტენზია გვიმრაძის მისამართით ამჯერად უკვე მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრის ემზარ გოგუაძის მხრიდან, რომელიც გვიმრაძის მედიაორგანიზაციაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების არქონას ეხებოდა.

„კურიერის“ ჟურნალისტი ამ კომენტარების შემდეგ ამბობს, რომ ამ თემებზე „არხის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელს განმარტებები აღარ გაუკეთებია“.

კითხვას აჩენს ისიც, რომ გვიმრაძის მისამართით გამოთქმული ბრალდებები პრორუსულ ორიენტაციაზე, სიუჟეტის მესამე ნაწილში ორჯერ განმეორდა - თუ ერთხელ უკვე ითქვა, რომ გვირმაძემ ეს ბრალდებები „კატეგორიულად უარყო“, მაშინ რა საჭირო იყო მსხილაძის კომენტარის მაყურებლისთვის შეთავაზება. თუ რედაქციამ ამ შეფასების გაშვება აუცილებლად მიიჩნია, მაშინ გვიმრაძის მიერ 9 სექტემბერს გაკეთებული განცხადების მონაკვეთი შეეთავაზებინა, რომელიც მათსავე ეთერში გავიდა. ამით უზრუნველყოფდა ამბის მონაწილე ყველა მხარის მაქსიმალურად თანაბარ წარმოჩენას და არ გაჩნდებოდა კითხვები გაშუქებისას მანიპულაციის ელემენტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ავტორი : დავით კახიანი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ