სანამ ჩვენ გვეძინა...
14.11.2015
2001 წლის 11 სექტემბერს ტელევიზორი საღამოს ჩავრთე. რაღაცა გადაცემას ველოდებოდი, თუმცა მის ნაცვლად პირდაპირი ეთერი დამხვდა. ეთერი ნიუ-იორკიდან, სადაც ორ უზარმაზარ, ერთნაირ შენობას კვამლი ასდიოდა. მახსოვს კომენტატორის ტონი, რომელიც ფაქტს ნერვიულად აღწერდა. ისიც მახსოვს, როგორ გავბრაზდი, ამერიკაში მომხდარი რაღაც უბედური შემთხვევის გამო, საყვარელი გადაცემა რატომ გადამიდეს-მეთქი.

მაშინ მე 11 წლის ვიყავი. დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი კი სახელმწიფო არხს წარმოადგენდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ სახელმწიფო არხი გადასცემდა ტრაგედიის ამსახველ კადრებს პირდაპირ ეთერში..

2015 წლის 13 ნოემბრის პარიზული ღამე რაღაცით ჰგავდა კიდეც ნიუ-იორკის ტრაგედიას. აფეთქებები ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 11:30 წუთზე მოხდა. იმავე წუთიდან საერთაშორისო მედიამ ინფორმაციის განახლება პირდაპირ რეჟიმში დაიწყო. “Live Update“ - ეწერა ყველა გავლენიანი მედიასაშუალების პირველ გვერდს და ინფორმაცია ავტომატურად იცვლებოდა.

ამ საყოველთაო პანიკის მიუხედავად, ქართულ ტელემედიაში სპეციალური გამოშვებები, მოვლენის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში არ გვინახავს. ამბავიც მეორე დღეს „გეგმიური საინფორმაციოებიდან“ გავიგეთ. მაშინ, როდესაც ხალხი ინფორმაციის მისაღებად სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიის გვერდებს ამოწმებდა, ტელეეთერში მულტფილმები გადიოდა.

მაგალითად, „იმედზე“ საინფორმაციო ღამით 3:30-ზე გავიდა. იმ დროს, როდესაც თეატრის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა, როდესაც თავზე მიბჯენით კლავდნენ მძევლად აყვანილ მოქალაქეებს, თუმცა „იმედში“ საღამოს აწყობილი გადაცემის გადაწყობა არავის უფიქრია და მთავარ ამბადაც ადვოკატის ცემის ფაქტი და პრემიერის ბრატისლავაში ვიზიტი შემოგვთავაზეს. მომხდარზე კი მხოლოდ მეორე დღის 11 საათიან გამოშვებაში ისაუბრეს. თითქმის მსგავსი საინფორმაციო გამოშვებები ჰქონდათ საზოგადოებრივ მაუწყებელს, „მაესტროს“ და „რუსთავი 2-საც“. თუმცა, ეს უკანასკნელი საიტზე, ისევე როგორც tabula.ge პირველივე წუთებიდან აქტიურად დებდა ინფორმაციას.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები კი ერთვებოდნენ პირდაპირ ეთერში და მუშაობდნენ, როგორც მოქალაქე ჟურნალისტები: აკეთებდნენ ლაივსტრიმს პარიზის ქუჩებიდან და ტვირთავდნენ ტვიტერზე მისი სოციალური ქსელის, პერისკოპის საშუალებით.

ქართველი ჟურნალისტები ახლა უკვე ადგილზე იმყოფებიან. მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისათვის უახლესი ამბებით ჩართვაც გვქონდა, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარი ოპერატიულობაა. ისეთი, რომელიც ტელეჟურნალისტებს უბიძგებს, ხელში მობილურები მოიმარჯვონ და სოციალურ ქსელებში პირდაპირ რეჟიმში, თუნდაც, საკუთარ გვერდზე განაახლონ ინფორმაცია. ამ პრაქტიკას საერთაშორისო მედია უკვე რამდენიმე წელია მისდევს.

თუმცა, ჩვენ დღემდე ყველაზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება გვგონია და გვავიწყდება, რომ საქართველოს მოსახლეობას უკვე ინტერნეტთან წვდომა აქვს, ბევრმა მათგანმა, კომპიუტერთან ერთად, ინგლისურიც იცის და არ ელოდებიან კონკრეტულ საათს ინფორმაციის მისაღებად. ისინი ბრაზობენ ქართულ მედიაზე, ბრაზობენ სამართლიანად, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთან დროულად არ ვრცელდება.

მეც ვბრაზდები. ვბრაზდები იმიტომ, რომ 15 წლის წინ, სახელმწიფო ტელევიზია გაცილებით ოპერატიული აღმოჩნდა, ვბრაზდები იმიტომ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციაც გავავრცელეთ, ვბრაზდები იმიტომ, რომ პარიზის აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ, ბეირუთის ტერაქტზე ინფორმაცია უმეტესობას არც გაგვხსენებია (ან არც წაგვიკითხავს), ვბრაზდები იმიტომ, რომ ღამის სამ საათზე მთავარ ამბად ადგილობრივი თემა გავიდა, იმაზეც ვბრაზდები, რომ ჟურნალისტების უმეტესობას სოციალური მედია საკუთარი სელფებისა და ლანჩის დასადები, საჩექინო ადგილი ჰგონია, იმაზეც, რომ ინფორმაციას მთავარ საინფორმაციო გამოშვებებამდე ვინახავთ მიუხედავად იმისა, რომ საიტზე ლაივის გაშვება უფრო მომგებიანია და ეს არ გვესმის, ვბრაზდები იმაზეც რომ ინტერნეტის, სოციალური ქსელებისა და ჟურნალისტიკის მჭიდრო და მომგებიანი კავშირი, არაერთი მოსმენისა თუ ლექციებზე დასწრების მიუხედავად, ვერ შევიგნეთ..

არაოპერატიულობაზე ვბრაზდები, თუმცა შემდეგ მახსენდება, რომ პარიზის ტერორისტული აქტები კი არა, თბილისის სტიქია ვერ გავაშუქეთ ოპერატიულად. ვერ გავაშუქეთ ვერც 2012 წლის 12 მაისს, ორთაჭალაში დატრიალებული ტრაგედია და ვერც 13 ივნისი. ვბრაზდები ჩემს თავზეც და მრცხვენია აუდიტორიის გამო, რომელიც ჩემიც არის.

ბლოგის ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ