13.02.2018
პირველად იყო თსუ და თსუ იყო საგნების არჩევის წმინდა დღესასწაული. რეალურად, თსუ-ში საგნების არჩევა ცხენების დოღის სცენას უფრო ჰგავს, ვიდრე არჩევანის გაკეთების პროცესს - მით უმეტეს ჟურნალისტებისთვის. ამის მისახვედრად ბევრი დრო არ დამჭირვებია, პირველივე დღეს, როცა ბაზა გაიხსნა და საგნებს ვეცი, აღმოვაჩინე, რომ ჟურნალისტებისთვის არჩევანი მწირი იყო. სულ ორი საგანი - ქართული ენა და შესავალი ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციებში. დანარჩენი საგნები ძირითადად სხვადასხვა მიმართულებისგან ვისესხეთ.
მეორე სემესტრში არც ერთი საგანი, გარდა ქართული ენა 2-ისა, ჟურნალისტებისთვის არ არის განკუთვნილი. მართლა - არც ერთი საგანი, რომელიც ჟურნალისტიკასთან რაიმე კავშირშია. გამოდის, რომ ისინი, ვინც ჟურნალისტიკის სწავლას ცდილობენ, რეალურად ერთ წელს უბრალოდ კარგავენ.
ეს კიდევ არაფერია, ბოლოს და ბოლოს იმ ერთმა წელმა ზოგადი განათლების მიღებაში ხელი შეგვიწყო (თუ როგორ, ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია). აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ფაკულტეტი შემეცვალა და ჟურნალისტიკა მაინორად დამეფიქსირებინა. მე ერთადერთი არ ვყოფილვარ, პირველი წლის შემდეგ მიმართულებაზე სტუდენტების რაოდენობა ფაქტობრივად განახევრდა. სწორედ ამ დროს, იმ დროისთვის ახლადშექმნილ მედიაში, On.ge-ზე დავიწყე მუშაობა. მეორე კურსზე გადასვლის შემდეგ, ჩემს ძირითად მიმართულებას ჟურნალისტიკა მაინორად შევუსაბამე და აღმოვაჩინე, რომ უნდა მესწავლა საგანი „ახალი ამბები“. ლექტორებში გამიმართლა, ჯგუფიც მონდომებული იყო. ვიფიქრე, დაიწყო ნამდვილი ჟურნალისტიკის შესწავლა-მეთქი და თურმე სად გეჩქარება.
აღმოჩნდა, რომ ახალი ამბების შესწავლისას სტუდენტებს უნდა სცოდნოდათ ზოგადი ჟურნალისტური წერის სტილი, ახალი ამბების, ანალიტიკური მასალის, რეპორტაჟის, სტატიისა და სხვა ჟურნალისტიკური პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა. საიდან უნდა გვცოდნოდა, ამაზე პასუხი დღემდე არ ვიცი. იმის გამო, რომ მთელი ერთი წელი ჟურნალისტიკის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ამ მიმართულებაზე ვსწავლობდით, არაერთხელ აღმოვჩნდით უხერხულ მდგომარეობაში.
დავალებების პირობების გაცნობისას, ხვდები რომ ფანტაზიას საზღვრები უბრალოდ არ აქვს. ერთ-ერთი კურსის გავლისას, როგორც ჟურნალისტმა, „შესაშური“ გამოცდილება მივიღე. კერძოდ, ლექტორის მითითებით დავწერე რა, საკუთარი ავტობიოგრაფია ჟურნალისტურ სტილში, უმალვე გავსხივოსნდი და მივხვდი, რომ გავიზარდე. ჩემს მეგობარს, სხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებიდან, უფრო გაუმართლა - ახალი ამბების საგნის ლექტორმა ძეგლებთან მისვლა და მათგან ინტერვიუს აღება დაავალა. ჩემს კიდევ ერთ ჯგუფელს ერთ-ერთი პრაქტიკული კურსის გავლისას, დავალება ჰქონდა, რომ საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვები და შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები თავადვე გაეცა. ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებებზე ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ პოპულარულია დავალება, რომლის ფარგლებშიც ლექტორის მიერ წინასწარ, შემთხვევით შერჩეული სამი სიტყვისგან სიახლე, ე.წ. „ნიუსი“ უნდა შეთხზა. იმ ლექტორს, კიდევ რომელსაც წესით InDesigne-ში გაზეთის აწყობა უნდა ესწავლებინა, დღემდე ჰგონია, რომ ინგლისურად ყველა სიტყვა ისევე იკითხება, როგორც იწერება, მაგალითად Save as-ს წარმოთქვამს როგორც „სავე ას“, Posterize-ს როგორც „პოსტერიზეს“, Undo-ს კი, როგორც „უნდუს“ - ჩანგე ლანგუგეს სტილში. საბოლოოდ, გაზეთის აწყობა Youtube-ზე, სამ დღეში ვისწავლე და ამისთვის მხოლოდ ორი მაგიური სიტყვის, How to-ს აკრეფა დამჭირდა. მეტყველების კულტურის საგანზე კი, იმის ნაცვლად რომ მომავალ ჟურნალისტებს ტექსტის საჭიროებისამებრ წაკითხვა ასწავლონ, რაც ჩართვებისას მათ საუბარს უკეთესს გახდიდა, სტუდენტებს ძირითადად თეატრისთვის დამახასიათებელი მანერულ დიქციას ასწავლიან.
რაც ყველაზე მთავარია, ოთხი წლის განმავლობაში ჟურნალისტიკის სტუდენტებს ფაქტობრივად არ აქვთ ფუფუნება, პრაქტიკაში გამოსცადონ საკუთარი თავი, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს. ფაქტია, რომ დღეს ჟურნალისტიკის მიმართულება თავის გამოწვევებს ვერ სცემს ადეკვატურ პასუხს. უმეტეს დროს სტუდენტები თეორიული მასალების დაზუთხვას ანდომებენ და დიპლომს ისე იღებენ, შეიძლება მიკროფონი ნანახიც არ ჰქონდეთ. ამასთან, უნივერსიტეტი ვერ სთავაზობს სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივას, სტაჟირების პროგრამებს, ტელევიზიებში უბრალო ვიზიტის ორგანიზებასაც კი ვერ ახერხებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ჟურნალისტიკის მიმართულებას დიდი ჩამორჩენა აქვს. სტუდენტები, ფაქტობრივად, ვერ სწავლობენ როგორ იმუშაონ საძიებო სისტემებთან, როგორ გადაამოწმონ დეზინფორმაცია, როგორ გამოიყენონ სოციალური ქსელი მათ საქმიანობაში და სხვ. ერთი ლექტორი იმის დამტკიცებასაც კი ცდილობდა, იანდექსი უფრო კარგი საძიებო სისტემაა, ვიდრე გუგლიო.
ცხადია, უნდა აღვნიშნოთ დადებითიც. მაგალითად, მედიაეთიკისა და თვითრეგულირების კურსი, რომელიც ყველა ჟურნალისტისთვის სასარგებლოა. ასევე, საკუთარი გაზეთის მოდელირებული ვერსიის შექმნა, გასვლით რეპორტაჟებზე მუშაობა და სხვ. თუმცა ამ ყველაფერს იმდენად მცირე ადგილი უჭირავს, რომ საერთო სურათზე ერთი პატარა წერტილია.
რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი? ვფიქრობ, ამაზე პასუხის გაცემა მარტივია, მაგრამ რთულია პრობლემის მოგვარება. პირველ რიგში, საჭიროა, რომ ჟურნალისტიკის მიმართულება სხვა პრიზმაში დაინახონ პასუხისმგებელმა პირებმა. აუცილებელია, რომ ჟურნალისტიკის მიმართულება თავიდან ბოლომდე შეიცვალოს. მათ შორის, განახლდეს სილაბუსები, მიმართულებას დაემატოს უფრო მეტი პრაქტიკოსი ჟურნალისტი და სტუდენტებს თეორიული სწავლების გარდა, მეტი პრაქტიკული უნარების შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ბოლოს და ბოლოს შევთანხმდეთ, რომ ოთხწლიანი სწავლების შემდეგ, სტუდენტს ერთი სრულყოფილი, მაღალი ხარისხის რეპორტაჟის მომზადება მაინც უნდა შეეძლოს.
დიმიტრი სანაია, თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, On.ge-ს ჟურნალისტი