მედია, სექსი და არასრულწლოვნები
29.03.2016
მცირედი გაზვიადებით, თუმცა მაინც შეიძლება ითქვას, ბოლო ერთი თვეა, წამყვანი ქართული არხების საეთერო ბადეებს, პროდიუსერების ნაცვლად, სექსი ადგენს. გასპარ ნოეს ფილმი „სიყვარული“, პოლიტიკოსთა სექსუალური აქტების ფარული ჩანაწერები, პრეზიდენტის მდიდარი სექსუალური ცხოვრება, რჩევები პარლამენტარებისგან, თუ რამდენი შეყვარებული უნდა ჰყავდეს „ნორმალურ“ ადამიანს, ბათუმის ბულვარში განთავსებული მეტალის კონსტრუქციების გენდერული კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია - ეს მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რითიც იწყებოდა საინფორმაციო გამოშვებები და რაზეც რიგრიგობით ხურდებოდნენ ტოკ-შოუების აბორიგენი გურუები.

მედიას უყვარს სექსი, სექსს კი მედია. მაშინ როდესაც ქართველი პარლამენტარებიც კი რელიგიურად იმდენად სენსიტიურები არიან, რომ კონსტიტუცია ბიბლიისგან ვერ გაურჩევიათ, სექსი და სექსთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ მხოლოდ მითოსურ ან რეპროდუქციულ განზომილებაში რჩება. სწორედ ამ განზომილებების საზღვრების მოშლა და სექსუალობასთან დაკავშირებული თემების დამიწების შესაძლებლობა აქვს მედიას. თუმცა ვიდრე ჩვენი მედია ამას შეძლებს, არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა შესახებაც აღარავინ დავობს და გააზრების გარეშე, დაზეპირებული ფორმულასავით გვესმის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში. ერთ-ერთი ასეთი თემაა სექსუალური შინაარსის მქონე მასალებზე არასრულწლოვანთა წვდომის საკითხი. რა უნდა იცოდეს მედიის მომხმარებელმა ამ თემასთან დაკავშირებით? გარდა ჰიპოთეტური და ჰაერში გამოკიდებული მორალური თუ ზნეობრივი კატეგორიებისა, რატომ უნდა იყოს არასრულწლოვანთათვის სექსუალური შინაარსის მქონე მასალებზე წვდომა შეზღუდული? რა გავლენა შეიძლება იქონიოს მოზარდზე სექსუალური შინაარსის მქონე ინფორმაციამ? რამდენად საზიანოა ასეთი მასალები ბავშვთა ფსიქიკისთვის და როგორ შეიძლება რომ ავირიდოთ ეს ზიანი თანამედროვე ინფორმაციული „წყალდიდობის“ პირობებში?

კანონმდებლობა

ქართულ კანონმდებლობაში, არასრულწლოვანთათვის სექსუალური და მავნე ზეგავლენის მომხდენ მასალებზე წვდომა რამდენიმე დოკუმენტით რეგულირდება. საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 56-ე მუხლში, სადაც საუბარია პროგრამულ შეზღუდვებზე, ზოგად მითითებას იძლევა, რომლის მიხედვითაც „იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას; ასევე, „იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს“.

მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს კანონი „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ძირითადად ნაბეჭდი პროდუქციისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების ჩვენების შეზღუდვას აწესებს. კანონის მიხედვით, ფილმები, რომლებიც +18 კატეგორიაში ხვდება არ უნდა აჩვენონ დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე შუალედში. +15 კატეგორიის ფილმები ასევე დილის 7-დან, საღამოს 11 საათამდე, ხოლო +12 ფილმები დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. U-კატეგორიის ფილმები, რომლებიც არ შეიცავს სექსუალური თუ ძალადობის შინაარსის სცენას ან გრაფიკულ გამოსახულებას და რომელთა ტრანსლირებაც შეუზღუდავია.

რაც შეეხება სატელევიზიო პროგრამებს, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დეტალურად არის გაწერილი თუ რა პრინციპით უნდა მოხდეს საეთერო ბადეში სექსუალური კონტენტის განთავსება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია წყალგამყოფის ცნება, რომელიც საეთერო ტელერადიოსამაუწყებლო ბადეში დროის გამყოფ ზღვარს აწესებს. ზღვარი იწყება 06.00 საათზე და სრულდება 20.00 საათზე. ეს პერიოდი თავისუფალია არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისაგან. კოდექსი 4 ასაკობრივ კატეგორიას გამოყოფს და ადგენს 7, 12, 15 და 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამებს. 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის შეუფერებელი პროგრამა ტელევიზიამ არ უნდა განათავსოს დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამა არ უნდა მოხვდეს ეთერში დილის 6 საათიდან საღამოს 11 საათამდე, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეუფერებელი პროგრამა კი დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე. დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე შუალედში არ უნდა გავიდეს ასევე პროგრამა, რომელიც 7 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. გამონაკლის შემთხვევაში კი სათანადოდ უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა შესაძლოა შეიცავდეს 7 წლამდე ბავშვებისთვის შეუფერებელ მასალებს. გარდა ამისა, ტელევიზიებმა უნდა გაითვალისწინონ უქმე დღეებსა და არასასკოლო პერიოდში არასრულწლოვანთა ტელევიზორის ყურების მაღალი ალბათობა და ისე უნდა დაგეგმონ საეთერო ბადე.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 39-ე მუხლი კი აზუსტებს, რომ „დაუშვებელია სექსუალური სცენის, აგრეთვე გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკული გამოსახვა და გადაცემა, 06.00 საათიდან 24:00 საათამდე.“ ამავე მუხლის მეორე პუნქტში ვკითხულობთ: „სექსუალური სცენებისა ან/და სქესობრივი ურთიერთობის შესახებ განხილვების ეთერში გადაცემა 20:00 საათიდან 23:00 საათამდე, გამართლებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, ჯეროვნად შემოკლებული და რედაქტირებული ფორმით“.

სექსი და ზიანი

მოზარდთა ქცევაზე სექსუალური შინაარსის მქონე მედიამასალების ზეგავლენის შესწავლას არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, განსხვავებით ძალადობის სცენების ხილვასა და მოზარდთა აგრესიულობის შესაძლო ზრდის კვლევისგან. თითქმის დადასტურებულად ითვლება, რომ ძალადობის ამსახველი სცენების ჭარბად ყურება პირდაპირ კორელაციაშია მოზარდთა ქცევის შეცვლასთან. ამ მხრივ ქართული რეალობა კიდევ უფრო ნაკლები ემპირიული მასალის მოძიების საშუალებას იძლევა. თუმცა საკითხის ბუნებიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია არაქართული მაგალითების რელევანტურად მიჩნევა და თქმა, რომ თუკი სექსუალური ხასიათის კონტენტი ცვლის ტინეიჯერთა ქცევას აშშ-ში, სავარაუდოდ, იგივე გავლენა ექნება ამ ტიპის მასალებს ქართველ მოზარდებზეც.

2006 წელს „მოზარდთა ჯანმრთელობის ჟურნალში“ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოზარდები, რომლებიც უყურებენ სექსის შემცველ კონტენტს მედიაში, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მოზარდობის პერიოდში სექსუალური პრაქტიკისადმი, ვიდრე მათი თანატოლები, როლებსაც ასეთ კონტენტთან შეხება არ აქვთ. სექსუალური პრაქტიკის ადრეულ ასაკში დაწყება კი რამდენიმე პრობლემურ საკითხთან არის დაკავშირებული, მათ შორის ნაადრევ, დაუგეგმავ და არასასურველ ორსულობასთან, სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებების შემთხვევების ზრდასთან და ა.შ. ამის გამო ადრეულ ასაკში სქესობრივი პრაქტიკის დაწყება მორალურ და ზნეობრივ კატეგორიებზე მეტად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემად უნდა იყოს აღქმული.

ჯერ კიდევ XX საუკუნის მიწურულს, აშშ-ში ჩატარებული ბავშვთა ეროვნული კვლევა ცხადყოფდა, რომ მოზარდ ბიჭებს, რომლებიც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ტელევიზორთან, გაცილებით ადრეულ ასაკში და გაცილებით მეტი სიხშირით ჰქონდათ სექსუალური პრაქტიკა, ვიდრე მოზარდებს, რომლებსაც ტელევიზორთან დიდი დროის გატარება არ უწევდათ. გარდა ამისა, 75 მოზარდი გოგონას კვლევისას, აღმოჩნდა რომ ორსულ არასრულწლოვნებში უფრო მაღალი იყო ტელესერიალების ყურების სიხშირე, ვიდრე არაორსულ გოგონებში.

ცალკე უნდა აღინიშნოს საფრთხე, რომელიც სექსის შესახებ არასათანადოდ მიწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება შექმნას მოზრდებში სექსუალური პრაქტიკის აღქმასთან დაკავშირებით. ადრეულ ასაკში ნანახმა გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ხილვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს არასრულწლოვნებში მსგავსი პრაქტიკისადმი ტოლერანტობის გაზრდას.

ავტორიტეტული კვლევითი კორპორაცია RAND-ის მიერ 2004 წელს გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფდა, რომ სექსუალური პრაქტიკის სიხშირე მოზარდებში, რომლებიც სექსუალური შინაარსის მასალებს რეგულარულად უყურებდნენ, 2-ჯერ აღემატებოდა სექსუალური აქტების სიხშირეს იმ მოზარდებში, რომლებსაც ასეთ მასალებთან წვდომა შეზღუდული ჰქონდათ. გარდა ამისა, იმავე კვლევით დასტურდებოდა, რომ მოზარდებზე წამახალისებელი ეფექტი არა მხოლოდ გამოსახულებას, არამედ სექსუალური შინაარსის საუბრების მოსმენასაც აქვს. თუმცა ამავე კვლევამ ცხადყო ის პოზიტიური ეფექტიც, რაც შეიძლება მედიამ, განსაკუთრებით პრაიმ-ტაიმში გასულმა შოუებმა მოახდინოს მოზარდთა ცნობიერებაზე, სექსუალური განათლების კუთხით, თუკი მედია ამ თემებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონტექსტში განიხილავს, ზედმეტი ნატურალიზაციისა და სკანდალიზაციის ნაცვლად.

ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ