ხუმრობიდან კიბერბულინგამდე
12.04.2016
„დამპლური თამაშები“ - ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული ვიდეოა, რაც ქართულ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ბოლო ხანებში. ვიდეოში ასახული სცენა, გარდა იმისა, რომ თავად შეიცავს მშობლის მხრიდან ძალადობის ნიშნებს, ინსპირაციაც გახდა ინტერნეტის უბრალო მომხმარებლებისა თუ „პროფესიონალი“ ტროლებისათვის, ვიდეოზე გადაღებული ბავშვები კი ინტერნეტ-მემეებად იქცნენ. დღეისათვის ამ ვიდეოს ათობით რიმეიქის და სამოყვარულო ვერსიის მოძიებაა შესაძლებელი Youtube-ზე. პირადად ჩემთვის უცნობია, რა გზით მოხვდა ვიდეო ინტერნეტში, თუმცა ფაქტი ერთია - ვიდეოს განთავსება თუკი ვინმეს ინტერესში არ უნდა შედიოდეს, ეს თავად ჩანაწერში გადაღებული ადამიანები და პირველ რიგში, ბავშვები არიან. ბავშვური სიცელქე, რომელიც ხშირად მოზარდების ან მოზრდილების გასართობი ხდება, შესაძლოა დიდ თავის ტკივილად იქცეს მოგვიანებით. ასეთი მაგალითები კი უკვე საკმარისად დაგროვდა სოციალური მედიისა და უცნაური წარმომავლობის ვებსაიტების „ოქროს ხანაში“.

ერთ-ერთ ასეთ ინტერნეტმემედ იქცა არასრულწლოვანი ჯესი სლოტერიც (მოგვიანებით ჯესიმ სახელი შეიცვალა და ახლა დემიენ ლეონჰარდტი ჰქვია), რომლის 2010 წელს გადაღებული სამოყვარულო ვიდეოც ინტერნეტ-სენსაცია გახდა. დემიენმა ინტერნეტ მომხმარებლების თავდასხმა თავდაპირველად გავრცელებული ჭორის გამო დაიმსახურა, რომლის მიხედვითაც მას, 11 წლის ასაკში, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ერთ-ერთ მუსიკოსთან. ჭორების უარყოფის მცდელობის შემდეგ, დემიენმა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ასევე გამოჩნდა მისი მამა ჯინ ლეონჰარდტი. ჯინი დემიენის „კიბერმტრებს“ ემუქრებოდა და ამბობდა, რომ თითოეული მათგანის ვინაობას დაადგენდა და თავისი შვილის გულის ტკენის გამო პასუხს აგებინებდა. ვიდეოს საპასუხოდ დემიენს ე.წ. „ჰეითერების“ მთელი არმია შეესია და მას ხან მოკვლით ემუქრებოდნენ, ხან კი სუიციდისაკენ მოუწოდებდნენ. არაერთი ვებსაიტი შეიქმნა, რომლითაც ინტერნეტტროლები ჯესისა და მამამისს დასცინოდნენ. ვიდეო იმდენად პოპულარული გახდა, რომ გოგონას ამბით მეინსტრიმული მედიასაშუალებებიც დაინტერესდნენ. საერთო ჯამში ამ ამბავმა გოგონას ცხოვრებას სამუდამო დაღი დაასვა და როგორც ის მოგვიანებით BuzzFeed-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მან დაკარგა ყველა მეგობარი და ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწია.

„ერთ დროს ინტერნეტში ჯესი სლოტერად მიცნობდნენ. პირადმა გამოცდილებამ ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც ვარ. მაქვს ბიპოლარული აშლილობა, პოსტტრავმული სტრესის აშლილობა და მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა. ფიზიკურადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვარ, მაქვს სუსტი იმუნური სისტემა, ქრონიკული ასთმა, ფიბრომიალგია და კანის დაავადება. მაგრამ მაინც ვცდილობ ცხოვრებით დავტკბე. მიყვარს ხელოვნება, მუსიკა და საჭმელი, დავდივარ კონცერტებსა და შოუებზე“,- ეს ჩანაწერი დემიენის ამჟამინდელი Tumblr-იდანაა. ეს შემთხვევა კიბერბულინგის ერთ-ერთ პირველ მასშტაბურ აქტად მიიჩნევა დღემდე. მისი შედეგები საკმაოდ დრამატული გამოდგა.

დაცინვისა და ინტერნეტბულინგის მსხვერპლები მხოლოდ ბავშვები არ ხდებიან. რამდენიმე წლის წინ, სერიალ „გაქცევის“ (Prison Break) უზომო პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მსახიობი ვენტვორტ მილერი გახდა. განსაკუთრებული როლის, ცისფერი თვალების და დაკუნთული, ტატუირებული სხეულის დამსახურებით, მილერი მალევე იქცა მაყურებლების ფავორიტად. რამდენიმე დღის წინ კი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა მისი ორი ფოტო. კოლაჟი ერთ-ერთმა პოპულარულმა ბრიტანულმა გასართობმა ვებსაიტმა The LAD Bible-მა გაავრცელა და მასზე მსახიობი ჯერ სერიალის გადაღებების დროინდელ ფორმაშია, შემდეგ კი - წონაში საგრძნობად მომატებული. ფოტოს თან ერთვოდა სათაური - „როდესაც ციხიდან გაიქცევი და მაკდონალდსის მონოპოლიას აღმოაჩენ“.

რამდენიმე დღეში, მსახიობმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა: „დღეს აღმოვაჩინე, რომ ინტერნეტ-მემეს სუბიექტად ვიქეცი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ გამორჩეულია ყველა დანარჩენი წინა შემთხვევისგან. 2010 წელს, კარიერისგან სანახევროდ ჩამოშორებული, სხვადასხვა მიზეზის გამო, ნაკლებად ვჩნდებოდი საჯარო სივრცეში. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ვიყავი თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი [...] დეპრესიისგან ბავშვობიდან მოყოლებული ვიტანჯებოდი. ეს არის ბრძოლა, რომელიც პირადად მე უამრავი დროის, შესაძლებლობების, ურთიერთობების და უძილო ღამეების ფასად დამიჯდა [...] 2010 წელს, ჩემი ზრდასრული ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში, ყველგან და ყველაფერში იმედს, ნუგეშსა და ყურადღების გადატანის შესაძლებლობას ვეძებდი. საბოლოოდ ეს აღმოჩნდა საკვები. [...] ახლა როდესაც ვუყურებ ჩემს წითელმაისურიან ფოტოს, იშვიათი ღიმილით ჩემს სახეზე, მახსენდება ჩემი ტანჯვა, ჩემი ამტანობა და გამძლეობა სხვადასხვა დემონთან პირისპირ შეხვედრისას [...] პირველად, როდესაც სოციალურ ქსელებში ეს მემე ამომიხტა, უნდა ვაღიარო, რომ სუნთქვა შემეკრა, იმდენად მეტკინა გული. თუმცა, როგორც წესი, ფაქტებს ჩვენ თავად ვანიჭებთ მნიშვნელობებს და გადავწყვიტე, რომ ჩემი ფოტოსთვის მიმენიჭებინა სიძლიერის, იარების მოშუშებისა და პატიების მნიშვნელობა“.

მილერის პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, The LAD Bible-მა ბოდიში მოიხადა, ფოტოები წაშალა და საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ მენტალური ჯანმრთელობა არ არის ის თემა, რაზეც უნდა იხუმრო.

ხშირად ამგვარი შემთხვევების პირველადი წყარო მეინსტრიმ მედიაა, შემდეგ კი ბულინგი სოციალურ ქსელებში გრძელდება. სულ რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" 9 აპრილთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა და წამყვანმა შეშფოთებული სახით გვითხრა, რომ ახალი თაობიდან „ბევრმა არც კი იცის, რამხელა ფასი გადაიხადეს ადამიანებმა ამ თავისუფლებისთვის“. ქუჩის გამოკითხვაში ნაჩვენები არასრულწლოვნების ნაწილმა არ იცოდა, რას უკავშირდებოდა 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში. ვიდეო მოჭრეს, ატვირთეს ინტერნეტში და ატყდა გნიასი. Facebook-ის მომხმარებლების ნაწილისათვის ეს ვიდეო საკმარისი გახდა თაობაზე ხელის ჩასაქნევად, მეორე ნაწილში გამოკითხვამ ეგზისტენციური ჩივილები გამოიწვია და საბოლოო ჯამში, ინტერნეტსივრცე კიდევ ერთხელ გაჯერდა ბავშვების მისამართით გინებითა და სიძულვილის კომენტარებით. ვოქს-პოპის გულუბრყვილო შეკითხვიდან და არაფრისმომცემი შინაარსიდან კი მხოლოდ ინტერნეტში ამონთხეული ბოღმა დარჩა. მედიასაშუალებების ეს არაერთხელ ნაცადი, უკვე კარგად აპრობირებული პრაქტიკა აქამდეც ხშირად გამხდარა ვირუსული ვიდეოების წყარო. ექსტრემალურ სიტუაციაში ცოდნის გადამოწმების და სკოლის ბოროტი დირექტორის როლის მორგება ერთგვარი გარანტიაა, რომ შენს მასალას ბევრი ადამიანი ნახავს ინტერნეტში. თუმცა ვოქს-პოპის არარეპრეზენტაციულობის ამბავი იქით იყოს.

დიდი ალბათობით, კიბერბულინგი ინტერნეტის პენეტრაციისა და მოხმარების ზრდის პირდაპირპროპორციულად ჩვენთანაც გაიზრდება, რაც არაერთი მოზარდის თუ ზრდასრულის პრობლემად იქცევა. ჯესი სლოტერის მსგავსი შემთხვევები ჩვენთან საჯაროდ ცნობილი ჯერ არ გამხდარა (რაც არ გამორიცხავს, რომ მომხდარიყო), მაგრამ ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ონლაინ ზიზღთან“ გამკლავებაზე ზრუნვა ჩვენთანაც სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს.

ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ