ქ-ნო მაია, გულთგონთხართა?
16.04.2016
გასულ ხუთშაბათს პირველად დავფიქრდი, რომ შეიძლება სტალინისტი იყო, მაგრამ ეს სულაც არ იყოს ტრაგედია, ვინაიდან შეიძლება უფრო უარესი რამეც დაგემართოს. მაგალითად, იყო გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. გასულ ხუთშაბათს პირველად მომინდა მაია ასათიანის გაცნობა და კიდევ ერთხელ დარწმუნება, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არსებობს და მის ნაცვლად ტელეეკრანიდან არ გვესაუბრება ჰოლოგრამა, რომელსაც არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამა მართავს.

„პროფილის“ ეთერში გასვლის შემდეგ, Facebook-ზე მთავარი ვნებათაღელვა გადაცემის პირველმა ბლოკმა გამოიწვია, სადაც ორი სტალინისტი ორთოდოქსი ამტკიცებდა, რომ იოსებ ბესარიონის ძე წმინდანია და რომ მისი ადგილი მართლმადიდებელ წმინდანთა პანთეონშია. მათ შორის ერთ-ერთის, ყოფილი სასულიერო პირის, ამჟამად ეკლესიიდან განკვეთილ მიტროპოლიტ ილარიონის შესახებ წმინდა სინოდმა ოდესღაც დაასკვნა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თუმცა ილია მეორის პატრიარქად არჩევის მოწინააღმდეგე ყოფილი ეპისკოპოსის შესახებ სინოდის დასკვნა ისეთივე სანდო შეიძლება იყოს, როგორც მაია ასათიანის გაკეთილშობილების მითი, რაზეც ადრეც გვისაუბრია. სინამდვილეში, პრობლემის თავი და თავი არა ამა თუ იმ ადამიანის გადაცემაში მოწვევა, არა ამა თუ იმ ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, არამედ კონტექსტი და წინასწარგანზრახულობაა. სინამდვილეში, არავინ იცის მიტროპოლიტი ილარიონი ფსიქიკურად ჯანმრთელია, უბრალოდ კარგი მსახიობია თუ სულაც მარსიდან სპეცმისიით მოგზავნილი უცხოპლანეტელი. ამიტომ გადაცემის ნაკლზე საუბრისას, უმჯობესია ადამიანის დიაგნოზირების ნაცვლად, თავად მედიაკონტენტის ლაფსუსებზე ვისაუბროთ, რადგან ერთადერთი რამ, რაც რუსთავი 2-ის ეკრანიდან გასულ ხუთშაბათს არაადეკვატურად ჩანდა, ამავე გადაცემის წამყვანის შეცხადებები, გატყორცნილი შეკითხვები, ისტერიკა, ბოდიშები და საკუთარ თავთან წინააღმდეგობები იყო.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ინტენსიური კომუნიკაციების ბუნებიდან გამომდინარე, ყველაზე ცხადი ჭეშმარიტებებიც კი მყისიერად, ყოველგვარ ღირებულებებს მოკლებულ ბანალურობებად იქცევა ხოლმე. გასულ წლებში მედიებში ისტერიკულად გამეორებული არგუმენტი „40 კილომეტრში რუსის ჯარია“ ან კიდევ უფრო ახლო წარსულში ყველა ბრუნვაში ნახმარი „სამართლიანობის აღდგენის“ იდეა, ამის საუკეთესო მაგალითებია. ცნებათა და იდეათა ხშირი, ისტერიკული და ზედაპირული გამეორება ამ ცნებების და იდეების დევალვაციას იწვევს და საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული პრობლემების კომიკური ინტერპრეტაციები შეგვრჩება ხოლმე ხელში. ზუსტად ეს საფრთხე შექმნა „პროფილმა“ ამ გადაცემით.

„უნდა შერაცხონ თუ არა სტალინი წმინდანად?“ - ელემენტარული საღი აზრი სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ქალაქ გორში ამ შეკითხვის დასმით, ვინმეს განწყობას კი არ აღწერ ან დესკრიფციას კი არ აკეთებ, ძალაუნებურად ლეგიტიმაციას ანიჭებ ნონსენსს. ნაცვლად იმისა, რომ ხუთშაბათ საღამოს საუკეთესო საეთერო დრო თუნდაც საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრების პრობლემას, სტალინის ფიგურის გაანალიზებას დაუთმო, რეალობის გამარტივებას და ფანატიკოსებზე ფეხის შეწმენდით, პრობლემის მოგვარების ილუზიას ქმნი. თუმცა გასაგებიცაა, ზუსტად მაგ დროს კონკურენტ არხზე გია ჯაჯანიძე საოცრებებს სჩადის - მკითხაობს, მჩხიბაობს, შამანობს, კისერზე მუთაქის „ჩიხოლს“ იხვევს, ხაშურის ბაზარში „შურს“, „ხაშს“ და ხაშურს შორის კორელაციას ეძებს, კუბოში წვება (არ გეგონოთ რომ ვტყუოდე, უკვე მეორედ წვება გადაცემის მსვლელობისას კუბოში). ჰოდა რამე უარესი თუ არ დაუპირისპირე გიას ფანტაზიას, ფაფუ რეიტინგი.

თუმცა მაია ასათიანს ნამდვილად ეკუთვნის მადლობა. მან დანერგა ახალი სტანდარტი თუ როგორ უნდა უკივლო, უყვირო და უღრიალო სტუმრებს, დაადგე თავზე და ისტერიკულად აბაკუნო ფეხები, ვიდრე გულმხურვალე სტალინელი არ გეტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ოკუპაცია ცუდია, „პუტინი რუსეთის კაცია“ და ა.შ. რესპონდენტების აღზრდა სრულიად ახალი სიტყვაა არა თუ ჟურნალისტიკაში, არამედ პედაგოგიკაშიც.

„22 წელია ჟურნალისტი ვარ და მგონი, პირველად გამოვედი წყობიდან“ - ასე მოუბოდიშა ასათიანმა აუდიტორიას და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო ტემპერატურის შესანარჩუნებლად გადაცემისთვის ცეცხლის შენთება. ზოგადად კი, ბოდიშის მოხდის არსი შეცდომის გააზრებას და არგამეორებას უკავშირდება. სამწუხაროდ, მისი 22-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება მხოლოდ ერთ რამეში ჩანს - მას უდიდესი ვირტუოზულობით გამოსდის ბუზის სპილოდ ქცევა, ფანტომების გამოგონება და მერე ამ ყველაფერზე ისეთი დრამის მოწყობა, რომ საბოლოოდ თავადაც კი იჯერებს, რომ „პროფილით“ საზოგადოებაში საყოველთაო კათარზისს უწყობს ხელს. ასეთივე სპილოდ აქცია გასულ ხუთშაბათს მან რამდენიმე გორელის ნახევრად რელიგიური, ნახევრად ეროტიკული და სტოკჰოლმის სინდრომით გაჯერებული სიყვარული სტალინისადმი. მიტროპოლიტმა ილარიონმაც კი უთხრა, „ორიოდე ადამიანი“ ვართ ვინც ასე ვფიქრობთ და ამ თემაზე სასაუბროდ აქ რომ მოგყავართ, ცოტათი გონიერი მაინც უნდა იყოთო.

გადაცემის დასასრულს, სტალინის ძეგლზე საუბრისას, ასათიანმა თავადვე დასვა მთავარი შეკითხვა, თუმცა არასწორ ადრესატთან, ვინმე არჩილ ჭყოიძესთან: „რა დროს ეს ქვის კერპია? გულწრფელად გეკითხებით, ქვეყანაში, სადაც მოსახელობის ძალიან დიდი ნაწილი შიმშილობის ზღვარზე იმყოფება, თქვენ თვლით, რომ აი ეს ქვის კაცი სად იდგება და სად არა, ეს არის მთავარი სამსჯელო თემა ახლა, წინასაარჩევნოდ?“

სინამდვილეში ეს შეკითხვა ასათიანს საკუთარი თავისთვის უნდა დაესვა, ვიდრე გადაცემის მომზადებას დაიწყებდა. ჰოდა, მაია, რა დროს ეს ქვის კერპია? გულწრფელად გეკითხებით, ქვეყანაში, სადაც მოსახელობის ძალიან დიდი ნაწილი შიმშილობის ზღვარზე იმყოფება, თქვენ ფიქრობთ, რომ აი ეს ქვის კაცი სად იდგება და სად არა, ეს არის მთავარი სამსჯელო თემა ახლა, წინასაარჩევნოდ?

პ.ს. ქ-ნო მაია, ტერენტი გრანელი ჭლექმა მოკლა და არა სტალინმა.

პ.პ.ს. ქ-ნო მაია, გულთგონთხართა?

ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ