06.05.2016
დაცინვის მონეტიზების და "ჰუმანიტარული პორნოთი" ვაჭრობის ისტორია ჩვენს ქვეყანაში სათავეს ადრეულ 90-იანებში იღებს და მისი ფესვები დღევანდელი “X-ფაქტორისა” და „ახალი ხმის“ პრემოდერნულ წინაპრამდე „ა ტალანტამდე“ ჩადის. დროსთან ერთად განვითარდა ტექნოლოგიები, დაიხვეწა ფორმები, სატელევიზიო გრაფიკა, საზღვარგარეთიდან შოუების გადმოკოპირების ტექნიკა და ტელევიზიების მადა. თუმცა დამოკიდებულება მაყურებლისა და შოუს მონაწილეების მიმართ „ა ტალანტის“ ეპოქას გამოეკონწიალა.
საიმედოს ვერაფერს ვიტყვით ტელევიზიებში ჟიურის წევრებად მიწვეულ (ზოგი ჩადგმით, ზოგი არხიდან არხზე ჩამოტარებით) პერსონებზეც, რომლებსაც შესაძლოა არც ხმა ჰქონდეთ, არც სმენა, არც გამოცდილება, მაგრამ აქვთ მთავარი - კომპეტენტური სახით შეურაცხყოფის მიყენების უნარი და ულევი ამბიცია. ხოლო ფაქტი, რომ მსგავსი შოუები გამარჯვებულებზე მეტად დამარცხებულების და მათი დაცინვის ხარჯზე ხდებიან რეიტინგულები, დიდი ხანია ეჭვს არ იწვევს. არავის ახსოვს ვინ გახდა მეორე „ჯეოსტარის“ ან პირველი „ნიჭიერის“ გამარჯვებული, სამაგიეროდ ყველას ახსოვს „დშნ-დნნ“ და სოსო ნარიმანიძე.
ბრიტანული ტალანტ შოუების პატრიარქის საიმონ კოუელის გავლენით და არც ისე ნიჭიერი მიბაძვით, ქართული შოუების მამამ, ნიკა გვარამიამ და ძემ, გიორგი გაბუნიამ მონაწილეთა და მაყურებელთა ემოციებით მანიპულირების ახალ-ახალი ტექნიკა დანერგეს და როგორც გვარამია იტყოდა, „cool-ობის“ მათ მიერვე დაწესებული თამასა წელს კიდევ უფრო მაღლა ასწიეს, რითაც კიდევ უფრო რთული შესადავებლები გახდნენ. მაგალითად, „ნიჭიერის“ გასული სეზონებისგან განსხვავებით, წელს, „X-ფაქტორში“ ჯერჯერობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის არ დაუცინიათ. არც მონაწილეთა გენდერული მიკუთვნებულობითა და სექსუალური პრეფერენციებით დაინტერესებულან ამ დრომდე. თუმცა ჭირმა თავი ამჯერადაც ვერ დამალა და არხზე, სადაც ალა პუგაჩოვას, ლაიმა ვაიკულეს და ლეონიდ აგუტინს საახალწლოდ აქავერებენ ხოლმე, ამავე არხის დირექტორმა ერთ-ერთ მონაწილეს სულ ირინა ალეგროვა და რესტორნის მომღერალი უძახა. მართალია საახალწლოდ ისევ რესტორნებიდან მოუწევთ ნახევრად უმუშევარი მომღერლების ჩამორიგება ნანუკასთან, მაიკოსთან, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად სადარდებელი ამბავია. გაცილებით უფრო დრამატული ის უნდა იყოს, როდესაც კონკურსში ბედის საცდელად მისული ადამიანისთვის, ვინმე, თუნდაც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის დირექტორი, შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს.
ზემოხსენებული შოუების ჟიურის წევრთა უმეტესობის მსგავსად, ვერც მე დავიკვეხნი მუსიკალური ნიჭით ან ცოდნით, ამიტომ არც შევეცდები იმის გარჩევას, თუ რომელი მონაწილეა უკეთესი მომღერალი ან პოტენციური ვარსკვლავი. უბრალო მაყურებლის თვალისთვისაც კი შესამჩნევია, რომ საკმარისია ბიოგრაფიაში მოგეპოვებოდეს რაიმე სახის ტრაგიკული ისტორია - ვინმეს გარდაცვალება, სამედიცინო დიაგნოზი, სოციალური სიდუხჭირე და ა.შ. ან შენი მკერდის თუ უკანალის ფორმა სტატისტიკურ ქართველ ოღრაშს პირში ნერწყვს უყენებდეს - შენ აუცილებლად აღმოგაჩნდება “X-ფაქტორი”. გარნირად სიუჟეტის შაბლონებიც არსებობს და ამაში, ძირითადად, ჩამავალი მზის ფონზე, ფარდასთან სევდიანი მზერით მდგომი მონაწილე ან მადონას „სერვიზით“ ჩაის მირთმევისა თუ „ნაპოლეონის“ ჭამის ოჯახური ტრადიციები იგულისხმება. მთელი ეს სიყალბე კი, გვარამიას დეკორატიული წამოხტომებით და ნიჟარაძის თეატრალური შეკივლებებით, ალბათ ასეთი დამღლელი არ იქნებოდა, ბუნებრიობის ოდნავი ნასახიც რომ დაეყოლებინათ შოუს რეჟისორებს.
ე.წ. მუსიკალური საპნის ოპერების ასეთი პოპულარობა მხოლოდ ჩვენი სახადი არ არის და მათ ასეთ წარმატებას ხშირად ადამიანის ბუნებას უკავშირებენ და ამტკიცებენ, რომ ეს ჩვენი ხასიათის ნაწილია, მოგწონდეს საღამოს სავარძელში მოკალათება და ტკბობა სხვისი წარუმატებლობით ან კონკიას მორიგი ისტორიით, რომელიც ლესიჭინედან დედაქალაქში ბედის საძიებლად ჩამოვიდა. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს მართლაც ასეა, გაცილებით უფრო რეალურია ადამიანების ბუნების ნაცვლად, მაყურებელმა ტალანტ შოუების და ჟიურის წევრების მონაწილეებისადმი დამოკიდებულების შეცვლა მოითხოვოს.