როგორ მოიპარა მედიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
09.06.2016
დიდი ხანია ბიზნესმენებმა და პოლიტიკოსებმა ბავშვებს 1-ლი ივნისი მოპარეს. მათ მთავარ თანამზრახველად კი არც მეტი, არც ნაკლები მედიასაშუალებები იქცნენ.

უკვე სამი წელია, UNICEF-ისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების მონიტორინგს ვაკეთებთ. წლიდან წლამდე ტენდენციები უმნიშვნელოდ იცვლება, თუმცა უფრო მსხვილი მასშტაბით თუ შევხედავთ, სიტუაცია ცალსახად გამოსწორებულია. მაგალითად, თუკი 10 წლის წინ რთული იყო იმის ახსნა თუ რატომ არ უნდა გაამხილო, რომელი რაიონის რომელ სოფელში კონკრეტულად რომელი მცირეწლოვანი გააუპატიურეს ან რატომ არ შეიძლება, რომ ომის მსხვერპლ ბავშვს თავიდან გაახსენებინო როგორ დაეღუპა თვალწინ დედა, თავად კი კიდურები დაკარგა, დღესდღეობით ასეთ გამიზნულ თუ უნებლიე ბოროტებას ქართულ მედიასივრცეში იშვიათად შეხვდებით. იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს „ინვალიდებს“, „დებილებს“, „დაუნებს“ და „აუტისტებს“ უწოდებდნენ. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, თავი იჩინა ახალმა პრობლემებმა. პროფესიული სტანდარტის შიშით, ჟურნალისტები ან საერთოდ თავს იკავებენ ბავშვთა საკითხებზე მასალების მომზადებისაგან ან ისე ამზადებენ, რომ არასრულწლოვნის ნაცვლად კადრში მხოლოდ ე.წ. „ბლარები“ მოძრაობენ.

ბავშვთა საკითხების გაშუქების კუთხით, გამოსწორებულ და ახლად გაჩენილ პრობლემებთან ერთად არსებობს საკითხები, რომლებიც თითქმის არ იცვლება. ამის საუკეთესო მაგალითია ყოველი წლის 1-ლი ივნისი. გია ვოლსკიდან დაწყებული, „ვენდისითა“ და „ჯინო ფერედაისით“ დამთავრებული, ყველა პოლიტიკოსი, ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა ბიზნესმენი თუ კომპანია სწორედ 1-ლ ივნისს გარდაისახება სანტა-კლაუსად. მათი პიარ სამსახურები წერენ გრძელ-გრძელ პრესრელიზებს, რომლებიც შემდეგ უაპელაციოდ ხვდება ქართულ მედიასაშუალებებში. პრესრელიზებში წაიკითხავთ ამბებს, თუ როგორი კეთილები არიან ქართველი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები; რამდენი კილოგრამი ნუგა-კანფეტი დაარიგეს ამა თუ იმ თავშესაფარში; რამდენი ჰამბურგერი შეიჭამა ამა თუ იმ სწრაფი კვების ობიექტში; რამდენი ბუშტი გაბერა რომელიღაც გამგებელმა და რამდენი ხელი ტანსაცმელი მიუტანა რომელიღაც პარლამენტარმა სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს. საბოლოოდ, 1-ლი ივნისის მოგონებად მომავალი წლის 1-ლ ივნისამდე რჩებიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მერები, გამგებლები, მარკეტინგი, პიარი, ბუშტები, საქანელები და „მეტი პოზიტივი“, ფონად კი ბავშვები.

სინამდვილეში ამ დღის სრული სახელია - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ქვეყანაში, სადაც ყოველი მე-4 ბავშვი შიმშილობს და უფრო მეტი სრულფასოვან კვებას ვერ იღებს, სადაც განათლების სფერო ფაქტობრივად ჩავარდნილია, სადაც ბავშვები კვლავაც ჯეინ ეარის დროინდელ თავშესაფრებში ცხოვრობენ, ვერაფერს გეტყვით, რისგან იცავენ ამ ბავშვებს პოლიტიკოსები და ბიზნესები ერთი დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებებით. მაგრამ იმას, რისი მომსწრენიც 1-ლ ივნისს (და არა მხოლოდ ამ დღეს) მედიაში ვართ, პროფესიულ ლექსიკონში თავისი სახელი ჰქვია - ჩურნალიზმი. ეს ტერმინი პირველად BBC-ის ჟურნალისტმა ვასიმ კარიმმა გამოიყენა და ის ჟურნალისტიკის იმ მიმართულებას აღწერს, რომელმაც ზენიტს ინტერნეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ზეობის ხანაში მიაღწია. საუბარია ჩვენშიც ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკაზე, როდესაც რეპორტიორებს ფაქტობრივად „მაუსის“ ფუნქცია აკისრიათ და ვებგვერდებზე მხოლოდ პრესრელიზებიდან თუ ოფიციალურად წინასწარ გამზადებული მასალებიდან „დაკოპირებულ“ ამბებს შეხვდებით.

სწორედ ჩურნალისტები გახდნენ ქართველი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მთავარი თანამზრახველები 1-ლი ივნისის ბავშვებისთვის მოპარვისა და პიარის კეთების საერთაშორისო დღედ ქცევაში. რა თქმა უნდა, სიმარტივე მიმზიდველია, არაფერი უდგას წინ პიარში წასული ყოფილი ჟურნალისტის დაწერილი ტექსტის საიტზე გადატანას, თუმცა დროდადრო, ალბათ საკუთარ თავებს უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ 1-ლ ივნისს მოტინგიცე პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო იშიმშილებენ ბავშვები 2 ივნისს, რომ მომავალ წელსაც, სწორედ ეს ბიზნესმენები შემოგვასაღებენ ქველმოქმედებას სოციალურ პასუხისმგებლობად, რის ხარჯზეც მხოლოდ მათი კომპანიების შემოსავლები გაიზრდება. 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ნაცვლად, ისევ ბავშვთა ზოოპარკში წაყვანის დღე გვეგონება. ჩვენ კი ისევ „მაუსებად“ დავრჩებით.

ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ