ჟურნალისტებთან ურთიერთობის ანა-ბანა
22.08.2016
სულ ბოლოს დათო მჭედლიძეს არ გადააღებინეს, ხელი აუკრეს კამერაზე, იმის წინ ვარლამ წიკლაური ფაქტობრივად, გამოაგდეს თვითმმართველობის შენობიდან, უფრო ადრე რუსთავი 2-ის ოპერატორს გაარტყეს, კორცხელისმაგვარ ამბებს, აი გინება და ქვა რომ ერთდროულად მოდის, აღარ გავიხსენებ, ასეთ დროს შედარებით ნათელია ხოლმე და ძალადობაც ადვილი დასაგმობი. აღარც იმას ჩავყვები ხან მანქანის დასაჯახებლად რომ გაიწევენ და ხანაც სავახშმოდ შესულ ჟურნალისტს მაგიდას უტრიალებენ.

მოძალადეები სხვდასხვები არიან, პოლიციელი, ადგილობრივი თვითმმართველობის რომელიღაცა დეპარტამენტის რომელიღაცა თანამშრომელი, აქციის მონაწილე, გაბრაზებული მოქალაქე, პარტიული თუ უპარტიო. აი ასე, მოუნდებათ და ხან კამერაზე აუკრავენ ხელს, ხან დაუყვირებენ, ხან გამოაგდებენ, ხან ჩაარტყამენ თითქოს ჟურნალისტები პირადი საქმისთვის ყოფილიყვნენ მისულები.

აბა საჯარო მოხელისთვის არ აუხსნიათ ანგარიშვალდებულების პრინციპები. პოლიციელს კი აი იმ ფორმით მინიჭებული ძალაუფლება სძლევს ხოლმე. არც ის იქნება უცნაური სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი რომ არ ჰქონდეს წაკითხული, იქ წერია, ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა რომ ისჯება. ამათ შემდეგ რა გასაკვირია რიგითმა მოქალაქემაც რომ არ იცის, რატომ არ უნდა შეუშალოს ხელი ჟურნალისტს. არ უნახავს ვინმე ამის გამო დასჯილი.

ეგ კი არა, ხელშეშლა რა არის, ხშირად ამაზეც დავობენ. შტატივი დაკეცილი, ინტერვიუ უკვე დასრულებული იყო თუ არა და აშ. მიდის დეტალებში ჩაღრმავება. ბოლოს იქამდე დავიდა დისკუსია, თუ ნაცემმა მასალის გადარჩენა და ეთერში გაშვება მოახერხე, ხელშეშლა აღარ არის, ცემის მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიებაო, იმ თემაზე მუშაობის შიში თუ გაგიჩნდა, საერთოდ ჟურნალისტობა თუ აღარ მოგინდა ამ ამბის მერე, აღარავის აინტერესებს. სხვანაირად მოაზროვნე ხალხია იურისტები.

ამასწინათ მირჩიეს, გზამკვლევი გააკეთე სამართალდამცავებისთვის როგორ ეურთიერთონ მედიას. დავფიქრდი, რა შეიძლება ჩამეწერა ამ დოკუმენტში გარდა ერთისა - ჟურნალისტები საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმყოფებიან ადგილზე და არა პირადი ინტერესის გამო, ისინი ისევე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას როგორც თქვენ, თუ კანონს არღვევენ, ხელს გიშლიან, არ შეიძლება გადაღება, მაშინ აუხსენით, არ დაუყვირთო და არ ჩაარტყათ - მეთქი, სხვა რა უნდა დამეწერა.

ძალიან სევდიანი ამბავია, ეს ძალიან ლოგიკური რამე რომ ასახსნელი გვაქვს ვინმესთვის. საჯარო მოხელეებისთვის რომ გვაქვს სათქმელი მედიის კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულების შესახებ, მოქალაქეებს რომ უნდა გავაგებინოთ, მედიის ბრალი არ არის მათი პრობლემები. არადა რამდენჯერ მოუსმენიათ კრიმინალი კი არ გაიზარდა, მედია აშუქებს ასე, ნეპოტიზმი არ ყოფილა, ინტრიგანმა ჟურნალისტმა მოიგონა, ტენდერი წესის მიხედვით ჩატარდა, მედია ვიღაცის ინტერესს ატარებს, იმიტომ გამოჩხრიკა ეს ამბავი და ასე დაუსრულებლად. ყველაფერი ხშირად ჟურნალისტებს ბრალდებათ. მოდი და გაგიკვირდეს ახლა მათ მიმართ წასული აგრესია.

ამიტომაც სანამ ამგვარი რიტორიკა მედიის მიმართ არ შეიცვლება, სანამ ძალიან ცალსახა და მკაფიო მესიჯი არ მივა საზოგადოებამდე, რომ ჟურნალისტისთვის ხელშეშალა არ შეიძლება არამხოლოდ იმიტომ, რომ კანონით არის აკრძალული, არამედ იმიტომ რომ ინფორმაციის მიღების გარეშე უბრალოდ ვერ ვიარსებებთ, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ პოზიტივი არ არის და შესაძლებელია მავანთათვის უსიამოვნოც იყოს, მანამდე ყოველთვის იქნება კამერის დამტვრევის და დარტყმის არც თუ იშვიათი შემთხვევები.

იყო ერთი ამერიკელი სოციოლოგი და პოლიტიკოსი - დანიელ მოინიჰანი, რომელმაც თქვა - „თუ ქვეყნის გაზეთები ივსება კარგი ახალი ამბებით, იმ ქვეყნის ციხეები ივსება კარგი ადამიანებით“. ჭკვიანი კაცი იყო დანიელი.

ბლოგის ავტორი : ნატა ძველიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ