რუსთავი 2-ის საქმე „ცეცხლის ხაზზე“
10.03.2017
2017-03-10 „ცეცხლის ხაზი“ - ასე ჰქვია ტოკ-შოუს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს ეთერში“, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს გადის. გადაცემის წამყვანები არიან მაგდა ანიკაშვილი და ვაკა გორგილაძე. ლიბერალი და კონსერვატორი - სწორედ ასე აცნობენ წამყვანები მაყურებელს საკუთარ იდეოლოგიურ კუთვნილებას. გადაცემის ფორმატიც სწორედ განსხვავებული იდეოლოგიებისა და შეხედულებების მქონე ადამიანების კამათს გულისხმობს.

7 მარტს გადაცემის სადისკუსიო თემა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება იყო.

გადაცემის ე.წ. ქუდში თემა შემდეგნაირად დაანონსდა - „სამართლიანი იყო თუ არა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2 - თან დაკავშირებით?“. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობას ეხებოდა ინტერაქტივის შეკითხვაც.

გადაცემის სტუმრები იყვნენ: ისტორიკოსი - გიორგი ოთხმეზური, ადვოკატი - გელა ნიკოლეიშვილი და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი - ნოდარ ხარშილაძე. სწორედ ისინი მსჯელობდნენ, რამდენად სამართლიანი იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

მაყურებელთან მისალმების შემდეგ, გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ვაკა გორგილაძემ თემის წარდგენისას ორჯერ და გადაცემის მსვლელობისას, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს „მორიგე მოსამართლემ შეაჩერა“, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ წამყვანი თითქოს, ევროსასამართლოს განჩინების დაკნინებას ცდილობდა. მან განმარტა, რომ ამ განჩინებამ „უფრო დაძაბა ვითარება საქართველოში, ვიდრე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ“, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ვითარების უფრო დაძაბვაში და რა კონკრეტული ფაქტებით დასტურდებოდა „ვითარების უფრო დაძაბვა“.

წამყვანმა ვაკა გორგილაძემ „რუსთავი 2 - ის" მხარდამჭერი სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო სექტორი, „მარიონეტულ პოლიტიკურ პარტიებად“ და „იდეოლოგიზირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებად“ მონათლა. მან მიმდინარე პროცესი მათსა და სამართლიანობის აღდგენის მომხრე მოსახლეობას შორის წარმოქმნილ უფსკრულად შეაფასა. თუმცა, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა წამყვანმა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მომხრე ხალხის სახელით საუბარი და რატომ მიაწერა, მათ რომ სამართლიანობის აღდგენა მათთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2 - ის“ სწორედ ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნებას ნიშნავს.

გადაცემაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს წამყვანი კიდევ ორჯერ შეეხო. მისგანვე შევიტყვეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკოსების, ექსპერტების ნაწილი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები სამართლიანობის აღდგენის პროცესს ეწინააღმდეგებიან და ეჭვის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე ორი ინსტანციის გადაწყვეტილებასაც. რაც, მისივე შეფასებით, არის სივრცის დელეგიტიმაციის მცდელობა. მან ერთ-ერთ სტუმარს შემდეგი კითხვითაც მიმართა - „როდის უნდა ვცეთ პატივი საკუთარ სასამართლოს? ცხრავე მოსამართლემ ერთმნიშვნელოვნად მიიღო გადაწყვეტილება. რატომ ვაყენებთ ეჭვის ქვეშ ამ გადაწყვეტილებას?“

გადაცემის მსვლელობისას წამყვანი ვაკა გორგილაძე აგრესიული ტონით აქტიურად ცდილობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაეკავშირებას. მან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკურ გამარჯვებადაც შეაფასა. მანვე „რუსთავი 2 - ის“ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების დამსახურებას და იმ მიზანმიმართულ საინფორმაციო პროპაგანდის შედეგს მიაწერა, რომელსაც, მისი თქით, „რუსთავი 2“ აწარმოებს.

წამყვანი არც ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას მოერიდა. „რუსთავი 2“ არის პარტიული ტელევიზია, არის პარტიის საკუთრებაში, ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს. ძალიან ხშირად საუბრობენ არაფორმალურ მმართველზე, მაგრამ ავიწყდებათ არაფორმალური ფლობა ამ ტელევიზიის. პარტიული ტელევიზია, რომლის მიზნებიც, ამოცანებიც იდენტურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებთან და ამოცანებთან. ანუ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის დესტაბილიზაცია, ბუნებრივია „რუსთავი 2- ც" არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს ქვეყნის დესტანილიზაციას“ - სწორედ ასეთი მონოლოგი შესთავაზა მან მაყურებელს. წამყვანს არც ის დაუსაბუთებია, კონკრეტულად როდის და რა მიმართულებით გამოვლინდა ტელეკომპანიის მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „რუსთავი 2 - ის" ფლობის დამადასტურებელი ფაქტები წარმოუდგინა.



კონსერვატორმა წამყვანმა ტელევიზიის მისამართით არც შემდეგი შეფასებები დაიშურა -„მედიასაშუალება, რომელიც იტყუება, აპრავებს, მკვლელობას, წამებას, მალავს ფაქტებს, იმ საშინელებებს, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, პენიტენციალურ სისტემაში“.

მანვე, ასევე სრულიად გაუგებრად და უკონტექსტოდ ლტოლვილთა ბანაკების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხდებაც გაიხსენა, რომელიც უპრეცედენტო თავხედობად შეაფასა და თქვა, რომ აფრიკიდან და აზიიდან ლტოლვილებისთვის ბანაკების საქართველოში და არა ევროპაში შენების მცდელობით, კარგად ჩანს ევროპული ეგოცენტრიზმი. აქვე მან ისიც აღნიშნა, რომ ამის ფონზე ჩვენ ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებებს ვანო მერაბიშვილსა და „რუსთავი 2 - თან" დაკავშირებით და შემდეგი კითხვაც დასვა - „ეს ყველაფერი რა ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის გეოპოლიტიკურ არჩევანზე, ხომ არ წაახალისებს ეს პრორუსულ განწყობებს და ანტიდასავლურ რიტორიკას?“ თუმცა, წამყვანს, ალბათ, სულაც არ უფიქრია იმაზე, რომ მსგავსი ქვეტექსტებითა და ფარული მინიშნებებით, დასავლური ფასეულობებისა და ინსტიტუტების დისკრედიტაციას სწორედ თავად ახდენდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პარტიულ ტელევიზიად გამოაცხადა გადაცემის სტუმარმა ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმაც. მან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი შრომის შედეგს მიაწერა. მანვე აღნიშნა, რომ „რუსთავი 2 - ზე" სარედაქციო პოლიტიკას ყოველთვის ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები წარმართავდნენ. გიორგი ოთხმეზურმა ასევე ისაუბრა ძველი ხელისუფლების მმართველობაზე, მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ტერიტრიული მთლიანობის რღვევაზე და ა.შ. თუმცა, ის, რომ აღნიშნული საკითხი სადისკუსიო თემასთან კავშირში არ იყო, წამყვანებს არ განუმარტავთ, არც თემის დისკურსის შეცვლა და არც სტუმრის შეჩერება უცდიათ. მაშინ, როდესაც ვაკა გორგილაძე გადაცემის კიდევ ერთ სტუმართან ნოდარ ხარშილაძესთან აქტიურ დებატში შედიოდა და ხელისუფლების პოზიციების დაცვას ცდილობდა. მაგალითად ნოდარ ხარშილაძის კითხვას, აქვს თუ არა მას იმის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, ვაკა გორგილაძემ კონტრშეკითხვით უპასუხა - „და თქვენ რა ფაქტები გაქვთ, რომ ხელისუფლება ერეოდა სასამართლო პროცესში?“. ის საგარეო საქმეთა მინისტრს მინდია ჯანეილიძესაც გამოესარჩლა და ნოდარ ხარშილაძის მოსაზრებას, რომ საგარეო სამქეთა მინისტრს სტრასბურგში არაფერი ესაქმებოდა, კითხვითვე უპასუხა „იქნებ სხვა რამეზე იყო ჩასული?“

გადაცემის ყურებისას, მკაფიოდ იკვეთება ე.წ. კონსერვატორი წამყვანის უპირატესი როლი. ის აქტიურად ერთვება სტუმრებთან დებატში, ღიად აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. ამის პარალელურად, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა კონრეტული როლი აქვს გადაცემაში ლიბერალ წამყვანს მაგდა ანიკაშვილს. თუკი, ფორმტიდან გამომდინარე, ის საპირისპირო პოზიციას უნდა იცავდეს და გადაცემის კონსერვატორ წამყვანს ოპონირებას უწევდეს, ეს მას ნამდვილად არ გაუკეთებია. გადაცემის მსვლელობისას, მან მხოლოდ რამდენიმე ნეიტრალური ტიპის შეკითხვა დასვა. ის არ ჩაბმულა დისკუსიაში, არ შესულა კამათში და არც გადაცემის მეორე წამყვანისაგან განსხვავებული არგუმენტებისა და მოსაზრებების გაჟღერება, ან დაცვა უცდია.

თეგები : მიკერძოებული გაშუქება; ბალანსი;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ