08.06.2017
ეს ამბავი საგანგაშო და მნიშვნელოვანი რამდენიმე მიზეზის გამო არის, თუმცა, ამჯერად, ყურადღებას მხოლოდ სოლიდარობის აქციებში ჟურნალისტების ჩართვასა და მათ მოტივაციაზე გავამახვილებ. აქციების ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ.
ძალიან იშვიათად მახსენდება შემთხვევები, როცა ჟურნალისტებმა, თუნდაც დროებით, გვერდით გადავდეთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა, ხელში ავიღეთ პლაკატები, სასტვენები და კონკრეტული საქმის გაპროტესტება, როგორც აქტივისტებმა, ისე დავიწყეთ. ასეთი შემთხვევა მართლაც რომ თითზე ჩამოსათვლელია, მათ შორის მახსენდება ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმე და მაესტროს დასაცავად გამართული აქციები. ამ დროს გადაილახა წითელი ზღვარი აქტივიზმსა და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკას შორის. სწორედ ასეთი შემთხვევაა ჩემთვის აფგან მუხტარლის საქმე.
როდესაც On.ge-ს დამფუძნებლებთან ერთად, ახალი ნიუსრუმის ჩამოყალიბებაზე დავიწყე მუშაობა, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სარედაქციო ქცევის კოდექსის შემუშავება იყო. იმისათვის, რომ აგვერიდებინა რაიმე სახის პოლიტიკურ, ან ბიზნეს ინტერესთან აფილირება და უზრუნველგვეყო ჩვენ მიერ შექმნილი ახალი ამბების მიუკერძოებლობა, საკუთარ თავს და რედაქციას, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების პრაქტიკის გათვლისწინებით, შეზღუდვები დავუწესეთ. ასეთ შეზღუდვებს შორისაა: ძვირადღირებულ საჩუქრებზე უარის თქმა, ისეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებში საჯაროდ მონაწილეობისგან თავის არიდება, რომლის გაშუქებაც, როგორც ჟურნალისტებს, პოტენციურად მოგვიწევს, ასევე, აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე სოციალურ ქსელებსა თუ საჯარო დისკუსიებში აზრის გამოხატვისგან თავის შეკავებას.
საქართველოში, ყველაზე მეტად, ალბათ, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს იცნობენ, განსაკუთრებით პროფესიულ წრეებში. BBC სტანდარტების ერთგვარ საზომადაა მიჩნეული. BBC-ის ქცევის კოდექსი თანამშრომლებს მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრის გამოთქმას უზღუდავს, რათა დაცული იყოს ტელეარხის მიუკერძოებლობა და რეპუტაცია. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს და არ მოითხოვს ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებებისგან დისტანცირებას.
მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ეხება ჰომოფობიას, რასიზმს, კიდევ ათასნაირ ფობიას, გამოხატვის თავისუფლებასა და პროფესიულ სოლიდარობას, რესპექტაბელური მედიასაშუალება უნდა დადგეს ადამიანის უფლებების სადარაჯოზე და არ შეიძლება ამ პრობლემებთან დაკავშირებით, მიუკერძოებელი დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოს.
ჟურნალისტ მუხტარლის გატაცება ჩემთვის არის ამბავი, რომელიც, პირველ რიგში, პროფესიულ სოლიდარობას ეხება – საკუთარი საქმიანობისთვის დევნილ და შევიწროებულ ადამიანს იმ ქვეყანაში შეექმნა საფრთხე, რომელსაც მან თავი შეაფარა. მე მჯერა, რომ ეს არის ჩვენი პროფესიული ღირსების საქმე და ჩემი, როგორც ერთი კონკრეტული ჟურნალისტის როლს, ამ საპროტესტო აქციებში სწორედ ამ ღირსების დაცვაში ვხედავ. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: მე, ჩემი დღევანდელი აქტივიზმით, ვიცავ ჩემს პროფესიას, იმ სამუშაო გარემოს, სადაც ვმუშაობ, რადგან თუ ეს დღეს დაემართა დევნილ კოლეგას, ხვალ იგივე შეიძლება მე და ჩემს სხვა კოლეგებს გაგვიბედონ. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია კოლეგების მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთიანობა. სწორედ ამტომ მჯერა, რომ რაც უფრო მასშტაბური იქნება სოლიდარობა, მით უფრო დროულად აღმოიფხვრება პრობლემები.
როდესაც ერთი კონკრეტული ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა და ფიზიკური არსებობა დგება საფრთხის ქვეშ, ეს ნიშნავს, რომ პოტენციური საფრთხის ქვეშაა ყველა სხვა ჟურნალისტი და მედიასაშუალება. შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, რატომ არის ჟურნალისტის დაცვა და სოლიდარობა სხვა პროფესიის ადამიანის დაცვაზე მნიშვნელოვანი? პასუხი მარტივია: ყველა პროფესიის ადამიანის და ყველა მოქალაქის დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ, მიუკერძოებელი და არაანგაჟირებული მედიის მოვალეობაა მოქალაქეთა პრობლემებზე საუბარი, მათი წარმოჩენა და ამით, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა, რათა მათ უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოაგვარონ ეს პრობლემები. იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა შევძლოთ სხვა ადამიანებზე თავისუფლად წერა, მათი პრობლემების წინ წამოწევა და ჩვენი საქმიანობით, პასუხისმგებელი პირების იძულება, მოაგვარონ ეს პრობლემები, გვჭირდება უსაფრთხო სამუშაო გარემო, სადაც არ იქნება შიში, რომ ჩვენი კრიტიკული სტატიის, ან სიუჟეტის გამო, საფრთხეს შეგვიქმნიან. არის შემთხვევები, როცა ამის მისაღწევად მხოლოდ კრიტიკული ჟურნალისტური ნამუშევრები არ კმარა და როცა უფრო მეტი ხმაურია საჭირო – სწორედ ახლა არის ეს შემთხვევა და ჩვენი მიზანიც ესაა.
ბოლო დღეებში ერთმა ადამიანმა მედიის როლზე საუბრისას, ამერიკული მედიასაშუალება The Washington Post-ის სლოგანი შემახსენა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: “დემოკრატია კვდება სიბნელეში”. ვფიქრობ, ეს ზუსტად ასახავს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედიის როლს, რომელიც საშუალებას არ აძლევს დემოკრატიას, მოკვდეს სიბნელეში.