როგორ გავაშუქოთ ფესტივალები
19.06.2017
ალბათ, ბევრი წიგნი, გზამკვლევი და რჩევა არსებობს, როგორ გავაშუქოთ პოლიტიკური ამბები. თუმცა, როცა პოლიტიკისა და იმ სოციალური პრობლემებისგან თავს ვიძვრენთ, რომელზეც მედია ყოველდღიურად წერს, ბევრი ჩვენგანი ფესტივალებზე ატარებს დროს. ფესტივალების გაშუქებაზე კი ცოტა ფიქრობს. არადა, თითოეული ასეთი ღონისძიება ბევრ ადამიანს ეხება: ორგანიზატორებს, შემსრულებლებს (მუსიკალური ჯგუფებით დაწყებული და მეღვინეებით დამთავრებული) და როგორც წესი, უამრავ დამსწრესაც იზიდავს.

ფესტივალი კი ხალხისთვის ჯერ კიდევ დაწყებამდეა მნიშვნელოვანი. ისინი გაფაციცებით ემზადებიან, ალაგებენ ჩანთებს. ფიქრობენ, ლამაზი მაისური ეყოფათ თუ ზაფხულში ზამთრის ტანსაცმლის ჩაცმაც მოუწევთ. მზის სათვალე დასჭირდებათ თუ საწვიმარი. როგორ შეძლებენ მარტივად მისვლას ან რომელ საათზე გაუხსნიან კარებს. ამ ინფორმაციის მიწოდება ორგანიზატორებთან ერთად, მედიასაც შეუძლია. ჩვენც უნდა გადავურჩეთ ფესტივალის მეორე დღეს გრიპის წამლის სმას და სარეცხის თოკზე ფოტოაპარატების გაფენას.

ფესტივალის გაშუქებამდე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მობილურისა თუ კამერის დამუხტვა პარლამენტის მოსაცდელში უფრო მარტივია, ვიდრე უზარმაზარ მინდორში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა, ჩვენი მობილური ოპერატორის ინტერნეტი მაინცდამაინც ამ ადგილას არ მუშაობდეს. ქალაქის გადატვირთული ქუჩებიდან შორს კი “თბილისსაც არ ვეყვარებით”.

სამწუხაროდ, ჩვენი აპარატურა არც საყვარელი მომღერლების დანახვაზე გრძნობს ადრენალინის მოზღვავებას - მათ კუმირები არ ჰყავთ. ღია ცის ქვეშ კი, შესაძლოა კოკისპირულ წვიმაშიც მოგიწიოთ დგომა. ხოლო, თუ თქვენც იმ ფანებს შორის ხართ, რომელიც ყველანაირ ამინდში ბედნერია, აპარატურაზე მაინც იფიქრეთ. სანამ ქალაქიდან გახვალთ, თუ სპეციალური შალითა არა, პოლიეთილენის პარკი წაიღეთ, რომ ტექნიკას გადააფაროთ.

ალბათ, იმას გამეორება არ უნდა, რომ მეგობრების წვეულების გადასაღებადაც შეიძლება აკრედიტაცია დაგჭირდეთ. თანაც, პრესის ბარათის მიღებისას, ორგანიზატორები ღონისძიებაზე მუშაობის წესებსაც გაგაცნობენ.

თუ ტექნიკური მხარე სრულად მოვაწესრიგეთ, დროა, ფესტივალის გაშუქების შინაარსობრივ ნაწილზეც ვიფიქროთ. ჯერ უნდა გავნსაზღვროთ, ვისთვის ვწერთ ან ვიღებთ. ინტერნეტ მედიის მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ისედაც იცის, რომ ახლა ეს ფესტივალი მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ დროს, სტანდარტულ ახალ ამბავზე მეტად, ფესტივალიდან რეპორტაჟი უფრო საინტერესო იქნება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ღონისძიებას უამრავი მხარე აქვს, ჟურნალისტს კი შესაძლებლობა, სრულიად განსხვავებული კუთხეებით დაინახოს ეს ფესტივალი. უნდა ვეცადოთ, რომ მოვყვეთ ყველაფერი. ვცადოთ კრიტიკაც - მოვყვეთ რიგებზე, რომელიც საათობით გრძელდება, ან თბილ ლუდზე. გამოვკითხოთ ახლომახლო მაცხოვრებლებიც, იქნებ ვინმეს ფესტივალმა პრობლემა შეუქმნა. ჩავწეროთ რაც შეიძლება მეტი დამსწრე, მოვისმინოთ მათგან ემოციები, კრიტიკა და შეფასებები. უნდა მოვყვეთ, როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა ეს ღონისძიება, თუკი ის უკვე რამდენიმე წელია ტარდება. კარგი იქნება, შემსრულებლებისგან მოვისმინოთ, რით განსხვავდება ეს გარემო წინა წლების ან სხვა სივრცეებისგან. რამდენად კომოფრტულია გარემო, რამდენად კარგია ინფრასტრუქტურა და ტექნიკურად რამდენად გამართული ეს ფესტივალი. უნდა გვახსოვდეს, რისი ნახვა ენდომებოდა ადამიანს, რომელიც ღონისძიებას ვერ ესწრება და რა გამორჩა მათაც კი, ვინც ამ სივრცეში შეიკრიბა.

სიღრმისეულად გაშუქებისთვის მნიშვნელოვანია, რომელიმე ცნობილ რეჟისორთან, მხატვართან ან “ჰედლაინერ” ჯგუფთან მოვახერხოთ ინტერვიუს ჩაწერა. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ჩვენი მთავარი კითხვები ასეთი არ იქნება: “ხინკალი უკვე გასინჯეთ?” “ხომ არ არსებობს სხვაგან საქართველოზე ლამაზი ქვეყანა?”. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებისგან შეიძლება საინტერესო ინფორმაციის მიღება. რასაც, დაახლოებით ისეთივე მომზადება სჭირდება, როგორც პოლიტიკოსთან ინტერვიუს. მოკლედ, არც ისეა, აკრედიტაცია გავაკეთოთ და გაშუქებას რა უნდა.

უნდა ვწეროთ თავისუფლად, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. იმ ადამიანებს, რომლებიც მუსიკის ნაცვლად ისევ მანქანების საყვირის ხმას უსმენენ, ან ბუნებაში ღვინის დაგემოვნების მაგივრად, სამსახურში სვამენ მესამე ფინჯან ყავას, მაინცდამაინც არ მოხიბლავთ ჩვენი აღტაცებული კომენტარი, სტატიები და სიუჟეტები, თუ როგორ გვიხარია ამ ფესტივალზე ყოფნა. რა თქმა უნდა, კულტურული ღონისძიებები არ მოითხოვს, რომ აკადემიური სტილით ვისაუბროთ. თუმცა, ფესტივალზე ყოფნისას, არ უნდა დაგავიწყდეს, ჟურნალისტები ვართ და არა ჩვენ წინ მდგომი რიგითი დამსწრე, რომელიც სცენის ფონზე იღებს “სელფის” და წერს ზუსტად ასეთ კომენტარს.

ბევრ ადამიანს აინტერესებს ფესტივალის მზადების ან დასრულების პროცესიც. დასაწყისამდე ფანებს ერთი სული აქვთ, ნახონ, როგორ ეწყობა სცენა, როგორ ემზადებიან ჯგუფები.. თუმცა, საზოგადოებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება ღონისძიება. იქნებ გარემო დანაგვიანებული რჩება, ან ეს მინდორი ადგილორივების საძოვარი იყო, რომელიც პირწმინდად გადაითელა.

მოკლედ, ფესტივალი, როგორც წესი, გასართობი ღონისძიებაა. თუმცა, მასაც ბევრი კუთხე აქვს, სჭირდება მომზადება და დაკვირვებით გაშუქება.

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ