როგორ რეგულირდება მედია
24.12.2016
გამოხატვის თავისუფლება, როგორც ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების გარანტია, დაცულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ მიღებული საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი აქტებით. მათ შორისაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ 1950 წლის ევროპული კონვენცია (ევროპული კონვენცია) და გაეროს 1966 წლის პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (პაქტი).

ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლები ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც მას თან ახლავს ვალდებულებანი და პასუხისმგებლობა, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილებისათვის, ჯანმრთელობისა ან ზნეობის დაცვისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის“.

გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა უფრო ზუსტად ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშია განმარტებული, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაცია.

სწორედ ამ მოლოდინითაა განმტკიცებული ერთი მხრივ, მედიის უფლება - მიიღოს ინფორმაცია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხოლო მეორე მხრივ კი მოსახლეობის უფლება - მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია მედიის დახმარებით.

რადგან ჟურნალისტების პროფესიული ვალდებულებაა, გაავრცელონ ინფორმაცია საზოგადოების ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებზე, ისინი უფლების მატარებელ სპეციალურ კატეგორიაში ხვდებიან და მათი „ვალდებულებები და პასუხისმგებლობები“ უნდა დადგინდეს „დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მათი როლის გათვალისწინებით. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება), მედიის გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხი გამართლებულია მედიის _ როგორც „საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე მდგომის“ (watch dog) _ ფუნქციით.

მედიის თავისუფლება საზოგადოებას აძლევს საკუთარი, პოლიტიკური ლიდერებისაგან დამოუკიდებელი აზრებისა და შეხედულებების გამორკვევის და ჩამოყალიბების საშუალებას. განსაკუთრებით, იგი იძლევა საზოგადოებრივი აზრის ანალიზისა და მასზე რეაგირების საშუალებას.

მედიის მეშვეობით ყველას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დებატებში, რაც წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ძირითად კონცეფციას. დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობის ქმედებები დეტალურად უნდა გაანალიზდეს არა მხოლოდ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიერ, არამედ მედიაში - საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით.

ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულების დროს მედია ექვემდებარება საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ წესებს და შეზღუდვებს, რომელიც პროპორციულად უნდა იყოს გამოყენებული. ამიტომაცაა, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით განიხილავს საქმეებს, როდესაც სახელმწიფოს მოქმედებებს შეუძლია სურვილი დაუკარგოს მედიის წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ იმ საკითხების განხილვაში, რომლებზეც არსებობს საზოგადოების კანონიერი ინტერესი. ასეთი ზომები ზოგჯერ შეიძლება იყოს ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის მოძიების პროცესში, უბრალოდ, სირთულეების შექმნაც.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი (მუხლი 19) გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვან გარანტიებს ადგენს, რათა:

1. თითოეულ ადამიანს ჰქონდეს საკუთარი აზრის ფორმირების შესაძლებლობა;

2. თითოეულმა ადამიანმა თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი,სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით თუ პრესისა და გამოხატვის მხატვრული ფორმების საშუალებით ან სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანით;

3. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოხდეს კანონით დადგენილი და აუცილებელი შემთხვევებისას:

ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის;

ბ) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის დასაცავად;

საქართველოს შიდა კანონმდებლობიდან გამოხატვის თავისუფლების დაცვის უმთავრესი პრინციპები ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

კონსტიტუციით დაცული უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად კი ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.

საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლით საქართველოში ცენზურა დაუშვებელია.

გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიად მიიჩნევა ასევე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი. მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღწერილია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის სხვა საფუძვლები, რომლის თანახმადაც „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებსა ან სხვა ევროსაბჭოს კონვენცია ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ, კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

აღნიშნული ჩამონათვალი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თითოეული ფაქტი სასამართლოს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული, უნდა დადგინდეს შეზღუდვის კანონიერება და გადაუდებელი აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ამასთან ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 41-ე მუხლის ჩანაწერები განმარტებულია სხვადასხვა სამართლებრივ აქტში. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე ძირითადი რეგულაციები გაწერილია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (თავი მესამე - ინფორმაციის თავისუფლება).

საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, მედიის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:

1. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი - მიღებული 2004 წლის 24 ივნისს. აღნიშნული კანონის თანახმად, ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა:

• აზრის თავისუფლება;

• პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლება;

• რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კანონის მიღების შემდეგ ცილისწამება (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიიდან.

ამ კანონში მედია განიმარტება, როგორც მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის იგულისხმება ინტერნეტიც;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 2004 წლის 24 დეკემბერს - ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად, განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, ლიცენზირების წესსა და პროცედურებს;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 2005 წლის 2 ივნისს - ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, მათი გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს;

4. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების თარიღია 2003 წლის 12 აგვისტო. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოს მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი გადახდევინების წესსა და ვადებს;

5. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 2002 წლის 13 სექტემბერს. ამ კანონის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილი იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება;

6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებისაგან. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების თარიღია 1998 წლის 18 თებერვალი;

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 1999 წლის 22ივნისს. ეს კანონი ადგენს საავტორო უფლებების გამოყენებისა და რეგულირების წესს;

8. „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ - 2009 წელს მიიღო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ. სამართლებრივი აქტი განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს. განსხვავებით წესებისა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებისგან, პრინციპები შესასრულებლად სავალდებულოა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლოა უფლებამოსილი შეაფასოს მედიის მუშაობის სამართლებრივი ასპექტები - გამოიყენონ სანქციები და მიიღონ სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები.

„მედიაჩეკერის“ შემდეგი რუბრიკა დაეთმობა განმარტებებს იმის შესახებ, თუ როგორ და რა შემთხვევებში შეუძლია დაინტერესებულ პირს/მაყურებელს გამოიყენოს ზემოაღწერილი სამივე ბერკეტი ზუსტი ინფორმაციის მისაღებად.

ბლოგის ავტორი : ნათია კაპანაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ