განცხადებას უცვლელად არ გთავაზობთ!
25.04.2018
ახალი ამბების “სქროლვისას”, ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ მაგიური სიტყვები - “განცხადებას უცვლელად გთავაზობთ”. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მედია რომელიმე უწყების ან ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტს, წერტილ-მძიმის ჩათვლით, უცვლელად იღებს, აკოპირებს და ავრცელებს. ალბათ, ეს უცვლელი ტექსტიც არაერთხელ გაგიხსნიათ, ბოლომდე ჩაჰყოლიხართ და ვერაფერი გაგიგიათ. ასე იქცევა არაერთი სოლიდური მედია თუ ე.წ. ყვითელი პრესა.

არ ვიცი ეს შეზღუდული ადამიანური რესურსის, დროის უქონლობის თუ უბრალო სიზარმაცის შედეგია, თუმცა, ფაქტია, რომ ხშირად მასალას ხსნი და კითხვისას იმდენ გაუგებარ ინიციალსა და ტერმინოლოგიაში იკარგები, რომ ამბიდან შინაარსის გამოტანა გიჭირს. მაშინ ჩნდება კითხვა - საერთოდ რა დანიშნულება ჰქონდა ამბის ამ ფორმით მოყოლას, თუკი მან მიზანს ვერ მიაღწია და მკითხველის სათანადო ინფორმირება ვერ შეძლო?

მედიის ძირითადი ფუნქციიდან გამომდინარე, რაც უპირველეს ყოვლისა, მკითხველის, მაყურებლისა თუ მსმენელის სათანადო ინფორმირებას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა აუდიტორიას პატივისცემით მოეპყრას, კომუნიკაციაში მისთვის გასაგები ფორმით შევიდეს და ამბავიც გასაგები ენით მოუყვეს. მედია სხვადასხვა უწყების მიერ ერთდროულად ათეულობით მედიისთვის გაგზავნილი იდენტური ტექსტის უბრალო გამავრცელებლად არ უნდა იქცეს. მაშინ საერთოდ რა საჭიროა შუამავალი, თუკი იმავე ტექსტის ზუსტად იდენტური ფორმით და აქცენტებით ნახვა თავად ამბის გამავრცელებელი უწყების საიტზეც არის შესაძლებელი. განსაკუთრებული სიფრთხილე მედიას მაშინ მართებს, თუ გავრცელებული ტექსტი ადამიანის პირად ცხოვრებას ეხება ანდა მისი დისკრედიტაცია ხდება.

მკითხველისთვის ტექსტის უცვლელად შეთავაზების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მაინც პროკურატურის მიერ სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით გავრცელებული პრესრელიზებია. დამუშავების, გამარტივებისა და დამატებითი განმარტებების გარეშე გავრცელებული ასეთი ამბები, უამრავი პირობითი “გ.მ.”, “ჭ.ღ” თუ “ჩ.ძ” და იურიდიული ტერმინების სიმრავლე ამბავში გხლართავს და გაუგებრობის მორევში გაგდებს. კითხვის დასრულებისას კი ხვდები, რომ სინამდვილეში ვერაფერი გაიგე და ძვირფასი დროც უქმად დაკარგე.

თუკი მედიამ ამბავი სათანადოდ ვერ გადმოეცი და სათქმელი მკითხველამდე ვერ მიიტანე, მაშინ გამოდის, რომ შენი დანიშნულება კეთილსინდისიერად ვერ შეასრულე. ასეთ შემთხვევბში, არსებობს საფრთხე, სხვის რუპორად იქცე, რაც ჟურანალისტიკის ფუნდამენტურ მიზნებთან დიამეტრულ აცდენას გულისხმობს.

შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უწყების, ორგანიზაციის, მაღალი თანამდებობის პირის თუ განცხადების მკითხველისთვის უცვლელად შეთავაზება აბსოლუტურად მისაღები და საჭიროც კია. ეს ის გამონაკლისია, როდესაც დასახელებული ინსტიტუციებიდან წამოსული გზავნილების გაჟღერება ზუსტად იმ დროს, იმ ფორმით და იმ ფოკუსით არის საჭირო, როგორც განცხადების დედანშია ნათქვამი. გარდა ამისა, ფაქტი მყისიერ რეაგირებას ითხოვს და ტექსტის სათანადო დამუშავებისა და წინაისტორიის წარმოჩენისთვის საკმარისი დრო არ არის. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც არის პრაქტიკა, როდესაც მასალას უცვლელად აქვეყნებ, მაგრამ იქვე უთითებ, რომ ტექსტი დამუშავების პროცესშია, მოვლენების განვითარების პარალელურად ახლდება და იცვლება. საბოლოო ჯამში კი ამ ფორმით მოვლენების ირგვლივ სრული სურათი იკვრება და დამატებითი კითხვები არ ჩნდება. ასე იქცევა ყველა პასუხისმგებლიანი მედია, რომელსაც საკუთარი მკითხველის თვალში სანდოობის შენარჩუნება სურს.

ცხადია, ინფორმაციულ ეპოქაში ოპერატიულობისა და სისწრაფის შენარჩუნება მედიის არსებობისა და მისი სამომავლო განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ზოგჯერ პირველობისთვის აუცილებელი რიტმისა და ტემპის შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზე წასვლაც გიწევს. თუმცა, ამის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი გადმოცემული ამბის ხარისხი, სიღრმე, სიზუსტე და მკითხველის წინაშე არსებული პასუხისმგებლობაა, რომელიც ყველა მედიასაშუალებას აკისრია, რაც უპირველეს ყოვლისა აუდიტორიისთვის გასაგები, სანდო და ინფორმაციულად დატვირთული პროდუქტის შეთავაზებას გულისხმობს.

იმ დროს, როდესაც კონკრეტული ამბის გაშუქებისას, ოპერატიულობასა და პასუხისმგებლობას შორის წარმოშობილი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, ალბათ, მედიის თემაზე ერთ-ერთი ბოლო ფილმის The Post - ის მთავარი მოქმდი გმირის კითხვა უნდა დავსვათ - “ვის ვემსახურებით ?” და პრიორიტეტებიც თავისთავად, ზედმეტი თავსატეხების გარეშე დალაგდება.

ბლოგის ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ