ჟურნალისტების მიკერძოება-მიუკერძოებლობაზედ
10.08.2018
მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ჟურნალისტიკა, თავისი ტრადიციული განმარტებით, სამყაროში აღარ არსებობს. ეს მრავალი მიზეზით შეიძლება აიხსნას. მაგალითად იმით, რომ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები სხვადასხვა ეპოქაში პროპაგანდის მანქანად გადაიქცა და ეს პრაქტიკა ყველა კონტინენტზე გავრცელდა.

ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ინფორმაცია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია და აღარ არის „ძვირი“ პროდუქტი, შეუძლებელი იქნებოდა, რომ ამ პროფესიას თავისი სახე შეენარჩუნებინა. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა მედიასაშუალება და უნივერსიტეტი საქართველოში ჟურნალისტიკის პრეისტორიულ განმარტებას იყენებს და მომხმარებლებსა და მომავალ ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ჟურნალისტი ფაქტობრივად, ფოსტალიონია.

მოსახლეობის დიდ ნაწილს ჟურნალისტებზე ზედაპირული შეხედულება აქვთ. მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე ეპატაჟური ჟურნალისტები, რომლებიც ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები საავტორო გადაცემებში გამოთქმული მოსაზრების გამო. ამ დროს თქვენ ხშირად წაიკითხავთ ისეთ კომენტარებს, სადაც მომხმარებლები სვამენ კითხვას: „ეს რანაირი ჟურნალისტიკაა?“ და იქვე დასძენენ ხოლმე - „ჟურნალისტმა მხოლოდ ფაქტები უნდა ილაპარაკოს, ვინ ეკითხება ამას მოვლენების განხილვას?“ სწორედ ასეთ დროს ყველაზე კარგად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ჟურნალისტიკის მიმართ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მაყურებლები ჟურნალისტად მიიჩნევენ მხოლოდ მათ, ვისი აზრებიც მოსწონთ, ხოლო ყველა, ვინც მათგან განსხვავებული აზრის დაფიქსირებას შეეცდება, ავტომატურად კარგავს ჟურნალისტად ყოფნის უფლებას.

შესაძლოა ჟურნალისტების, წამყვანების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ მოგვწონდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჟურნალისტურ სტანდარტებს სცდება. როგორც უკვე ვთქვით, ჟურნალისტიკის ცნება საკმაოდ ფართო გახდა. ტელევიზიამ, თანამედროვე პრესამ და ინტერნეტმა მთლიანად შეცვალეს სტანდარტები. დღევანდელ ეპოქაში მედიასივრცეს კვლავინდებურად ავსებს ახალი ამბები, საავტორო გადაცემები, ტოქშოუები, ანალიტიკური გადაცემები, საავტორო სვეტები და ა.შ, თუმცა, ინფომაციის გავრცელების მეთოდები, საშუალებები და სტილი მნიშვნელოვნად შეცვლილია.

მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშშ-ში გამოჩნდა ჰანტერ ტომპსონი, რომელმაც სრულიად ახალი მიმართულება, გონზო ჟურნალისტიკა შექმნა, რაც თავიდან ბოლომდე მოვლენების სუბიექტურ აღქმას გულისხმობს. ჟურნალისტი ხდება იმ ყველაფრის უშუალო მონაწილე, რის მოყოლასაც ცდილობს. ამაზე რადიკალური ფორმა ჟურნალისტიკის ბუნებაში ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა, დასავლეთში არავინ ფიქრობს, რომ ის ჟურნალისტიკის სფეროს არ განეკუთვნება. მეტსაც გეტყვით, გონზო ჟურნალისტიკა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებაც კია.

ასევე დასავლური სტანდარტებით საავტორო გადაცემებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოში ის შედარებით ახალი ხილია, თუმცა, მაყურებლები მას ნელნელა ეჩვევიან. საავტორო გადაცემის კონცეფცია გულისხმობს, რომ გადაცემის წამყვანს, მისი შერჩეული ფორმატის ფარგლებში, უფლება აქვს იყოს სუბიექტური და ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი, დასვას ისეთი შეკითხვები, რომელიც მის მიერ არჩეულ ფოკუსს გაასწორებს და დიახ, იხუმროს ისე ცუდად, როგორც ამას გიორგი გაბუნია აკეთებს. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ზღვარი სუბიექტურობასა და არაადეკვატურობას შორის. ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ეთერიდან არ გააჟღეროს ისეთი ინფორმაცია, არ წარმოთქვას ისეთი ფრაზები ან არ შეაფასოს მოვლენები ისე, რომ არ ჰქონდეს საკმარისი არგუმენტები. ამგვარ ქმედებას, შესაძლოა, მკაცრი შეფასებები მოჰყვეს და ჟურნალისტის რეპუტაციას ჩრდილი მიადგეს. არსებობს კიდევ ერთი საფრთხე - შესაძლოა ჟურნალისტმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს ან გამოიწვიოს სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება, გააძლიეროს საზოგადოებაში არსებული სტიგმები და უმცირესობის ან უმრავლესობის მარგინალიზებას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტი ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობას იღებდეს.

ტოქშოუების კონცეფცია კიდევ უფრო მარტივია. მას შეიძლება ჰქონდეს როგორც აკადემიური, ისე შემეცნებით-გასართობი ფორმა, ამას თავად წამყვანები და პროდიუსერები განსაზღვრავენ. მაგალითად, პოლიტიკური ტოქშოუები უფრო მეტად აკადემიურია, ვიდრე სპორტული, სამეცნიერო და ა.შ. მიუხედავად ამისა, ასეთი გადაცემის წამყვანს, გარდა საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და ზრდილობისა, არაფერი ბოჭავს, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

საბოლოო ჯამში, ტოქშოუებსაც და სხვა ტიპის საავტორო გადაცემებსაც თითქმის ერთი და იგივე მიზანი აქვთ, რაც გულისხმობს კვირის/დღის/თვის მთავარი თემების უფრო დეტალურ ანალიზსა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. ამისათვის ჟურნალისტები იწვევენ სტუმრებს და მათ უსვამენ შეკითხვებს, რომელიც ხშირად უფრო მეტად სუბიექტური დაკვირვებებისგან გამომდინარეობს. მეტსაც გეტყვით, ასეთი ტიპის გადაცემებისთვის საჭიროც კი არის, რომ ჟურნალისტმა საკუთარი შეხედულება გაუზიაროს სტუმარს და აქედან გამომდინარე დაუსვას შეკითხვები. კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჟურნალისტი პირველ რიგში მაყურებლის როლს ითავსებს და სტუმრებს სხვადასხვა პოზიციიდან ისეთ დეტალურ შეკითხვებს უსვამს, რომელსაც მაყურებელიც დასვამდა.

რაც შეეხება ონლაინ მედიას, ეს მთელი მსოფლიოსთვის ახალი მოვლენაა, რომელიც ინტერნეტის განვითარებამ შექმნა. ის ჯერ კიდევ ცდილობს იპოვნოს საკუთარი თავი და ამ პროცესში უამრავი სიახლე ყალიბდება. მაგალითად, ბლოგები მთლიანად ინტერნეტის შვილია, რომელიც პუბლიცისტიკის ერთგვარი გაგრძელებაა. შესაბამისად, აქაც „მოსულა“ სხვადასხვა თემების სუბიექტური, არგუმენტებით გამყარებული მოსაზრებების განხილვა. მთავარია, რომ არ არღვევდეს საყოველთაო ნორმებსა და ადამიანის უფლებებს. და ბოლოს, ახალი ამბები სრულიად განსხვავებული სფეროა, რომელსაც, დიახ, სწორედ ის მოეთხოვება, რასაც ტრადიციული გაგებით ჟურნალისტიკაში მოიაზრებენ ანუ ამბების მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქება, ფაქტების დაუმახინჯებლად და მიუკერძოებლად გავრცელება... თუმცა, ახალი ამბების შემთხვევაშიც რედაქტორები თავად წყვეტენ, რომელი ინფორმაცია უფრო ღირებულია. გარდა ამისა, ახალი ამბებიც სარედაქციო პრინციპების მიხედვით იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებს ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომები შეიძლება ჰქონდეთ. თუ ლიბერალურად განწყობილი მედიისთვის ადამიანის უფლებები არის მნიშვნელოვანი თემა, ის ყველა მარგინალურ ჯგუფს, რომელიც ამ უფლებებს არღვევს, ნაკლები ინტენტისივობითა და მეტი სიფრთხილით გააშუქებს, ვიდრე არალიბერალური მედია. ასეთ შემთხვევაში კი, ლიბერალური მედიის გადაწყვეტილება სრულიად გამართლებული იქნება.

ერთი სიტყვით, ჟურნალისტიკამ დიდი ხანია დატოვა ფოსტა, ჟურნალისტებმა კი უარი თქვეს ფოსტალიონობაზე. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ყველას, ვისაც ინტერნეტი და სმარტფონი აქვს, შეუძლია იყოს ჟურნალისტი, ინფორმაციის სწრაფად გავრცელება მთავარი გამოწვევა აღარ არის. თანამედროვე მედია საშუალებები მეტ ყურადღებას აქცევენ სწორი ჩარჩოების შერჩევას. ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური ქსელების ეპოქაში მთავარი არ არის სიახლეების მოყოლა, არამედ ამ სიახლეების გადმოცემის ფორმები, რომლებიც მკითხველებისა და მაყურებლების ყურადღებას მიიქცევს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ფორმითა და სტილით წაყვანილ გადაცემებს, დაწერილ სტატიებსა და სხვ. ამ პროცესში ცხადია, უამრავი სიახლე ინერგება, მედიასაშუალებები ცდილობენ მოიფიქრონ ახალი „ჩარჩოები“, რომლებიც მაყურებლების ყურადღებას მიიქცევს. ეს არ არის მედიის ახირება ან სურვილი, არამედ - პირიქით. თანამედროვე ადამიანის ცხოვრება იმდენად გადატვირთულია, რომ მას სიახლეების უფრო მარტივი, ბუნებრივი და უშუალო ფორმებით მიღება სურს. მედია კი ცდილობს, ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ ჩანს ჟურნალისტიკის სფეროში ამდენი განსხვავებული ტიპის ჟურნალისტი, გადაცემა თუ ონლაინ მედია.

ბლოგის ავტორი : დიმიტრი სანაია, On.ge-ს ჟურნალისტი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ