Pardon my French
31.01.2019

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა პირველად შეიძინა რეალური პოლიტიკური აქტუალობა (ფრანგულ პენსიას, კლარნეტის შეძენას და ნინოობის დღესასწაულზე ბოდბეში წირვაზე დასწრებას თუ არ ჩავთვლით) და ისიც არც თუ სასიამოვნო თემით - ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით. რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ თემის გააქტიურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ლაშა ჟვანიასთვის სულიწმინდის გამოცხადებას არ მოჰყოლია და არც დიმიტრი გაბუნიას უთენებია ჯერჯერობით ღამეები მსოფლიო პრაქტიკის შესწავლით. სალომე ზურაბიშვილის სენსიტიურობა ცილისწამების თემაზე პირდაპირაა დაკავშირებული ჩავლილ საარჩევნო ისტერიკასთან.

როგორც მოსალოდნელი იყო, რადიკალურად პოლარიზებულ პოლიტიკურ და მედიაგარემოში წინასაარჩევნო ბატალიები საკმაოდ ბინძურ ფორმებს იღებდა, იქნებოდა ეს საპრეზიდენტო კანდიდატების აბსურდული მიზეზებით დემონიზაცია, ერთმანეთის საარჩევნო შტაბებში სერგო ორჯონიკიძის ძიება, შვილების დუელი, კანდიდატთა პირადი ცხოვრებით სპეკულაცია თუ სასულიერო იერარქების მობილიზება კონკურენტების ანათემაზე გადასაცემად.

პრეზიდენტის ჯერაც ჩანასახში მყოფ ინიციატივას, რომელიც სავარაუდოდ მალე საკანონმდებლო ინიციატივად იქცევა (ჩვენი პოლიტიკოსების არც თუ ისე პრინციპულ, ხანმოკლე დროის პერიოდში 180 გრადუსით შემობრუნებულ პოზიციებს თუ გადავხედავთ), დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედია და არასამთავრობო წრეებში. Music Box-ის და საფერავი TV-ის (მართლა არსებობს ასეთი ტელევიზია) გარდა, ქართული ტელევიზიებიდან ალბათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იყო ერთადერთი, რომელმაც ცილისწამების შესახებ კანონის გამკაცრების ინიციატივის პრობლემურობას არ დაუთმო სათანადო ყურადღება. ტელეარხისთვის ამბის გაშუქების საბაბი ძირითადად მთავრობის რომელიმე წევრის განცხადება ხდებოდა, სადაც ისინი მართალია ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ერთხმად მიესალმებოდნენ პრეზიდენტის სრულიად ბუნდოვან ინიციატივას.

alt29 იანვარს კი, პირველმა არხმა, რომლის ვებგვერდიც ზოგჯერ შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდში აგერიოთ (იხ. ფოტო), გადაწყვიტა, ცილისწამების თემისთვის გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ ერთი მთლიანი ბლოკი დაეთმო.

გადაცემის ამ ბლოკის მთავარი კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა - გვჭირდება თუ არა ცილისწამების კანონით რეგულირება? თემაზე ამომწურავად და სიღრმისეულად სასაუბროდ არხმა შიდა რესურსები გამოიყენა და გადაცემის სამ წამყვანთან ერთად მწერალი, ესეისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს) პაატა ქურდაძე მიიწვია.

რთულია არ დაეთანხმო პაატა ქურდაძეს, როდესაც ის ამბობს, რომ ყალბი ინფორმაციებით მიყენებულ ზიანზე სადისკუსიო ველის შექმნის აუცილებლობა დგას. მაგრამ, „ევროპულ ესთეტიკასთან ძალიან ღრმად ნაზიარებმა ადამიანმა“, როგორც მას ოდესღაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი უწოდებდა ნეტგაზეთთან ინტერვიუში, ცილისწამების მუხლთან დაკავშირებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, მთავრობის წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციების გასამყარებლად რამდენიმე მსუყე განცხადება გააკეთა.

წუთით რომ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ გადაცემის მთავარი კითხვა გვჭირდება თუ არა ცილისწამების კანონით რეგულირება? აპრიორი არარელევანტურად ჟღერს, რადგან ასეთი კანონმდებლობა უკვე არსებობს საქართველოში (კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, თავი IV), თავად ქურდაძის მოსაზრებებში რამდენიმე საგულისხმო მომენტის გამოყოფა შეიძლება.

ცილისწამებას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან - ეს პათოსი გასდევდა გადაცემის მთელ ბლოკს, სადაც ქურდაძე ამტკიცებდა, რომ „ცილისწამება არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, ეს არის, თუ გნებავთ მორალური, ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სხვის მიმართ, თუნდაც ცილისმწამებლის მიმართ აგრესიაში ან აგრესიაში საკუთარი თავის მიმართ, მის უკიდურეს გამოხატულებამდე, თუნდაც თვითმკვლელობამდეც კი, ამიტომ ცილის წამების დაკავშირება, ჩემი აზრით, აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეს არის ძალიან რბილად რომ ვთქვა ფუნდამენტური შეცდომა“.

ერთი შეხედვით, ამ წინადადებაში არაფერია არალოგიკური, ვიდრე მის ბოლო ნაწილამდე მივალთ. ცილისწამება მართლაც შეიძლება იქცეს საკმაოდ სავალალო შედეგების მიზეზად, მაგრამ ეს როგორ შეიძლება გახდეს ლოგიკური წანამძღვარი მტკიცებისა, რომ ცილისწამებას აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან არაფერი აქვს საერთო, ჯერ-ჯერობით ამოცანად რჩება პირადად ჩემთვის. გვერდზე გადავდოთ ის ფაქტი, რომ ქართული კანონმდებლობა სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შუქზე ხედავს ცილისწამების საკითხს. მთავარი შეცდომა, რისკენაც ეს მიდგომა გვიბიძგებს, ალბათ არის ის, რომ კანონმდებლობის გამკაცრების მომხრეები ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს გამოხატვის თავისუფლება საქართველოში აბსოლუტურია და მას არაფერი ზღუდავს. დიდი იურიდიული განათლება არ სჭირდება გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის IV თავში იმის გაგებას, რომ პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო და საჯარო პირის ცილისწამებისთვის.

alt„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ისეთი პერიოდი, თითქმის ასეული წლის განმავლობაში, რეპრესიები, რომელიც ძირითადად, როგორც წესი, ეფუძნება სახელმწიფოებრივ რანგში აყვანილ ცილისწამებებს. მიუხედავად ამისა, ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული უზარმაზარი გამოცდილებისა, რატომღაც გადავწყვიტეთ 2004 წელს, რომ მოგვეხდინა ცილისწამების დეკრიმინალიზება და შევედით ახალ ერაში, როდესაც დაუსჯელი ცილისწამებების, რეპრესიების ეპოქაში ვცხოვრობთ დღეს“, - ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც პირველი არხის წარმომადგენელმა გააკეთა გადაცემაში და რომელსაც გარდა ლოგიკური გამართულობისა, პრობლემა აქვს ფაქტების სრულიად უკუღმა დანახვაშიც.

იმ რეპრესიების პერიოდში, რომელზეც ბატონი ქურდაძე საუბრობდა გადაცემაში, სწორედ ცილისწამების შესახებ არსებული მკაცრი კანონმდებლობა შეიძლება გამხდარიყო ადამიანთა რეპრესიების საფუძველი. პრობლემა, რომელიც ცილისწამების კანონმდებლობის გამკაცრებას შეიძლება მოჰყვეს, სახელმწიფოს მიერ, ამ კანონის მეშვეობით, განსხვავებული აზრის ჩასახშობად შექმნილი ნოყიერი ნიადაგი იქნება. ზუსტადაც რომ გამოხატვის თავისუფლების მკაცრი შეზღუდვის ტრაგიკული და სამწუხარო გამოცდილება, რომელიც საქართველოს აქვს ისტორიულად, უნდა იყოს იმპულსი იმის გასააზრებლად, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების რეპრესირების მექანიზმად შეიძლება იქცეს ისეთი კანონი, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში, ადამიანებს არაპროპორციულად მკაცრ სასჯელს მიუსჯის.

2004 წელს მიღებულ კანონს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც მედიის სფეროში წინა ხელისუფლების ალბათ ერთადერთ პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, მთელი იმ რეპრესიებისა და უზურპაციის პირობებში, რასთან შეჯახებაც მედიის წარმომადგენლებს უწევდათ, არ გაუუქმებია ცილისწამების მუხლი ბოლომდე. მან უბრალოდ გაზარდა გარანტიები იმისა, რომ ვისაც როდის და როგორ მოუნდება, ისე ვერ დასჯის ჟურნალისტს, თუნდაც არასწორი ფაქტების გავრცელების შემთხვევაში. უპირველეს ყოვლისა კი, ხელისუფლება ვერ გაასამართლებს ჟურნალისტებს მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების გამო.

ჟურნალისტიკა არ არის მათემატიკა ან ფიზიკა, სადაც შეიძლება ფორმულაში ჩასვა რიცხვები და შედეგი 100%-იანი სიზუსტით მიიღო. ჟურნალისტიკა თავისი არსით არის ინტერპრეტაციული საქმიანობა და მითი ფაქტებისა და მოსაზრებების სრული გამიჯვნის შესაძლებლობის შესახებ დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აკადემიურ თუ პროფესიულ სფეროში. შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ ნებსით თუ უნებლიედ, რეპორტიორმა არასწორად ინტერპრეტირებული ან დამახინჯებული ფაქტები გაავრცელოს, საშუალოზე უფრო დიდია.

მორიგი საინტერესო მიგნება, რომელიც ბატონმა პაატამ შემოგვთავაზა მდგომარეობს შემდეგში: თურმე, ე.წ. Fake News-ის გაგება დასავლეთში სხვაა და ჩვენთან სხვა, რადგან პოლიტიკურ კონტექსტში შეფასების კრიტერიუმები განსხვავდება. თურმე საფრანგეთში, როდესაც ადამიანს განიხილავენ პოლიტიკურ კონტექსტში, იქ მხოლოდ მის საქმიანობას განიხილავენ, მის პროფესიონალიზმს, ჩვენ კი პირდაპირ მისი პირადი ცხოვრების განხილვაზე გადავდივართ. ბატონმა პაატამ ისიც კი დაამატა, რომ მას არასდროს მოუსმენია მაგალითად, საფრანგეთში განეხილოთ ემანუელ მაკრონი კარგი კაცია თუ ცუდი.

მსუბუქად თვითკოლონიზატორულ ტონს თუ ცოდვად არ ჩავუთვლით საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია პროდუქტების დირექტორს, ის ნამდვილად ცოდვად უნდა ჩავუთვალოთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეს არ სმენია მთელი ის მედია ლაყაფი, რომელიც მაგალითად მაკრონისა და მისი ასაკით დიდი, ყოფილი მასწავლების ცოლობას მოჰყვა, ანდა მედიით აგორებული ჭორები მაკრონისა და მისი დაცვის თანამშრომლის ალექსანდრე ბენალას საყვარლობის შესახებ.

ერთი სიტყვით, ეს ნაივური წარმოდგენა, რომ დასავლეთში საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ საქმიანად მიმდინარეობს და პოლიტიკური პოლარიზაცია მარტო ჩვენნაირ განუვითარებელ და ჩამორჩენილ ქვეყნებში იღებს პირადი ცხოვრების განქიქების ფორმას, მსუბუქად რომ ვთქვათ, ზედაპირული და რეალობისგან აცდენილია. სხვა თუ არაფერი, აშშ-ის გასული საპრეზიდენტო არჩევნებიც გამოდგება მაგალითად, სადაც პირადი შეურაცხყოფებისა და კომპრომატების ომის ნამდვილი მასტერკლასები დაიდო.

თუმცა ამ განცხადებას კიდევ ერთი შრე ჰქონდა, თითქოს ყალბი ახალი ამბების, ე.წ. Fake News-ების მომრავლება ცილისწამების მუხლის გამკაცრების საჭიროებაზე მიუთითებდეს. მთელს იმ დისკუსიას, რომელსაც ჩვენთან სათავე ქალბატონმა პრეზიდენტმა დაუდო, სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნახსენები საფრანგეთში მიღებული კანონი გაჰყვება წითელ ზოლად. აი, ნახეთ, საფრანგეთმა ეს კანონი მიიღო, ჩვენ კიდე რაზე ვტეხთ განგაშს, ცოტათი ცილისწამების კანონს თუ გავამკაცრებთ და ერთი ორ ადამიანს თუ დავსჯით ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელების გამოო. ამ დღიდან მოყოლებული, მთავრობის წევრებიც დაიბნენ და თუკი, მაგალითად, ქალაქის მერი Fake News-ების გაკონტროლების აუცილებლობაზე საუბრობდა, პარლამენტის თავმჯდომარე პირადი შეურაცხყოფების კრიმინალიზებისკენ მიგვერეკებოდა.

ეს დაბნეულობა კი ალბათ იმისი ბრალია, რომ დასაწყისშივე ტყუილი თქვა პრეზიდენტმა (განზრახ ან უცოდინრობით). დიახ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონი ნამდვილად მიიღო, 2018 წლის 20 ნოემბერს. ოღონდ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ცილისწამებასთან. იგი Fake News-ების გავრცელებასთან დასაპირისპირებლად მიიღო საფრანგეთმა და ძირითადად ორ მთავარ ზომას ითვალისწინებს: ციფრული პლატფორმების გამჭვირვალობის იძულებას და საკანონმდებლო ბრძანებულების გამოცემას, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს ცრუ ამბის გავრცელებას თუკი ის ცალსახად ყალბია, ვრცელდება მასობრივად და წინასწარგანზრახვით და თუკი იგი ქმნის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხეს.

შესაბამისად, ის კოგნიტური დისონანსი, რომელიც პრეზიდენტის დამსახურებით, მთავრობის წევრებსა და მის მხარდამჭერებს შორის შეიქმნა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ როდესაც მიგვითითებენ, რომ რაღაც დასავლეთში ასეა, თითის ნაცვლად, მიმართულებას უნდა გავხედოთ. დასავლურად შემოსაღებული იდეები, შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მცხოვრები საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის თავში იყოს.


ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ