კვირის ტრავმული აქცენტები
11.06.2019

alt

 

კვირა კრძალვის და ცახცახის დღეა.

იმიტომ, რომ "რუსთავი 2-ზე" გადაცემა „კვირის აქცენტები“ გადის. იმიტომ, რომ ორშაბათ დილას რედაქტორისთვის და მკითხველთა ნაწილისათვის გამზადებული უნდა მქონდეს არგუმენტები, თუ რატომ ვერ დავწერ ამ გადაცემის კრიტიკას (გადაცემის, სადაც ძირითადად მხოლოდ გინების კონფიგურაციები იცვლება, დანარჩენი მეორდება); თუ რატომ მგონია, რომ ამ გადაცემას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან, მედია პროდუქტთან, რომელიც შეიძლება გააკრიტიკო; თუ რატომ მგონია, რომ „კვირის აქცენტები“ საერთოდ გასულია მედია სისტემიდან, არ აქვს ჟურნალისტური მიზნები და წარმოადგენს უბრალო პლატფორმას, რომ მთავრობაზე (სავსებით სამართლიანად) გაბრაზებული ტელევიზიის დირექტორმა დრო და დრო გული მოიოხროს; თუ რატომ შეიძლება არ გინდოდეს აბსურდულ დისკუსიაში შესვლა, უნდა გააკრიტიკო თუ არა "რუსთავი 2", მაშინ როდესაც ის ოპოზიციური ტელევიზიაა, ხოლო მის საპირწონედ ტელებაზარზე ტელეკომპანია "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს, მედიის პოლარიზაციაზე გაუთავებელი საუბარი კი წყლის ნაყვას ემსგავსება თანდათან.

altამ გადაცემის მაგალითი ადასტურებს, რომ ყველაფერი, რაც ტელე-ეთერში გადის, მედია პროდუქტი არ არის. რაღაც სხვაა, რომელსაც პირადად მე სახელს ვერ ვუფიქრებ და რომელსაც გადაცემის ავტორებმა ედიტორიალი დაარქვეს, რითაც თავი გაითავისუფლეს პასუხისმგებლობებისგან. იმისათვის, რომ ეს გადაცემა გააკრიტიკო, შენც უნდა გახვიდე მედია სისტემიდან და სულ სხვა გადმოსახედიდან წერო მათზე, რასაც ჩემს საქმედ არ მივიჩნევ.

ფეხბურთის და პოლიტიკის არ იყოს, ჟურნალისტიკაც ის სფეროა, რომელიც ყველას ჰგონია რომ იცის. არადა, ჟურნალისტიკა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზებსა და ელექტრონული კომუნიკაციების რესურსებზე წვდომა არ არის. ის, რაც ჟურნალისტიკას ჟურნალისტიკად აქცევს ეთიკაა. ეთიკის გარეშე მედია მხოლოდ ხმაურია. საზოგადოებრივი სიკეთისაგან დაცლილი ლაყაფია, რომლითაც ყველას შეუძლია რომ დაკავდეს, ვისაც კი ხელი მიუწვდება ზემოთ ნახსენებ ბაზებსა და რესურსებზე.

თუმცა, მეორე მხრივ, არც ეთიკაა ზუსტი მეცნიერება. მით უმეტეს მედია ეთიკა. ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიული სფეროს აღწერისას, სიტყვა „სტერილურობა“ ალბათ ბოლოა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. იმიტომ რომ ჟურნალისტიკა არ არის საკრალური სივრცე და შეცდომაც ყველას მოსდის. მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც მაყურებლებს, ჯერ კიდევ 30 წლის წინ, ტელეეკრანებიდან წამყვანების ნაცვლად დიქტორები ელაპარაკებოდნენ, სადაც დამოუკიდებელი მედიის ინსტიტუციური მეხსიერება, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე და ზოგიერთი ტელეწამყვანის ლექსიკონში ეთიკური სიტყვების მარაგზე კიდევ უფრო მოკლეა.

მაგრამ, იმისთვის რომ რომელიმე მედია პროდუქტის პროფესიულ ეთიკურობაზე ისაუბრო, აღნიშნული პროდუქტი, ალბათ, ჯერ ამ პროფესიის საზღვრებში უნდა თავსდებოდეს. „კვირის აქცენტების“ შემთხვევაში კი, ეს ასე არ არის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 9 ივნისს გასული გადაცემით. არავითარი განსაკუთრებული პროფესიული ინტუიცია არ სჭირდება მიხვედრას, რომ ინტერვიუს შვილმოკლულ მამასთან, რომელმაც გლოვის ნაცვლად, სახელმწიფოს უსამართლობასთან ბრძოლას შეალია რამდენიმე ათეული თვე, განსაკუთრებული მზაობა სჭირდება. მით უმეტეს, თუკი ეს იმ არხზე ხდება, რომელმაც ობიექტურად ბევრი რამე გააკეთა იმისათვის, რომ ახალგაზრდის მკვლელობა, მთავრობის დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებრივი რადარებიდან არ გამქრალიყო.

არავითარი გამართლება არ აქვს იმას, რომ უზარმაზარი ტრავმის შემდეგ, ადამიანი დასვა სტუდიაში და რაც არ უნდა კეთილი განზრახვა გქონდეს, გაუმართო პოლიტიკური პოლემიკა, ესაუბრო უკმაყოფილო ტონით იმაზე თუ რა სტრატეგიული შეცდომები დაუშვა, რატომ მისცა ინტერვიუ "იმედს" და არა "რუსთავი 2-ს", უმეორო, რომ „რაღაც აქვს სათქმელი“ ზვიად კუპრავასთან დაკავშირებით, როცა მას აშკარად არ უნდა საუბარი. ხოლო როდესაც ტრავმირებული ადამიანი ემოციურობის პიკშია და პირდაპირ ეთერში აგრესიული ხდება, შეეცადო დაამშვიდო, მაგრამ თან გაუგრძელო პოლემიკა, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ეთერიდან სარეკლამო ჭრაზე გახვიდე (მიუხედავად იმისა, რომ გადაცემაში რეკლამაზე გასვლა დაგეგმილი არ ყოფილა) და შეეცადო, რომ ადამიანის რე-ტრავმირებას არ შეუწყო ხელი და ეს ყველაფერი ეკრანზე არ აჩვენო. სამწუხაროა, რომ პირდაპირ ეთერში იმის ხილვა გახდა საჭირო, რაც ვიხილეთ, რათა გადაცემის წამყვანები მისულიყვნენ დასკვნამდე, რომ „მგონი ყველამ თავი უნდა დავანებოთ ამ ადამიანს.“

ტრავმა არ არის მოვლენა, რომელიც ერთ დღესაც უბრალოდ მთავრდება. ტრავმული სტრესი არ ქრება სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებასთან ან პროკურატურის მიერ საქმის მსვლელობის შეცვლასთან ერთად. თითქმის ყველა სახელმძღვანელო, რომელიც ტრავმის გაშუქებაზე დაწერილა, ცალსახად უსვამს ხაზს, რომ ადამიანები, რომლებმაც უდიდესი დანაკლისი გადაიტანეს ოჯახის წევრის დაკარგვით (რომ აღარაფერი ვთქვათ წლობით ვერ მიღწეულ სამართლიანობაზე), შესაძლოა წლების შემდეგაც კი განსაკუთრებით ემოციურად იყვნენ განწყობილები ამბების გახსენებისას. მათი რე-ტრავმირების საფრთხე იმაზე რეალურია, ვიდრე ხშირად ჟურნალისტებს წარმოუდგენიათ. ზაზა სარალიძეს მედიისაგან არ სჭირდება ენის მოჩლექით საუბარი, მას არ სჭირდება შებრალება. ერთადერთი რაც მას ჩვენგან შეიძლება სჭირდებოდეს მისი ამბის ობიექტური, სენსიტიური და ეთიკური გაშუქებაა.

თუმცა რთულია, ამ გადაცემის და ამ კონკრეტული გამოშვების მაგალითზე ჟურნალისტურ ეთიკასა და სტანდარტებზე ისაუბრო. იმიტომ, რომ ამ გადაცემას არ აქვს მედია ლოგიკა. იმიტომ რომ ამ გადაცემას არ აქვს განზრახვა, რომ მაყურებლამდე მივიდეს ინფორმაცია. ამ გადაცემის დღის წესრიგი ხმაურია. ხმაური რომელსაც შეიძლება სარგებელი მოჰქონდეს პოლიტიკური ძალ(ებ)ისთვის (მათ შორის იმათთვისაც, ვისაც ებრძვის), მაგრამ არა მაყურებლისთვის ან რესპონდენტისთვის. ეს გადაცემა უბრალოდ სცდება მედია კრიტიკის პრეროგატივას.


თეგები : ტრაგედიების გაშუქება ;
ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ