ახლაც მწარედ მახსოვს ის ავბედითი პერიოდი, რისი გამოვლაც მომიხდა მას
შემდეგ, რაც მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ფრინველის გრიპით
მოსახლეობის თითქმის ნახევრის გაჟლეტა იწინასწარმეტყველა. მას შემდეგ,
როგორც რეპორტიორს, ათობით სოფელში მომიხდა ჩასვლა ქათმების
“დაკრძალვის ცერემონიალზე”. ქათმების სიკვდილზე თუ ხოცვაზე ნიუსები
ჩემი ზემდგომებისთვის მნიშვნელოვანი ახალი ამბავი იყო.
დღეს ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი შეცდომა იყო თემაზე ყოველდღიური
სიუჟეტების მომზადება და მოსახლეობის დაპანიკება, რომ ვისაც ქათამი
ჰყავდა, ყველას ფრინველის გრიპით სიკვდილი ელოდა.
ეს ამბავი რამდენიმე კვირის წინ გამიახლდა, როცა კორონავირუსის თემის
გაშუქებისას ჩვენი მედიასაშუალებების წარმომადგენლების შესაძლო
მსხვერპლებზე ნადირობის სცენებს გადავაწყდი. მონადირე ჟურნალისტებზე
ჩემი თავი გამახსენდა, როცა პროდიუსერი მორიგ სოფელში მაგზავნიდა
“დაცემული ქათმის” საფლავის გათხრის გადასაღებად.
მერე, როცა წლების განმავლობაში თავად მომიხდა რედაქტორად მუშაობა,
ხშირად დავფიქრებულვარ, რა (არ) შეიძლებოდა დამევალებინა “ველზე
მომუშავე” ჟურნალისტისთვის.
სახალისო ქოუბები, სალანძღავი და დამცინავი კომენტარები ფეისბუკში -
ასეთი რეაქცია მოჰყვა დღეს დილით მატროსოვის ციხესთან ჟურნალისტების
“შტურმს” ვანო მერაბიშვილზე.
საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ციხე თითქმის
შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი
სწორედ დღეს, 20 თებერვალს დატოვებდა საკანს, წინასწარ, კარგა ხნით
ადრე იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, მითუმეტეს -
ჟურნალისტებისთვის.
მედიისთვის ეს არ იყო დაუგეგმავი, მოულოდნელი მოვლენის გაშუქების
პროცესი. ამის მიუხედავად, იმას, რაც დღეს მაყურებელმა ეთერში და
ფეისბუკ-ლაივებში იხილა, არაფერი ჰქონდა საერთო წინასწარ დაგეგმილი
მოვლენის ასახვასთან.
როგორც წესი, წინასწარ დაგეგმილი მოვლენის გაშუქების დროს
ჟურნალისტებს აქვთ ის უპირატესობა, რომ კარგად მოემზადონ
ინტერვიუსთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ყველა
საკითხზე დასვან შეკითხვები, რათა აუდიტორიას მაქსიმალურად მიაწოდონ
ინფორმაცია იმ მოვლენის ადგილიდან, სადაც თავად იმყოფებიან და
მუშაობენ.
სამწუხაროდ, მატროსოვის ციხესთან დღეს ჟურნალისტებმა მთელი ძალისხმევა
ფიზიკური ძალების დემონსტრირებაში დახარჯეს - ვნახეთ, ვინ უფრო
მარჯვედ აირბინა კიბეები, რომ ალყაში მოექციათ რესპონდენტი, რომელიც
არსად გაქცევას აპირებდა და რომელიც მზად იყო ჟურნალისტების
შეკითხვებზე პასუხები გაეცა. ამის ნაცვლად, მას და მის თანმხლებ
პირებს ასევე ფიზიკური მონაცემების დემონსტრირება მოუხდათ, რომ
ჟურნალისტების შტურმი მოეგერიებინათ და რესპონდენტი “სამშვიდობო
ადგილას” გაეწიათ, სადაც მას საუბრის შესაძლებლობა მიეცემოდა.
საბოლოოდ, ამ კითხვებით რამე არსებითი სიახლე მაყურებელმა ვერ მოისმინა. დარჩა მხოლოდ სანახაობა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, სწორედ იმ ჟურნალისტებს არ მოეწონათ, რომლებიც ამ “შტურმის” მონაწილეები აღმოჩნდნენ.
სამწუხაროდ ხშირად “ველზე” მომუშავე ჟურნალისტები საქართველოში პროდიუსერებისა და რედაქტორების ინსტრუქტაჟით მოქმედებენ. ინსტრუქტაჟის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჟურნალისტმა ნებისმიერ ფასად უნდა მოახერხოს წინასწარ მომზადებული თუ ხშირად რედაქტორისგან დავალებული შეკითხვის დასმა რესპონდენტისთვის. სწორედ, ამ “ნებისმიერი”ფასის” ვიზუალიზაცია ვიხილეთ დღეს მატროსოვის ციხესთან.
დარწმუნებული ვარ ეს სანახაობა არც რედაქტორებსა და პროდიუსერებს მოეწონათ. ჰოდა, ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დასკვნების გამოტანა და საერთო თამაშის წესებზე შეთანხმება.