რწმენა და ჟურნალისტიკა
02.04.2020
alt

ჟურნალისტიკაში სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, როცა მითხრეს, რომ ადგილობრივი საეკლესიო იერარქი ანათემის გამოცხადებას მიპირებდა, თუკი ჩემი დაწერილი ნიუსის გამო არ შევინანებდი.

ნიუსი არასრულწლოვანთან მიმართებაში გარყვნილ ქმედებას ეხებოდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთერთი ტაძრის ეზოში. მოძალადე სასულიერო პირი არ იყო, თუმცა მრევლს წარმოადგენდა და იმ ტაძრის ხშირი ვიზიტორი იყო. საეკლესიო იერარქების რისხვა განპირობებული იყო იმით, რომ ნიუსი ჩრდილს აყენებდა ეკლესიის რეპუტაციას. მეორეს მხრივ, სახეზე იყო ძალიან მძიმე, სექსუალური დანაშაული არასრულწლოვანთან მიმართებაში იმ ტაძრის ეზოში, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ ბავშვები, მოძალადის პოტენციური მსხვერპლები.

ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განუზომელ ძალაუფლებას ელვის სისწრაფით კრეფდა და მასთან რაიმე ტიპის დაპირისპირება მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა ნებისმიერი პირისთვის, მითუმეტეს პატარა ქალაქში ანათემირებული ჟურნალისტისთვის. ასე იყო თუ ისე, მაშინ ანათემას გადავურჩი.

წლების შემდეგ ისევ მომიხდა სასულიერო პირებთან დაპირისპირებაში შესვლა, როცა რედაქციაში მოძალადე მღვდლისგან ნაცემი ქალი მოვიდა. ჰო, ძალიან რთული აღმოჩნდა ამ თემაზე მუშაობა, როგორ შეიძლებოდა ღვთისმსახურის მხილება და ეკლესიისთვის ჩრდილის მიყენება?! თანაც ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე მედიაში უმეტესად “ქებაი და დიდებაი” იწერებოდა, ან საერთოდ არაფერი.

დღეს ვითარება შედარებით შეცვლილია. ბოლოს სასულიერო პირმა ერთი ცნობილი ხელოვანი დაწყევლა, ჟურნალისტებთან მიმართებაში მსგავს “სანქციებზე” აღარ მსმენია. მედიაც ბოლო წლებში აღარ გაურბის ეკლესიის შიგნით კონკრეტული პრობლემების გაშუქებას, თუმცა ამის გამო ჟურნალისტები ხშირად ხდებიან აგრესიის სამიზნეები.

ბოლო დროს მედია აქტიურად სვამს შეკითხვებს ერთი კოვზით ზიარების წესთან დაკავშირებით, რომელიც ახალი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკს ქმნის ქვეყანაში. ქვეყანაში გამოხცადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ბევრ შეზღუდვას აწესებს ქვეყანაში, თუმცა ეს შეზღუდვები ფაქტობრივად არ ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სადაც ადამიანები კვლავაც იკრიბებიან და საერთო კოვზით ეზიარებიან, რაც არის ინფექციის გავრცელების კუთხით ძალიან სახიფათო.

იმის გამო, რომ ჟურნალისტები სვამენ შეკითხვებს, თუ რატომ ვერ ახდენს სახელმწიფო ინფექციის გავრცელების რისკის აღკვეთას ეკლესიაში, ეს დიდ აგრესიას იწვევს არა მხოლოდ სასულიერო პირებსა და მრევლში, არამედ საერო პირებში და თვით ეპიდემიოლოგებს შორისაც კი.

კონტრარგუმენტები ხშირად არის ის, რომ ჟურნალისტები თავად არ იცავენ წესებს და ეკლესიას მოუწოდებენ წესების დაცვისკენ:

  • “ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტები, რომლებიც არანაირ წესს არ იცავენ… მეც პირადად ტელევიზიაში ვიყავი ვახო სანაიასთან და აღმოვაჩინე, რომ ჩემს უკან უამრავი ადამიანი მოძრაობდა და არანაირი წესის დაცვა იქ არ იყო და ამ დროს ჟურნალისტი მესაუბრებოდა მე, რომ წესები უნდა დავიცვათ და აუცილებელია წესების დაცვა,” - ამონარიდი დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართვიდან მრევლისადმი.
  • “გარეთ, მაგალითად, 10 ადამიანზე მეტი ხართ შეკრებილი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ არღვევთ კანონს?!” - მიმართა ჟურნალისტებს კონტრშეკითხვით ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
  • “ჟურნალისტებს ეხება თუ არა [საგანგებო მდგონარეობის შეზღუდვები]? ჰოდა, თქვენ თუ არ გეხებათ, თქვენ უფრო დიდი ხართ, ვიდრე ქრისტეს ეკლესია - 2000-წლოვანი? თქვენ რა, ვერ გადადებთ, რომ დადიხართ ასე? რა ვიცით, რომ ვირუსის მატარებელი არ ბრძანდებით და სპეციალურად არ დადიხართ და სპეციალურად არ დააინფიცირებთ ხალხს?!” - ასევე კონტრბრალდებებით გამოეხმაურა ჟურნალისტების შეკითხვას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი.
  • “ახლა თქვენ რომ დგახართ ჩემთან ასე ახლოს, ესეც არ არის მიღებული ფორმა, იმიტომ რომ ახლა არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს. მითუმეტეს, თქვენი მიკროფონებით - ამირანი [გამყრელიძე] ლაპარაკობდა და ახლა მე ვლაპარაკობ, ისე, რომ დეზინფექცია მიკროფონებს არ ჩატარებიათ, ანუ თქვენც არღვევთ ახლა ამ წესს”, - ეს კი პაატა იმნაძის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის შეპასუხებაა ჟურნალისტებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ეკლესიაში წესების დაუცველობის გამო ინფექციის გავრცელების რისკებით.
“საზოგადოებრივი ინტერესი” - არის ამოსავალი წერტილი იმისა, თუ რატომ უნდა ინტერესდებოდეს მედია ეკლესიაში მრევლის შეკრებისა და ზიარების საკითხით პანდემიის დროს. დიახ, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია საფრთხეებზე და რისკებზე ინფორმაციის მიწოდება.

საფრთხე და რისკი ინფექციის გავრცელების არსებობს, თუკი ადამიანები არ დაიცავენ მთავარ წესს, რაც უკავშირდება სოციალურ დისტანცირებას და თვითიზოლაციას, რომელიც გამოიხატება მთავარ მესიჯში - “დარჩი სახლში!” ეს წესი ირღვევა, როდესაც ადამიანები თავს იყრიან ეკლესიაში ლიტურღიაში მონაწილეობის მისაღებად. ის არგუმენტი, რომ ეკლესიაში შეკრებილი მრევლი დადგენილ დისტანციას იცავს, არაფერს ცვლის, როცა მათი ერთი კოვზით ზიარება ხდება. ინფექცია ვრცელდება, პირველ რიგში, წვეთოვანი გზით. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ერთი კოვზით ზიარების შედეგად, ანუ წვეთოვანი გზით მრევლის წარმომადგენლები დაინფიცირდებიან, შემდეგ ისინი თავიანთი სოციალური კონტაქტებით ეკლესიის გარეთ ქმნიან ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს.

ამდენად, ზიარების და მრევლის შეკრების საკითხი ამ შემთხვევაში არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, რომელიც მედიამ უნდა დააკმაყოფილოს - დასვას შეკითხვები, მოიპოვის პასუხები, აღწეროს ფაქტები და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

შესაბამისად, ამას არაფერი აქვს საერთო ვინმეს რწმენის თავისუფლების ხელყოფასთან. ამიტომაც სრულიად უადგილოა, როდესაც ჟურნალისტები “თავის მართლების პოზაში” დგებიან, როდესაც ამ თემების გაშუქებას იწყებენ და ასრულებენ იმით, თუ რამდენად ღრმად მორწმუნეები და აღმსარებლები არიან პირადად ისინი და როგორ პატივს სცემენ კონკრეტულ სასულიერო პირებს. თუმცა, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, როდესაც თავად ექიმებისა და ინფექციონისტებისგან ვისმენთ ასეთ “აღსარებებს” პირდაპირ ეთერში, რის გამოც “უფლის ნების იმედად” ყოფნას გვირჩევენ. სხვათაშორის, მედიის ინტერესის საგანი უნდა იყოს ასეთი “აღსარებებიც” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ინფექციასთან ბრძოლაზე და არა დაბადების დღის ტორტებით გამასპინძლება რესპონდენტებთან ან მათთვის საჯაროდ სიყვარულის ახსნა.

ბლოგის ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ