18.04.2020
ციანიდის სკანდალის შემდეგ, ნაციონალური მედიაორგანიზაციების ნაწილმა გაჭირვებით დაძლია რელიგიის ჟურნალისტიკის პირველი კლასის პროგრამა და თითქოს ეპისკოპოსისა და მღვდლის გარჩევა ისწავლა, თითქოს დაიზუთხა კიდეც სხვაობა პანაშვიდსა და პარაკლისს შორის, აღარც ბოლომდე მიწასგართხმული შემეოხებდა სრულიად საქართველოს მამებსა და დედებს, დროდადრო კი გვიგდებდა სახელგანთქმულ “ერორს”, როცა სინოდის სხდომიდან გამოვარდნილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კათოლიკოს-პატრიარქისადმი წაყენებული ბრალდების გადმოცემა უწევდა, ფიზიკის კანონებსაც კი აყენებდა ეჭვქვეშ დიდი შაბათის ცეცხლის დღესასწაულზე, მაგრამ კაცი მაინც იფიქრებდა, პანდემია რომ დაიწყოს, რაღაცას მოახერხებენო.
ო, წმიდაო გულუბრყვილობავ!
ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ვინც სასწაულების ფაქტად გასაღებით ფიზიკას აუქმებს, არც ვირუსოლოგიას დაინდობს და არც ეპიდემიოლოგიას.
მრავალგზის გვინახავს, როგორ მარცხდება მედია ფანატიზმთან, სიძულვილთან, ანტიმეცნიერებასთან თუ ფიზიკურ ძალადობასთან. ჟურნალისტებს მრავალგზის უმტყუნიათ საზოგადოებისთვის და უღალატიათ პროფესიული ეთიკისთვის, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ასე სასიკვდილოდ და მასშტაბურად არაადეკვატური.
და კი, რთულ დროს, სამოსნობაც ვერაფერი შეღავათია. საკმარისი არ არის, უბრალოდ აღარ იწვე, აღარ თვინიერებდე და ოდნავ გაკადნიერებას ბედავდე. საკმარისი არ არის შორენას მუქარანარევ ზარებს აღარ პასუხობდე, ან შენი სიუჟეტები კათოლიკოს-პატრიარქისადმი აღვლენილ ონლაინწირვას აღარ ჰგავდეს.
საკმარისი არ არის, ქალბატონ ეზუგბაიას, ბატონ გამყრელიძეს, იმნაძეს ან ცერცვაძეს ეკლესიის თავგასულობაზე კითხვებს უსვამდე, როცა ისინი დიდი უპასუხისმგებლობით იჩლექენ ენას, ან შეშინებულები ძლივს და უკვე დაგვიანებით ახერხებენ არტიკულაციას - წირვაზე არ წახვიდეთო. საკმარისი არ არის ხელისუფლებას, ჯანდაცვისა თუ იუსტიციის მინისტრებს ეკითხებოდე - მერე კანონი რომ ირღვევაო?
საკმარისი არ არის, რადგან მედია თავის მოვალეობას კითხვის დასმით არ ამოწურავს. ხანდახან მისი მოვალეობა პასუხის არმიღებაა.
პასუხის არმიღებაა საჭირო, როცა მეცნიერი - მეცნიერებას ჰყიდის, ხელისუფლება - ხელისუფლებას, ხოლო ეკლესია - რწმენას.
სხვა შემთხვევაში, ჟურნალისტებიც გავყიდით ფაქტებს.
ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ პასუხისმგებელი პირების არაადეკვატურ კომენტარებსა და აშკარა ტყუილებს, ზოგჯერ გონიერების გამაუქმებელთ.
ჩვენ არ უნდა ვჯერდებოდეთ მხოლოდ წინასწარ დაწერილი ნელთბილი გზავნილების ფოსტალიონობას.
ანგარიშვალდებული პირები უნდა უფრთხოდნენ მედიის რისხვას. უნდა უფრთხოდნენ პასუხისმგებლობით აღვსილი პროფესიონალების უმწვავეს კრიტიკასა და უკიდურესად, რეალობასთან ადეკვატურობაში გამწვავებულ და, მე თუ მკითხავთ, განრისხებულ ტონს.
ჩვენ უნდა ვასხვავებდეთ ფაქტებსა და ინტერპრეტაციებს.
რა არის ფაქტი?
ფაქტი ის არის, რომ პანდემიის კრიზისის დროს, ხელისუფლება და მედიცინა პრაქტიკულად ჩამოემხო გავლენიანი რელიგიური ფანატიკოსების ფერხთით და მხოლოდ კოსმეტიკური ჩარევითღა ცდილობს ჩვენს გამოსარჩლებას, საბოლოოდ კი მომავალ არჩევნებზე საკუთარი ბედის გამოსარჩლება სურს.
ფაქტი ის არის, რომ დღისით-მზისით თუ შუაღამით-კომენდანტით კანონი ირღვევა. ფანატიზმი კი მასზე აღზევდა.
ფაქტი ის არის, რომ ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენი ჯანმრთელობა მედიცინის პროფესიონალების ხელიდან გამოსტაცეს და ჭკუიდან შემცდარი ფანატიკოსებს გადაულოცეს.
ფაქტი ის არის, რომ ეპიდემიოლოგებმა თუ ინფექციონისტებმა ამ პოლიტიკურად მოტივირებულ უკანონობას უკიდურესად ყრუდ უპასუხეს და ჩვენს ჯანმრთელობას ზოგი ენამოჩლექით გამოესარჩლა - ზოგმაც, იმას ვიზამ, რასაც ფანატიკოსთა გავლენიანი ლიდერი მიბრძანებსო.
მედიამ ეს ფაქტები ვერ გადმოსცა. ვერ დაგვანახა. ვერ შემოგვთავაზა სურათი, სადაც თავსდამტყდარი უბედურება არსებითად იქნებოდა გადმოცემული, იმდენად, რომ უბედურების კატასტროფულობა აღგვექვა.
ამის პარალელურად, მან აირჩია ებალანსებინა სიკეთესა და ბოროტებას შორის.
ნაციონალური მედიაორგანიზაციები რელიგიურ ფანატიკოსებსა და მათ აპოლოგეტებს სასიკვდილოდ დიდ დროს უთმობდნენ, ეს მაშინ, როცა ადეკვატურად კრიტიკულ აზრს ზოგჯერ ეთერიდან აძევებდნენ.
უნდა გვესმოდეს, რომ მომაკვდინებელი ფანატიზმის სტერილური გაშუქება ჟურნალისტიკა არ არის, ჟურნალისტიკა ფაქტების ხელოვნებაა.
ჩვენ არ მოგვეთხოვება ვაბალანსოთ კანონსა და უკანონობას შორის.
ჩვენ არ მოგვეთხოვება პატივისცემა დავუდასტუროთ გავლენიან კრიმინალებს (“დიდი პატივისცემით, მამა ანდრია, მე თქვენ არ გებრძვით, მაგრამ რომ გვწამლავთ, მაინც მიწევს გაფხაკუნება”).
ჩვენ არ მოგვეთხოვება ამ კრიმინალებს საზოგადოების საღი აზრისგან გადარწმუნების შესაძლებლობა მივცეთ.
აბა, არ გავაშუქოთო?! გვკითხავენ ხოლმე კრიტიკოსებს კოლეგები. როცა ეს კითხვა უკვე ჩამოთვლილი არგუმენტების შემდეგ დაისმის, პასუხის ხასიათზე აღარ ხარ, მაგრამ პასუხი საჭიროა.
რაღა თქმა უნდა, გაშუქება აუცილებელია!
საქართველოს ეკლესია ამ ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური მოთამაშეა, მისი არგაშუქება, ან დისპროპორციულად მცირე გაშუქება მხოლოდ ბრიყვული, სტერილური და ელიტისტური გადაწყვეტილებაა, რომელსაც, როგორც იქნა, ჩვენი ლიბერალური მედიაც დაეხსნა.
გაშუქება აუცილებელია, მაგრამ აქ თავს იჩენს ცენზურის, სურვილისა და კომპეტენციის პრობლემები.
ხანდახან ცენზურა გავალებს, შენი კომპანიისა თუ ამ კომპანიის მფლობელთა უსაფრთხოებას მოუფრთხილდე, ხანდახან თვითცენზურას იწესებ, რომ ქუჩაში არ გცემონ, ხანდახან სურვილი კი გაქვს - მაგრამ კომპეტენცია არა.
კომპეტენცია კი მოითხოვს შემოქმედებითობასა და სიფხიზლეს. ვერც ერთი პროფესიონალი, ფუნდამენტური პრინციპების მიღმა ვერ დაწერს სტანდარტების სრულ ჩამონათვალს, რადგან სტანდარტები გარემოებებისა და მიზნების კომბინაციით ყალიბდება. გარემოებები კი მუდმივად იცლვება. კონტექსტი ხან ამას მოგვთხოვს, ხან იმას - დანარჩენები კი შედეგებით იზომება. თუ შედეგი საზოგადოების ინტერესებს აცდენილია, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ წარუმატებელ ფორმატებზე.
წარუმატებელი ფორმატები და წარუმატებელი გაშუქება პანდემიის დროს - აღარ არის პროფესიული ღირსებისა თუ საზოგადოების ინფორმირებული არჩევნის საკითხი - ჯანმრთელობის საკითხია.
კი ვხუმრობდით, მაგრამ ხანდახან მედია ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ჩვენ უნდა ვცნოთ ახალი სინამდვილე, გადავაფასოთ საკუთარი თავი და მივხვდეთ, რომ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები.
ეს კრიზისი მხოლოდ საქართველოში არ დგას, დასავლური, რესპექტაბელური მედიებისთვის თვალის გადავლებაც კმარა, ერთ ნიუსში ათი შეცდომის საპოვნელად.
სწორედ ამ კრიზისის შედეგია ისიც, რომ მრავალი არაკომპეტენტური და გამოუცდელი კრიტიკოსი, ხანდახან იმგვარი სტანდარტების სასრულ ჩამონათვალს წარმოგვიდგენს, რომლებიც არაფრით პასუხობს მუდმივ ცვლადს - გარემოებას. ხანდახან ეს კრიტიკა ჩაშენებულია სიზარმაცეში - სჯობს ამტკიცო, რომ რაღაც არ უნდა გაშუქდეს, იმისთვის, რომ ოდნავ მეტი არ წაიკითხო, ხანდახან - განუსწავლელობაში.
პროფესიული სტანდარტების ფორმირება არ დასრულებულა, ის მიმდინარეობს აქ და ახლა - სტანდარტებიცა და ეთიკაც, საბოლოოდ პროცესია - მთავარია, არ იცვლებოდეს მიზნები.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიის რეპუტაცია და ცნობადობა. ჰედლაინი, რომელსაც ერთი მედია ერთ აუდიტორიას აწვდის, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად იკითხებოდეს, ვიდრე მეორის მიერ შერჩეული იგივე. სხვაა მედიაა, სხვაა აუდიტორია. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას, უსწრაფესი უკუგებით მუშაობაში ვაკორექტირებდეთ პოლიტიკას - საჭიროა ყოველდღიური გადაწყვეტილებების აქტიური მიღება და არა გამზადებული სტანდარტებით გაზარმაცება - “ტრენინგზე მოვისმინე და საკმარისია” ან “ნაცნობმა მედიაექსპერტმა გამობრძნა” - სავალალო შეცდომაა.
რა თქმა უნდა, არსებობს ლეგიტიმური დისკუსია და ლეგიტიმური განსხვავებები, მათ შორის, იმის შესახებ, რა არის სწორი და რა არასწორი მიზნის მისაღწევად და ეს დებატი კვლავ გაგრძელდება - მთავარია გადაწყვეტილებებს პროფესიონალები იღებდნენ და არა რეალობას მოწყვეტილი ზარმაცები, მთავარია მიზნები გვქონდეს საერთო.
ჩვენ არ უნდა ვიქცეთ არც კრიტიკოსთა ტყვეებად და არც მხოლოდ საკუთარ ნაბადს დანდობილ შეუვალ თავკერძებად. ჟურნალისტის მოვალეობაა ყოველდღიურად ვითარდებოდეს ახალ დისკუსიებსა და კონტექსტებში.
მოვიდა დრო, მედიამ აღიაროს თეოლოგიური და კანონიკური რწმენა-წარმოდგენების პოლიტიკურობა. კანონიკა ისეთივე პოლიტიკური შეიძლება იყოს, როგორც კანონი. უძველესი დოკუმენტებიც კი, დღემდე ახდენენ გავლენას გეოპოლიტიკაზე.
მაგალითად, აღარარსებული ქალაქის - კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1686 წელს, მის მიერვე გამოცემული სიგელი გააუქმა, 451 წლის ქალკედონის კრების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რომ 2019 წელს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია მიეცა. ყოფილა კანონიკა პოლიტიკის კომპონენტი?
როცა შენი მედია ამ თემატიკას დროს არ უთმობს, საზოგადოებრივ იმუნიტეტს აჩლუნგებ, შედეგად კი საზოგადოება ადვილად მოწყვლადია გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტების მავნებლური თუ მკვლელი ფანატიზმის წინაშე.
რელიგია გაშუქების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს.
ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალისტები რომლებიც ამ პროფილს ცხოვრებას მიუძღვნიან.
სხვანაირად, არაფერი გამოვა.