როგორ შეითავსა კომუნიკაციების კომისიამ „მორალური პოლიციის“ როლი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების არასწორი წაკითხვის გზით
29.01.2021
ბოლო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის მხრიდან გახშირდა მედიის მიმართ სანქციის გამოყენება ეთერში უხამსი პროგრამის გაშვებისათვის. ამის მაგალითია, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში გაშვების გამო, სადაც პერსონაჟები იყენებდნენ პროფანაციულ გამონათქვამებს, ტელეკომპანია "ფორმულას" დაჯარიმება 2500 ლარით. განსაკუთრებით საგანგაშო იყო პარლამენტის საქმიანობის გაშუქებისათვის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობა 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით. „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია კადრები, როგორ იფხანს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი სასქესო ორგანოს. ჟურნალისტი ამ ვიდეომასალას იყენებს არხის სარედაქციო პოლიტიკის წარმოსაჩენად, რომ პარლამენტი, რომელშიც ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, იქნება იმ საქმიანობით დაკავებული, რითაც ფინანასთა მინისტრი პარლამენტის პირველივე სხდომაზე.

„ჩემი ცოლის დაქალებისაგან“ განსხვავებით, „მთავარი არხის“ სიუჟეტი მთლიანად იყო პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა. ამ ფორმით „მთავარმა არხმა“ და სიუჟეტის ავტორმა გამოხატა თავისი კრიტიკული პოლიტიკური პოზიცია პარლამენტისა და მთავრობის მიმართ. სიუჟეტში ასახული იყო ნამდვილი ფაქტები, რაც ხდებოდა საჯაროდ, პარლამენტის წევრების, ელჩების, ჟურნალისტების თანდასწრებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალის მიხედვით, სახელმწიფოს შესაძლებლობა, შეზღუდოს პოლიტიკური გამოხატვა არის ძალიან ვიწრო, სხვა შინაარსის გამოხატვასთან შედარებით. ამის მიზეზი არის ის, რომ მოქალაქეებს მიეცეთ, შეუზღუდავი შესაძლებლობა, მათი აზრი გამოხატონ ხელისუფლების მიმართ. პოლიტიკური სიტყვის მაქსიმალური თავისუფლების გარეშე, პოლიტიკოსები არ იქნებოდნენ ანგარიშვალდებულნი მათი ამომრჩევლების წინაშე, ხალხს გაუჭირდებოდა ხელისუფლებაზე აზრის ფორმირება და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. ამით კი საფრთხე შეექმნება დემოკრატიულ მმართველობას.

არ არსებობს დემოკრატია პოლიტიკური გამოხატვის მაქსიმალური თავისუფლების გარეშე. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კერძო პირებთან შედარებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა პოლიტიკოსებთან მიმართებაში. პოლიტიკოსები თავისი სიტყვებით და ქმედებით გააზრებულად იპყრობენ ჟურნალისტებისა და ფართო საზოგადოების ყურადღებას, ამის გამო, პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების მაღალი ხარისხი უნდა გამოავლინონ კრიტიკის მიმართ".

გარდა იმისა, რომ სიუჟეტში ასახული იყო „მთავარი არხის“ კრიტიკული პოზიცია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ, კრიტიკის ობიექტი პოლიტიკოსი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იყო. „მთავარი არხის“ კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია საჯარო ფუნქციის შესრულებისას, ხალხმრავალ ადგილას, მინისტრის არცთუ ისე მიღებულმა ქცევამ. ამგვარად, „მთავარი არხის“ სიუჟეტი სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით.

ის, რომ პოლიტიკური გამოხატვა განსაკუთრებით არის დაცული ამაზე მიუთითებს, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც უხამსობად არ ითვლება გამონათქვამი, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. ცხადია, რომ „მთავარი არხის“ სიუჟეტს ჰქონდა პოლიტიკური ღირებულება, ამიტომ ქართული კანონმდებლობის კეთილსინდისიერად განმარტების შემთხვევაშიც კი ეს სიუჟეტი „უხამსობად“ არ უნდა ჩაითვალოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, უხამსობის აღმოფხვრის, მორალის დაცვის სახელით და ამ გზით პოლიტიკური სიტყვის შეზღუდვის მიზნით საქმეში ერთვება საქართველოს კომუნიკაციების კომისია. ეს უკანასკნელი თავის განცხადებაში უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებაზე, რაც თითქოს კომუნიკაციების კომისიას უხამსობის შემცველი მასალის ეთერში გაშვების გამო მაუწყებლის სანქცირების უფლებას ანიჭებს. კომისია აცხადებს: „2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება".

არის თუ არა ვალდებული კომუნიკაციების კომისია, 2009 წლის გადაწყვეტილებით, აღკვეთოს მედიაში უხამსობის შემცველი მასალის მოხვედრა, ამის გასარკვევად, უნდა წავიკითხოთ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილი.

თავდაპირველად უნდა ვთქვათ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი კრძალავდა ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებას ეთერში რომელიც შეიცავს უხამსობას“. იმავდროულად, ასეთი პროგრამის ან რეკლამის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენა შესაძლებელი იყო მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმში. მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმით უკმაყოფილო ადამიანს არ ჰქონდა უხამსი რეკლამის ან პროგრამის სასამართლოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

მოქალაქეებმა გიორგი ყიფიანმა და ავთანდილ უნგიაძემ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ გასაჩივრებული ნორმები მათ ართმევდა სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს საკონსტიტუციო სასამართლოში არ უმტკიცებიათ ის, რომ მათ უნდა ჰქონოდათ კომუნიკაციების კომისიისათვის მიმართვის უფლება. რასაც მოსარჩელეები ითხოვდნენ იყო ის, რომ უხამს პროგრამებთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოეხდინა მხოლოდ სასამართლოს. სწორედ ამიტომაც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს (კონსტიტუციის ძველი რედაქცია). ამ მუხლის თანახმად: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლით არ იყო გარანტირებული სასამართლოს გარდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ამაზე მეტყველებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც, მაგალითად, 2016 წლის 4 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვისას არ მოქმედებდა კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის უფლება. ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლი მაშინ იწყებდა მოქმედებას, როდესაც საკითხი ადმინისტრაციული ორგანოდან გადაინაცვლებდა სასამართლოში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 21 მარტს მიღებულ საოქმო ჩანაწერში კიდევ უფრო მეტად დააზუსტა ის, თუ რა იგულისხმება კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩაწერილ სიტყვა „სასამართლოში.“ საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სიტყვა სასამართლოში იგულისხმება მხოლოდ საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოები:“

ამგვარად, კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩაწერილ სიტყვა „სასამართლოში“ არ იგულისხმება კომუნიკაციების კომისია. მოსარჩელე გიორგი ყიფიანს და ავთანდილ უნგიაძეს რომ იმის სურვილი ჰქონოდათ, რომ კომისიასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსაც ჰქონოდა უხამს გადაცემებზე რეაგირების შესაძლებლობა, სარჩელში მხოლოდ კონსტიტუციის 42-ე მუხლს არ მიუთითებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლო კი ვერ გაცდებოდა მოსარჩელეების მოთხოვნას და ვერ იმსჯელებდა, სასამართლოს გარდა სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვის უფლებაზე და ეს ასეც მოხდა. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სადავო ნორმა გამორიცხავდა კონსტიტუციით გარანტირებული ნებისმიერი უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება არ იყო აბსოლუტური უფლება, სხვათა უფლებების დასაცავად შეიძლება ეს უფლება შეზღუდულიყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა: „ცალკეულ შემთხვევაში, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა სხვა უფლებებთან შედარებით, მაგრამ ამის მართლზომიერების შეფასება ზუსტად სასამართლოში უნდა მოხდეს ... სასამართლოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს გამოხატვის ფორმის და შინაარსის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და, მეორე მხირვ, ის ზიანი, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია.“

ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, ის, რომ თუკი უხამსი პროგრამებით შეილახა სხვისი უფლება, იმ ადამიანს, რომლის უფლებაც პროგრამამ შელახა, საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს და არა კომუნიკაციების კომისიას. ასეთ საქმეში სასამართლო აფასებს პროგრამის ფორმას და შინაარსს და ამის საფუძველზე სარჩელს აკმაყოფილებს და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ასევე აუნაზღაურებს მოსარჩელეს უხამსი პროგრამით მიყენებულ ზიანს, ან სარჩელს არ აკმაყოფილებს და უპირატესობას გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებს. ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო და არა კომუნიკაციების კომისიაა, ის სახელმწიფო ორგანო, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უხამს პროგრამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სასამართლოსაგან განსხვავებით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს იმის მიუხედავად, პროგრამით თავს გრძნობს თუ არა ვინმე დაზარალებულად. ამასთან მაუწყებლისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და არ ემსახურება პროგრამით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ეს მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლო 2009 წლის გადაწყვეტილებაში აცხადებს: „მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მათ შორის, უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.“

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ გვხდება არც ერთი ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის მიერ დაწესებული აკრძალვა - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რეაგირება მოახდინოს უხამს პროგრამაზე - გაუქმებულია. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია: „ ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.“ ამ ჩანაწერში მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. ეს იყო მუხლი, რომლითაც გარანტირებული იყო სასამართლოსათვის და არა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ამგვარად, არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოდგება იმის მტკიცებისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კომისიის მიერ უხამს პროგრამაზე რეაგირების აკრძალვა.

ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება არათუ არ ავალდებულებს, არამედ უკრძალავს კიდეც სასამართლოს გარდა სხვა რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უხამსობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის შესაძლებლობას. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ისევე ეკრძალება ასეთი საჩივრების განხილვა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების მიღებამდე ეკრძალებოდა.
 

ბლოგის ავტორი : გიორგი გოცირიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ