'TV პირველის' ეპიზოდი: ხელისუფლება მედიასთან ბრძოლის მოჯადოებულ წრეზე
12.03.2021
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა,  კრიტიკული მედიის კანონმდებლობით შეზღუდვის საკითხი მუდმივად განახლებად რეჟიმშია. “კანონის სახელით” კრიტიკულ მედიასთან ბრძოლის არაერთი ეპიზოდი ირიცხება წინა ხელისუფლებების სახელზეც.

ბოლო ათწლეულებია ვუყურებთ ომს ამ მოჯადოებულ წრეში, იმის მიუხადავად, რომ მედიასთან ბრძოლის ყველა რაუნდი ყოველი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებითა და მარცხით სრულდება.

⇒ "რუსთავი 2-ის" ეპიზოდი -  20 წლის წინ:

2001 წლის ოქტომბერში, ხელისუფლებამ სასამართლოსგან დადგენილება ანუ “კანონიერი უფლება” მიიღო და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები კრიტიკული ტელევიზიის - “რუსთავი 2-ის” ოფისში გაგზავნა ფინანსური დოკუმენტაციის ამოსაღებად და შესამოწმებლად.

უშიშროების თანამშრომლების ტელევიზიაში შეჭრა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა. საზოგადოების რეაქციამ არ დააყოვნა და პროტესტიდან ორ დღეში, მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა მთავრობა გადაეყენებინა.

ამ ამბიდან ერთი წლის თავზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, შემდეგ წელს კი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას “ვარდების რევოლუციის” გზით ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

⇒ რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე 20 წლის წინ?

საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზია ამხელდა ხელისუფლების მანკიერებებს - კორუფციულ და სხვა არალეგალურ საქმიანობაში მთავრობის წევრების მონაწილეობას და ა.შ.

საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ განიზრახა კრიტიკული მედიის ჩახშობა და ამ განზრახვის “კანონიერი შეფუთვისთვის” სასამართლოს მიმართა. სასამართლოს, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი, იყო მიკერძოებული და ჩაფლული იყო კორუფციაში.

საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლების “კანონიერი” ბრძოლა კრიტიკული ტელევიზიის წინააღმდეგ იყო უსამართლო და საბოლოოდ ხელისუფლება შეიცვალა.

⇒ "იმედის" ეპიზოდი - 14 წლის წინ:

2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა. იმავე დღეს ტელეიმედს სასამართლომ სამაუწყებლო სიხშირის გამოყენების უფლება შეუჩერა. “კანონით აღჭურვილი” სპეცრაზმი ტელევიზიაში შეიჭრა, რაც მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა. სპეცრაზმმა დაარბია ტელევიზია, დაშავდა რამდენიმე ათეული ჟურნალისტი და ოპერატორი. მაუწყებლობა გაითიშა. მეორე დღეს, ანუ 8 ნოემბერს კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ “მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის მოტივით” ტელეკომპანია ”იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია სამი თვით შეუჩერა.

საზოგადოების რეაქციამ არ დააყოვნა, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, “იმედის” დარბევიდან 2 კვირაში, მიხეილ სააკაშვილი გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

⇒ რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე 14 წლის წინ?

საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზია ამხელდა ხელისუფლების მანკიერებებს - ძალადობრივ ანგარიშსწორებას მოქალაქეებთან, ბიზნესის ტერორს, ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა მძიმე ფაქტებს და ა.შ.

საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ განიზრახა კრიტიკული მედიის ჩახშობა და ამ განზრახვის “კანონიერი შეფუთვისთვის” მიმართა სასამართლოს. სასამართლოს, რომელიც არ იყო დამოუკიდებელი და ასრულებდა პროკურატურის და ხელისუფლების “ნოტარიუსის” ფუნქციას; მიმართა კომუნიკაციების კომისიას, რომელიც დაკომპლექტებული იყო სახელისუფლებო კადრებით და გამოიყენებოდა კრიტიკულად განწყობილ მედიებთან ანგარიშსწორებითვის. საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლების “კანონიერი” ბრძოლა კრიტიკული ტელევიზიის წინააღმდეგ იყო უსამართლო და პროტესტის შედეგად ხელისუფალი გადადგა.

"TV პირველის" ეპიზოდი - რა ხდება ახლა:

9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოსცა განჩინება, რომლითაც პროკურატრურას მისცა უფლება ამოიღოს ტელევიზიისთვის ანონიმური წყაროს მიერ გადაცემული მასალა, ანუ როგორც მოსამართლის განჩინებაშია დაკონკრეტებული, “კონვერტი” და “ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა”. შედეგად პროკურატურას, ანუ ხელისუფლებას აქვს “კანონიერი უფლება”, რომ შეიჭრას ტელევიზიაში, როგორც ეს გააკეთა 2001 წელს ხელისუფლებამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში" ან 2007 წელს - ტელეკომპანია “იმედში”.

2001 წელს ხელისუფლება აცხადებდა, რომ "რუსთავი 2-ში" დამალულ 1.5 მილიონს ეძებდა; 2007 წელს ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ “იმედმა” “ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობის რეალური საფრთხე შექმნა”. ამჟამად ხელისუფლება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ტელევიზიაში ან ჟურნალისტების სახლში იძულებით შეჭრის “კანონიერ უფლებას” აძლევს მათ უნებართვო მიყურადების საქმის სრულყოფილი გამოძიებისთვის სჭირდება.

რატომ ხდება ეს ყველაფერი დღეს ასე?

საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიები ამხელენ ხელისუფლების მანკიერებებს - კორუფციას, ნეპოტიზმს, არაფორმალურ მმართველობას, ოლიგარქიას, ფარული ჩანაწერების უკანონო გავრცელებას, რუსეთთან კავშირებს და ა.შ.

საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს კრიტიკული მედიის ჩახშობა და ამ განზრახვის “კანონიერი შეფუთვისთვის” მიმართავს საკანონმდებლო ინიციატივებს ცილისწამების ან სიძულვილის ენის კრიმინალიზაციისთვის, იყენებს კომუნიკაციების კომისიას მედიის შინაარსობრივი რეგულირებისთვის ანუ ცენზურისთვის; კომისიას, რომელიც უწინდებურად ხელისუფლების მსახურებაში ერთგულების ნიშნით შერჩეული კადრებითაა დაკომპლექტებული. იყენებს სასამართლოს კრიტიკული მედიის საქმიანობაში ხელშეშლისთვის. სასამართლოს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აღზევებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანით დააკომპლექტა ამჯერად უვადოდ.

საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლების “კანონიერი” ბრძოლა კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ არის უსამართლო და…

… და რაც ამის შემდეგ ხდება, ეს უკვე არაერთხელ არის ასახული საქართველოს უახლეს ისტორიაში.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ