კანონიერია თუ არა მედიით ფარული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელება?
15.03.2021
ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძესა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრების “TV პირველის“ ეთერში, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში გასვლის შემდეგ.

კანონიერია თუ არა მედიით ფარული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელება - ეს არ არის კითხვა, რომელზეც შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი გაიცეს. ამის მიზეზი არის ის, რომ მედიის გამოხატვის თავისუფლებას უპირისპირდება სატელეფონო საუბრის მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების უფლება. როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე პირადი ცხოვრება არის კონსტიტუციით გარანტირებული თანაბარი რანგის უფლებები. არც ერთ მათგანს არა აქვს უპირატესობა მეორის მიმართ.

პირადი ცხოვრების უფლებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა თუ გამოხატვის თავისუფლებას, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, პირველ რიგში, კი თავად ჩანაწერის შინაარსზე, სატელეფონო საუბრის მონაწილე პირთა სტატუსზე, მედიის კეთილსინდისიერებაზე.

სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით ისჯება კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის (მათ შორის სატელეფონო საუბრის) უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. ამგვარად, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ დაისჯება სატელეფონო საუბრის კანონიერად გავრცელება. შესაბამისად, უნდა გავარკვიოთ, რა შემთხვევაში ეძლევა მედიას უფლება, კანონიერად გაავრცელოს სატელეფონო ჩანაწერი.

კანონი, რომელიც გარკვეული პირობების დაცვით, მედიას პირადი ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას აძლევს, არის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც აღნიშნულია: „კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.“ ეს კანონი ასევე განსაზღვრავს იმას, თუ რა არის საკითხი, რომლის ცოდნაც დაკავშირებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლებთან. ასეთი საკითხი შეიძლება იყოს პირადი ინფორმაციის ისეთი ასპექტი, რომლის მიმართაც არსებობს საზოგადოების ინტერესი და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი..)

სატელეფონო საუბარი, რაც ეხება პოლიტიკოსის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენას, არის საკითხი, რაც უნდა იცოდეს ამომრჩეველმა საიმისოდ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი მოსთხოვოს მის მიერ არჩეულ პოლიტიკოსს, ამით განახორციელოს საზოგადოებრივი თვითმმართველობა. ასეთ შემთხვევაში კანონი უპირატესობას ანიჭებს გამოხატვის თავისუფლებას პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების უფლებასთან შედარებით. მეორე მხრივ, თუკი სატელეფონო საუბარი ეხება პოლიტიკოსის ინტიმურ ცხოვრებას ან ისეთ საკითხს, რაზეც არსებობს მხოლოდ ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა, პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების უფლება უპირატესია მედიის გამოხატვის თავისუფლებასთან შედარებით.

მედიის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელებისას გამოხატვის თავისუფლების და პირადი ცხოვრების უფლების დაბალანსებასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული პასუხი გასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე RADIO TWIST A.S. v. SLOVAKIA. ამ საქმეში სლოვაკურმა რადიოსადგურმა „ტვისტმა“ 6 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაავრცელა ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს (პოლიტიკური თანამდებობის პირი) შორის. სატელეფონო საუბარი ეხებოდა მმართველ კოალიციაში შემავალ ორ პარტიას (მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისთვის და სლოვაკეთის ნაციონალური პარტია) შორის დაპირისპირებას სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის პრივატიზაციის საკითხზე. საპრივატიზაციო საბჭომ, რომელსაც მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისთვის აკონტროლებდა, სადაზღვევო კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის წევრი. ამ უკანასკნელმა უარი თქვა, დამორჩილებოდა გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას: სადაზღვევო კომპანიის ძველმა მენეჯმენტმა, დაცვის კერძო სამსახურის და პოლიციის გამოყენებით დაიკავა სადაზღვევო კომპანიის კუთვნილი შენობები, საიდანაც გააძევა ახალი მენეჯმენტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ახალმა მენეჯმენტმა მოახერხა, მათ მიერ დაქირავებული კერძო დაცვის სამსახურის დახმარებით, შენობებზე კონტროლის დაბრუნება.

რადიო „ტვისტის“ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში სახელმწიფო მდივანი ეკითხებოდა ფინანასთა მინისტრს, რატომ მონაწილეობდა პოლიცია შენობიდან ახალი მენეჯმენტის გაძევებაში, რაზეც ფინანსთა მინისტრი პასუხობს იმას, რომ საპოლიციო ძალების მეთაური სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის წევრია და ამით თანაპარტიელ, ძველი მენეჯმენტის წარმომადგენლებს იცავდა.

ამ ჩანაწერების ეთერში გაშვებისათვის სამოქალაქო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა. ეს უკანასკნელი დავობდა, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერით შეილახა მისი პიროვნული ხელშეუხებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს სარჩელი დააკმაყოფილა და რადიო „ტვისტს“ დაავალა სახელმწიფო მდივნისათვის მიყენებული მორალური ზიანის და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოს თქმით, მედიას ჰქონდა უფლება საკუთარი დასკვნები და აზრი გამოეთქვა მიმდინარე მოვლენაზე, ფარული ჩანაწერის გავრცელების გარეშე. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, რომელმაც განაცხადა, რომ სატელეფონო მომსახურების აბონენტის პირადი ცხოვრება ილახებოდა მისი სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის გავრცელების გზით.

სლოვაკეთის ეროვნული სასამართლოების პოზიცია არ გაიზიარა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც რადიო „ტვისტის“ სანქცირება შეაფასა კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, პირველ რიგში, შეაფასა ფარული სატელეფონო საუბრის მონაწილე პირთა სტატუსი: ერთი მოსაუბრე იყო ფინანსთა მინისტრი, ხოლო მეორე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, რაც არა პროფესიული, არამედ პოლიტიკური თანამდებობა იყო. ამგვარად, საუბრის მონაწილეები იყვნენ საჯარო და არა კერძო პირები.

ამის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაფასა გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი. საუბარი ეხებოდა ორ პარტიას შორის დაპირისპირებას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიის პრივატიზაციის თაობაზე. პარტიებს შორის დაპირისპირება იყო პოლიტიკური შინაარსის, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოს მართვის და პრივატიზაციის საკითხი არის საჯარო ინტერესის მქონე თემა. ამგვარად, ფარული სატელეფონო საუბარი არ ეხებოდა პირადი ცხოვრების რაიმე დეტალებს, არამედ პირადი კომუნიკაციის თემა იყო პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხები.

ევროპულმა სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ არც მოსარჩელე მედიასაშუალებას, არც მის თანამშრომელს არ დაურღვევია კანონმდებლობა და ფარულად არ ჩაუწერია მაღალი თანამდებობის პირები. უკანონო ქმედება ჩაიდინა მესამე პირმა. ევროპული სასამართლოს თქმით, „რადიო „ტვისტი“ დასჯილი იქნა იმ ინფორმაციის ეთერში გაშვებისათვის, რაც მესამე პირმა უკანონოდ მოიპოვა. ევროპული სასამართლო თვლის, რომ მესამე პირის მიერ კანონის დარღვევით ინფორმაციის მოპოვება, არ ართმევს მედიას კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიას, გაავრცელოს ეს ინფორმაცია.“

ბოლოს ევროპულმა სასამართლომ გაარკვია, საჯარო პირებს შორის საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე მესამე პირის მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერი ხომ არ იყო გაყალბებული მისი გამავრცელებელი მედიის მიერ. ამ კითხვაზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარყოფითი პასუხი გასცა. ევროპული სასამართლოს თქმით, ეროვნული სასამართლოების წინაშე ვერ დადასტურდა ის, რომ ჩანაწერი შეიცავდა უზუსტო და დამახინჯებულ ინფორმაციას და ამ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ რაიმე ზიანი მიაყენა მოსარჩელის რეპუტაციას.

ამ გარემოებების გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო მდივნის რეპუტაციის დასაცავად აუცილებელი არ იყო რადიოსადგურის სამოქალაქო წესით სანქცირება. სლოვაკეთის სახელმწიფომ ამით დაარღვია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი.

ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ფარული ჩანაწერების მედიით გავრცელების კანონიერების საკითხის გასარკვევად უნდა დაგინდეს შემდეგი საკითხი:

1) სატელეფონო საუბარი ეხება საჯარო თუ კერძო პირებს;

2) სატელეფონო საუბრის შინაარსი არის პირადი ხასიათის თუ მაღალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერესის მქონე საკითხი;

3) სატელეფონო საუბარი მისმა გამავრცელებელმა მედიამ ჩაიწერა უკანონოდ თუ მესამე პირმა;

4) რედაქტირების გზით დაამახინჯა თუ არა მედიამ ჩანაწერის შინაარსი, რითაც გავრცელდა ზიანის მომტანი არაზუსტი ინფორმაცია;

საჭიროდ ვთვლით, გავარკვიოთ რამდენად პასუხობს TV პირველის მიერ ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელება ამ სტანდარტებს. საუბარში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. უდავოდ, ეს ორი თანამდებობის პირი არის საჯარო პირი, რომლებსაც კერძო პირებთან შედარებით თმენის მეტი ვალდებულება ეკისრებათ მედიაში მათ შესახებ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

სატელეფონო ჩანაწერის შინაარსი არ ეხებოდა საუბრის მონაწილე ან სხვა პირების პირადი ცხოვრების ასპექტებს. სატელეფონო საუბრის შინაარსი იყო მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის შვილის გავლენა მოქმედ პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსზე, ასევე სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებს, რომლშიც მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები შეიძლება ყოფილიყვნენ ჩართული. ამგვარად, ჩანაწერი არ არის პირადი შინაარსის, რომლის მიმართაც გარკვეულ ჯგუფებს შესაძლოა უბრალო ცნობისმოყვარეობა ჰქონდეს, ჩანაწერის შინაარსი არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი.

სატელეფონო საუბარი არ ჩაუწერია TV პირველს ან მის რომელიმე თანამშრომელს. ეს ჩანაწერი გააკეთა მესამე პირმა და TV პირველმა წყაროს მიერ მიწოდებული ჩანაწერი გაავრცელა. ის, რომ მესამე პირმა დაარღვია კანონი, ეს გარემოება არ ართმევს TV პირველს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებას, გაავრცელოს ამგვარი ინფორმაცია, თუკი მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი ჩანაწერის ავთენტურობა. ამის მიუხედავად, საუბრის მონაწილეებმა დაადასტურეს ჩანაწერში ასახული საუბრის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთის ავთენტურობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ იკვეთება ჟურნალისტების მხრიდან ფარული ჩანაწერების გაყალბების, უზუსტო ინფორმაციის გავრცელებით სხვისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების ფაქტი.

ამგვარად, TV პირველის შაბათის ეთერში ფარული სატელეფონო საუბრების გავრცელების ფაქტი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

ბლოგის ავტორი : გიორგი გოცირიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ