„დედასთვის“ - პოდკასტი ციფრული მედიისა და ინფორმაციის უკეთესი ანალიზისთვის
05.09.2021
უკვე ოთხ წელზე მეტია, მედია წიგნიერების თემას ვიკვლევ და სხვადასხვა პროექტით ვცდილობ ამ მიმართულების განვითარებას. თუმცა კოვიდ პანდემიის პირობებში სულ უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, საზოგადოებისა, და ქვეყნისთვის.

მოუსმინეთ პოდკასტს აქ:

 


დღევანდელ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა სიტყვებსა და ფრაზებს ვირჩევთ ამა თუ იმ თემაზე სასაუბროდ, ვის, როგორ და როდის ვესაუბრებით.

ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი პანდემიის პარალელურად დაწყებულ პროექტებზე მუშაობის დროს. მაგალითად, გავაცნობიერე, რომ უხერხულია სკოლის მოსწავლეს ახალ ციფრულ პლატფორმებზე ესაუბრო მაშინ როცა, შენს ტრენინგზე დასასწრებად მას მობილური ინტერნეტის ყიდვა სჭირდება, რომელსაც შეუზღუდავად მხოლოდ 24 საათის განმავლობაში გამოიყენებს.

მთავარია, განსაზღვრო კონტექსტი, რომ მიხვდე, ვის როგორ ესაუბრო განსაკუთრებით ისეთ თემებზე, რომლებიც შესაძლოა მათთვის სრულიად გასაგები არ იყოს.

პოდკასტი, „დედასთვის“ სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით შეიქმნა „პროექტ 64-ისა“ და „მედიაჩეკერის“ თანამშრომლობით. ეს არის პროექტი, რომელიც აკვირდება როგორ იღებს და აანალიზებს ინფორმაციას ჩემი მშობლების თაობა, ანუ ის თაობა, რომელიც ტელევიზიის, რადიოსა, და გაზეთების ეპოქაში დაიბადა და ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში გადავიდა.

სანამ უშუალოდ პოდკასტზე გესაუბრებით, რამდენიმე მნიშვნელოვან ცნებას განვმარტავ:

რა არის მედიაწიგნიერება?

სინამდვილეში მედიაწიგნიერებაში ახალი არაფერია. დაუმატეთ წერა-კითხვის უნარებს ციფრული ტექნოლოგიებისა და ციფრული მედიის მოხმარებისა და ანალიზის უნარები, და მიიღებთ საბაზისო უნარს, რომელიც დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წერა-კითხვის უნარი გასული საუკუნის საზოგადოებაში.

ოფიციალურად ეს ტერმინი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1992 წელს გამოიყენეს და განსაზღვრეს, რომ რომ მედიაწიგნიერება ყველანაირ მედიაზე წვდომის, მისი ანალიზის, შეფასებისა და შექმნის უნარებს აერთიანებს.

21-ე საუკუნეში მედიაწიგნიერება ცვალებადი ტერმინია და გაცილებით მეტ იდეას აერთიანებს ვიდრე უბრალოდ მედიასთან ურთიერთობაა. ის გვეხმარება, კარგად გვესმოდეს, რა როლი აქვს მედიას თანამედროვე საზოგადოებაში. მედიაწიგნიერების ამერიკელი მკვლევარი და პროფესორი, რენე ჰობსი მედიაწიგნიერების მთავარ კომპეტენციებად 5 მთავარ უნარს აღიარებს:

  • საინფორმაციო რესურსზე წვდომა
  • ანალიზი
  • შექმნა
  • რეფლექსია
  • მოქმედება.

მედიის გამოყენებისა და შექმნის უნარების განვითარების გარდა ის გვავალდებულებს სიღრმისეულად და კრიტიკულად გავაანალიზოთ თუ რა პრინციპით მუშაობს მედია, რა გზავნილები აქვს მას და სხვა.

მედიაწიგნიერების ადვოკატირება ყველა თაობაშია საჭირო და რაც მთავარია, შესაძლებელი. მთავარი აქ კონტექსტი და ინდივიდუალური საჭიროებების კვლევაა, რომლის საფუძველზეც კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის იქმნება კურსი, რომელიც მათ უნარებს თანამედროვე გამოწვევისკენ მიმართავს.

პოდკასტი „დედასთვის“ - რატომ მშობლების თაობა?

მედიაიწგნიერების პროექტების დიდი უმრავლესობა აქცენტს ბავშვებსა და მოზარდებზე აკეთებს, რაც ბუნებრივია. ზრდასრულები ფიქრობენ რომ ბავშვები და მოზარდები ყველაზე დაუცველები არიან, ამიტომ საფრთხის განეიტრალება პირველ რიგში მათ უნდა ვასწავლოთ.

ამ ფონზე ყურადღების მიღმა რჩებიან ისინი, ვინც ახალი თაობის ზრდა-განვითარებაში მონაწილეობს - მშობლები, ბებია-ბაბუები, და მასწავლებლები.

მედიაწიგნიერების მიმართულებით ამ ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებები პანდემიამ კიდევ უფრო გამოააშკარავა. ვაქცინაციის დაწყების პირველ ეტაპზე მესმოდა ისტორიები შეფერხების შესახებ, რომელიც ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას შეექმნათ მოხუცებსა და საქართველოს პერიფერიებში მცხოვრებ მოსახლეობას.

სასწავლო პროცესი რომ არ შეწყვეტილიყო, საჭირო გახდა დამატებითი ციფრული წიგნიერების ტრენინგები მასწავლებლებისთვის. მარტო დარჩენილი მოხუცებისთვის, როგორც ვირუსის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, მობილური კომუნიკაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობის შენარჩუნების გზაზე.

გარდა ამისა, პანდემიამდე და მის შემდეგ ჩატარებულ კვლევებში იკვეთება რომ შუა ხნის ასაკობრივი ჯგუფი არა მხოლოდ ვირუსის მიმართ არამედ მოზღვავებული ინფორმაციის (ე.წ. ინფოდემიის) მიმართაც მოწყვლადია. თითქმის ყველა ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელების დიდი წილი სწორედ შუა ხნის ასაკის მოსახლეობაზე მოდის, რაც პრობლემის პრიორიტეტულობაზე მიგვანიშნებს.

მეორეს მხრივ მედიაგანათლება ორპულუსიანი პროცესია და უკეთეს შედეგს თაობებს შორის თანამშრომლობით მივაღწევთ. ინკლუზიურობის ელემენტი მედიაწიგნიერების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეცაა.

ამიტომაც, პოდკასტის, „დედასთვის“ თითოეულ ეპიზოდში არა მხოლოდ ვაკვირდებით ინფორმაციისა და ციფრული მედიის მოხმარების თავისებურებებს შუა ასაკის მოსახლეობაში, არამედ ვიკვლევთ იმის შესაძლებლობასაც თუ როგორ შეიძლება მათი ემპირიული ცოდნა და გამოცდილება მედიაწიგნიერების სწავლების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახდეს.

ყოველ ეპიზოდში მედიას მათთან ერთად განვიხილავთ მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვის საფუძველზე.

მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვა, გარკვეულწილად, იმეორებს ჟურნალისტიკაში ამბის გავრცელების ტექნოლოგიას, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჟურნალისტიკა ქმნის ამბავს, მედიაწიგნიერება კი ნაწილებად შლის და აანალიზებს მას.

მედიაწიგნიერების ამერიკელი მკვლევარები და მასწავლებლები მედიის/ინფორმაციის ანალიზს შემდეგი კითხვების დასმით იწყებენ:

1. ვინ შექმნა ამბავი?

ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ამბავზე. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია ვიცოდეთ ორი რამ: 1. რომ ეს ამბავი, ჩვენამდე მოსული ფორმით ვიღაცამ ან ვიღაცებმა შეარჩიეს და 2. ამბავი შეიქმნა ამ არჩევანის შედეგად. ავტორის ვინაობის გაგება უბრალოდ სახელის და გვარის გაგების მიღმა წასვლას ნიშნავს და სიღრმისეული კონტექსტის კვლევას საჭიროებს სუბიექტის გარშემო.

2. რა მეთოდებია გამოყენებული ყურადღების მისაპყრობად?

წინადადებების და სიტყვების არჩევანი, აუდიო-ვიზუალური ეფექტები, ის თუ როგორ იცვლება გამოსახულება კადრიდან კადრამდე - ეს ტექნიკური დეტალებია, მაგრამ გამოყენებული იმისთვის რომ აუდიტორიის ყურადღება მიიპყროს, ამიტომ ამ კითხვის არსი მდგომარეობს ამ მეთოდების მარტივ მამრავლებად დაშლასა და ანალიზში.

3. როგორ აღიქვამს ერთსა და იმავე გზავნილს სხვადასხვა ადამიანი?

ეს კითხვა ინტერპრეტაციების მრავალფეროვნებაზეა, ანუ ერთსა და იმავე ამბავს დედა და შვილი, სტუდენტი და პროფესორი, ქალი და კაცი, ბებია და შვილიშვილი, დასაქმებული და უმუშევარი, ორი საუკეთესო მეგობარიც კი ყოველთვის ერთნაირად ვერ აღიქვამს, ამიტომ მედიაწიგნიერი ადამიანის ამოცანაა ერთმანეთისგან განასხვავოს ამბის ინტერპრეტაციის დიაპაზონი.

4. რა იდეოლოგია დგას ამ ამბის უკან?

სიტყვა იდეოლოგია ამ კონტექსტში გულისხმობს კონკრეტული ღირებულებების, რწმენა-წარმოდგენების, პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების ერთობლიობას, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებს და არჩევანს განაპირობებს. თუ ჟურნალისტი რომელიმე იდეოლოგიით არის მოტივირებული, ნებისმიერი მისი კითხვა თუ ქმედება, სწორედ ამ იდეოლოგიით არის ნასაზრდოები. ეს კითხვა მახსენებს ქართული ლიტერატურის გაკვეთილებს, როდესაც ტექსტის დედა-აზრის, დიდაქტიკის ამოხსნას გვავალებდნენ.

5. რა არის გამოტოვებული?

პასუხი ამ კითხვაზე აუდიტორიას ეხმარება გაიგოს მედია პროდუქტის ავტორის მიერ გაკეთებულმა მიზანმიმართულმა თუ უნებლიე არჩევანმა რამდენად დაარღვია ამბის სრულყოფილება.

ამ კითხვების დასმა კრიტიკული დისტანციის გამომუშავებაში გვეხმარება, რომელიც ამბის რაციონალური ანალიზისთვის გვჭირდება. თავიდან ეს უხერხულობამდე ხელოვნური პროცესია, მაგრამ შემდეგ ის რუტინაში გადადის. შედეგად კი, ის ინფორმაციული ველის მოწესრიგებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.

მედიაგანათლების ერთ-ერთი დიდი ბრიტანელი მხარდამჭერი ლენ მასტერმანი ამ მდგომარეობას „კრიტიკულ ავტონომიას“ უწოდებს, როდესაც „ადამიანი საკუთარ თავს აანალიზებს“ მედიასთან და ინფორმაციასთან მიმართებაში. პოდკასტი „დედასთვის“ სწორედ ასეთი სავარჯიშოა, რომელსაც ექსპერიმენტის სახე აქვს.

თითოეულ ეპიზოდში გმირები თავად არჩევენ ამბავს, რომელსაც ზემოთ ნახსენები ხუთი კითხვის მიხედვით აანალიზებენ. პასუხების ძიებისას კი იგებენ არა მხოლოდ ამბავს, არამედ უკეთ იცნობენ საკუთარ თავს მედიის და ინფორმაციის მოხმარების მიმართულებით. როგორც ერთ-ერთი ეპიზოდის გმირმა მითხრა, ამ პროცესში ისინი ახალ ცოდნასაც იღებენ საკუთარ თავზე.

პოდკასტი „დედასთვის“ კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება პროექტ „64“-ის ყველა პლატფორმაზე.

ავტორი : სალომე აფხაზიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ