არ არსებობს მკვლელობის კადრების დაუფარავად გაშუქების არგუმენტი
17.09.2021

ჟურნალისტად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება მაქვს და ამ დროის განმავლობაში უფრო ხშირად მედიის მისამართით უსამართლო და არაადეკვატური შენიშვნები მესმის. სულ მგონია, რომ მედიის მუშაობის გაიდლაინებს კომფორტულად მოკალათებული ისეთი ადამიანები წერენ, ვისაც არასდროს უმუშავიათ კრიზისულ ვითარებაში, არ გაუშუქებიათ არცერთი აქცია, მიტინგი, პრესკონფერენცია და არ იციან რა რთულია პარალელურ რეჟიმში იმაზე ფიქრი, არ დააყენო ზიანი და ამავდროულად მთავარი და მეორეხარისხოვანი ამბავი გაარჩიო ფორსმაჟორში. ამ დათქმას რატომ ვწერ, მგონი, ცხადია - იმ ადამიანებს ნამდვილად არ მივეკუთვნები ვისთვისაც მედია ხელის შესაწმენდი სივრცეა.

ახლა მთავარზე, 16 სექტემბერს ტელეკომპანიამ "ფორმულა" საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ამსახველი დაუფარავი კადრები უჩვენა. ფორმულას საინფორმაციო გამოშვება დასრულებულიც არ იყო, ფეისბუქზე უკვე მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა მედია სტანდარტზე, საზოგადოებრივ ინტერესზე და ადამიანებისთვის იმის შეხსენებაზე, რომ მედიის მუშაობის მიზანი რეალობის ასახვაა, როგორიც არ უნდა იყოს ის. ამ დისკუსიაში ორი მთავარი პარალელი გაჩნდა - 20 წლის წინ მომხდარი 9/11-ის ტრაგედიის გაშუქება და სულ რაღაც ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობა, როდესაც აშშ-ის მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლე პოლიციელის არამართლზომიერ ქმედებას ემსხვერპლა.

11 სექტემბრის ხსენებამ ერთი კადრი გამახსენა, რომელიც დღევანდელ დისკუსიას ეხმიანება და მეც სულ რაღაც 1 წლის წინ აღმოვაჩინე, როდესაც 11 სექტემბრის შესახებ სიუჟეტს ვამზადებდი. 20 წლის წინ გადაღებულ ამ გამორჩეულ ფოტოზე არც სისხლია, არც დასახიჩრებული სხეულები ჩანს, არც შენობიდან გადმომხტარი ადამიანების უკანასკნელი წამები არ არის ასახული, მაგრამ მისმა ავტორმა ფოტოგრაფმა ტომას ჰოპკერმა ფოტო არ გამოაქვეყნა. მეტიც, როდესაც სააგენტო „მაგნუმმა“ ტერაქტთან დაკავშირებული კრებული გამოსცა, კრებულში ფოტოს შეტანას ჰოპკერი არ დათანხმდა. გადაღებიდან მხოლოდ 5 წლის თავზე იხილა სურათმა დღის სინათლე და დროში მეტ-ნაკლებად დისტანცირებული კონტექსტის მიუხედავად, მაინც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

კადრში ჩანან ადამიანები, რომლებიც მშვიდად და მხიარულად უყურებენ ნიუ-იორკში მიმდინარე უბედურებას. ფოტოს აღმოჩენისას მასზე აღბეჭდილი ერთ-ერთი ადამიანის ინტერვიუც წავიკითხე, ყვებოდა როგორ უწევდა მუდმივად იმის მტკიცება, რომ არ არის გულქვა და სასტიკი ადამიანი და ამ კადრმა ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.

alt

ფოტო - ტომას ჰოპკერი

9/11-ის და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემთხვევის გაშუქება გულისხმობს იმის ჩვენებას როგორ იხოცებიან ადამიანები კამერის წინ. ასეთ გაშუქებას მიმართეს ისეთმა მედიებმა რომელთა ეთიკურობის მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ერთი შეხედვით, ეს პარალელები მართლაც ჰგავს "ფორმულას" საინფორმაციო გამოშვებაში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღევანდელ გაშუქებას, მაგრამ მხოლოდ იმაზე აპელირება რითაც ეს შემთხვევები ერთმანეთს ჰგავს და იმის სრული იგნორირება რითაც განსხვავდება, არის უბრალო მანიპულაცია.

9/11 ტრაგედია ხდებოდა ლაივ რეჟიმში, ასეთ დროს მედიას არ აქვს იმის ფუფუნება, ზიანი და რისკები წონოს და ერთადერთი გამოსავალია საინფორმაციო დინებას მიჰყვეს. ცხადია, როდესაც მსოფლიოს ცენტრში ტერორისტული აქტი ხდება, შეუძლებელია მედია სტანდარტი გკარნახობდეს იმას, რომ ეს არ აჩვენო, შესაბამისად, მედიას ამგვარ ეთიკურ კატეგორიებს არავინ უყენებს. ამასთან ერთად, ყველას გააზრებული აქვს ისიც, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები ასეთ ფორსმაჟორში თავადაც რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს.

რაც შეეხება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას, ამ მკვლელობის ლამის ერთადერთი მტკიცებულება გახდა მოქალაქე ჟურნალისტის დარნელა ფრეიზერის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლის უკანასკნელი წამებია ასახული. ეს ვიდეო ნათლად ასახავს იმას, რომ ფლოიდი პოლიციელისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ინტერპრეტაციის არავითარ სივრცეს არ ტოვებს, რისი რისკიც, რომ არა ეს ვიდეო, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობდა. ასეთ შემთხვევაში არათუ გამართლებულია, მედია ვალდებულია კადრები აჩვენოს.

ზემოთაღწერილ რომელ შემთხვევას ერგება 15 სექტემბრის მკვლელობის გაშუქება? რა ფორსმაჟორი ედგა მედიას მკვლელობის გაშუქებისას რომ ჯერ დაეფარა კადრები და შემდეგ ეჩვენებინა პირდაპირ ეთერში?! - არავითარი.

ან რა მტკიცებულებითი ღირებულება აქვს ამ ვიდეოს?! არსებობს რამე ეჭვი, დისკუსია, ინტერპრეტაცია, რომ ნიკო კვარაცხელია უბედურმა შემთხვევამ მოკლა და არა მიზანმიმართულმა ტყვიამ?! - არა.

იმ რეალობის აღსაწერად, რომელმაც მაყურებელს უნდა აჩვენოს რომ ქუჩაში დღისით, მზისით გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის, ამ მიზნის მისაღწევად დაფარული ვიდეოს ჩვენებაც საკმარისი იქნებოდა.

ვინაიდან ამ მკვლელობის კადრების დაუფარავად გაშვების არგუმენტები არ არსებობს, ან ცხადი არ არის, ამიტომაც ჩნდება ეჭვები და პრეტენზიები სენსაციონალიზმის და რეიტინგის მიზანზე და არა საზოგადოებრივ ინტერესზე, შესაბამისად ეს კრიტიკაც ლეგიტიმურია და არც კრიტიკის ავტორები იმსახურებენ უვიცად მოხსენიებას.


ბლოგის ავტორი : ელენე ხაჭაპურიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ