Network (1976) - ფილმი, ტელერეიტინგებსა და მანიპულაციაზე
20.10.2021
რეჟისორ სიდნი ლუმეტისა და სცენარისტ პედი ჩაევსკის 1976 წლის ფილმი Network, რომელიც პირდაპირ ეთერში თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილ ტელეწამყვანზეა, დღეისთვის ჟურნალისტებსა და მედიაზე შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება.

გამოგონილ ტელეკომპანია UBS-ის შესახებ არსებული სატირული შავი კომედია, რომელიც ტელეწამყვან ქრისტინ ჩაბაკის გახმაურებული ლაივ-სუიციდიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა, ძირითადად სატელევიზიო რეიტინგის რაობასა და მრავალწლიანი სტაჟის მქონე ტელეწამყვანის პირად განცდებზეა.



სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინების გამო, პერსონაჟ ჰოვარდ ბილს სიმთვრალეში მეგობართან საუბრისას მოსდის იდეა სუიციდის შესახებ, რასაც პირდაპირ ეთერში უმალ დააანონსებს.

სენსაციური ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, ყველა შოკშია, ჰოვარდ ბილი კი მეორე დღესვე ინანებს და კვლავ ტელევიზიით განაცხადებს, რომ სისულელე თქვა, მაგრამ აქ მაყურებელი უკვე სხვაგან, ტელეარხის შიდა სამზარეულოში ერთვება და მისი ბოსებისა თუ თანამშრომლების სამუშაო სტილს ეცნობა.

ამ ჯგუფს, განსაკუთრებით კი ფეი დანაუეის გმირ დაიანა ქრისტენსენს, მხოლოდ სატელევიზიო რეიტინგი ადარდებს, უფრო მეტიც - იგი სექსის დროსაც ტელეგადაცემების რეიტინგებზე ფიქრობს და ლაპარაკობს. ის იმ კატეგორიიდანაა, რომელიც ღიად აცხადებს, თუ როგორ უხარია ბანკის ძარცვის ვიდეომასალა რომ არსებობს და ნატრობს, ნეტავ ტერორისტებმა ხიდების აფეთქება, ანდა ელჩების მკვლელობაც ფირზე გადაიღონ, რითაც მის ტელევიზიას მსუყე ლუკმა გაუჩნდება, „მთელ დოკუმენტურ სერიალს დავდებთო“, - ოცნებობს. მაყურებელი დაიანას გარდა სხვა ტელეარხ UBS-ის ჟურნალისტებსა და ბოსებსაც ეცნობა რომლებიც სულ უფრო და უფრო მანიპულირებენ ჰოვარდ ბილით.

ჰოვარდი დეპრესიიდან სწრაფად გამოდის, დიქტორობიდან უცებ იქცევა პოპულარულ შოუმენად, სუიციდის ნაცვლად უკვე სულიერ ჰარმონიაზე საუბრობს და ტელემაყურებელზე აქეთ მანიპულირებს - მის მოწოდებებსა და ბრძანებებს პირდაპირ ეთერში უამრავი ადამიანი ასრულებს.

ჰოვარდ ბილი სწორედ ტელევიზორიდან უნერგავს ხალხს, რომ ტელევიზორი, ეს ის ყუთია, რომლის გარეშეც ვერ ძლებენ, რომლიდანაც ყველაფერს იგებენ და რომლიდანაც ტელეარხები ყველაფერს დააჯერებენ მოსახლეობას. თვალს უხელს ყველას, რომ ტელევიზია ერთი დიდი ცირკია. მისი ახალი შოუც ნელ-ნელა უღიმღამო ხდება, რეიტინგიც ეცემა, მის ზემდგომებს კი მხოლოდ თავიანთი სატელევიზიო ქსელის რეიტინგი ადარდებთ. ჰოვარდ ბილი მათთვის უკვე ზედმეტი ბარგია, რომელიც თავიდანაა მოსაშორებელი...

პედი ჩაევსკის სცენარს კინოკრიტიკოსები ფუტურისტულსაც უწოდებენ. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული სცენარისტის, ოსკაროსანი აარონ სორკინის თქმით, არცერთ ფილმს არ უწინასწარმეტყველია მომავალი ისე, როგორც - ჩაევსკის სცენარს. სიდნი ლუმეტის 70-იანი წლების კინოშედევრი დღესაც აქტუალური და თანამედროვეა და დღესაც პირდაპირ გვეუბნება, რომ სადღაც მართლა არსებობს ჟურნალისტი, რომელიც დაბალი სატელევიზიო რეიტინგის გამო შესაძლოა მოკლან, ფილმის საკულტო ფრაზა კი მედიისთვის მანტრასავით ხშირ-ხშირად გასამეორებელია: "Television will do anything for a rating... anything!"

„ქსელი“ იმითაცაა გამორჩეული, რომ იგი ისტორიაში მეორე ფილმი გახდა, რომლითაც სამმა მსახიობმა (პიტერ ფინჩი, ფეი დანაუეი, ბეატრის სტრეიტი) შეძლო ოსკარების მოპოვება (მეოთხე ჯილდო ფილმისთვის ორიგინალ სცენარში პედი ჩაევსკიმ აიღო), ხოლო დღემდე ერთადერთი ფილმია, რომლითაც ერთბაშად ხუთი მსახიობი იყო ოსკარზე წარდგენილი. საინტერესოა ისიც, რომ პიტერ ფინჩს ჰოვარდ ბილის განსახიერებისთვის ოსკარი სიკვდილის შემდეგ ერგო - მსახიობი 60 წლის ასაკში გულის შეტევით კინოაკადემიის დაჯილდოებამდე მცირე ხნით ადრე დაიღუპა.

ბლოგის ავტორი : პაატა ჩახვაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ