“ინგეიჯმენტის” ვნება მედიაში
25.10.2021
12 წელია, მედიაში ვმუშაობ. ეს პრაქტიკა მოიცავს მედიის ყველა დარგს — ციფრულ მედიას, ტელევიზიას, პრესას, რადიოს. თითოეულ პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია, თუმცა, მათ ერთი რამ აქვთ საერთო — წარმატების საზომი.

ამ სფეროში დამკვიდრებული სტანდარტებით, წარმატების მთავარი საზომი რეიტინგია. და რაც უფრო დიდია შენი წილი აუდიტორიაზე წვდომის ზრდაში, მით მეტია შენი წარმატების შანსები მედიაბიზნესში.

ასეთია თამაშის წესები მედიაში და ეს წესი ხშირად მნიშვნელოვნად აზიანებს ცალკეული ჟურნალისტის, ან რედაქციის მიერ მომზადებული მასალის შინაარსს, და რაც უფრო მნიშვნელოვანია - აზიანებს ადამიანებს.

რატომ ვუშვებთ შეცდომებს, ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ეს მიზეზები, სხვადასხვა ტელევიზიის ან რედაქციის შემთხვევაში, სხვადასხვა მომენტში განსხვავებული შეიძლება იყოს, თუმცა, არის ერთი ფაქტორი, რაც ვფიქრობ, ყველა რედაქციას უბიძგებს დრამატული შეცდომისკენ და ეს შეცდომა, ციფრულ ენაზე რომ ვთქვათ, "ინგეიჯმენტის ვნებაა" („ინგეიჯმენტი“ სოციალურ მედიაში გავრცელებული ტერმინია და ამა თუ იმ პოსტში აუდიტორიის ჩართულობას ითვლის).

მე თავად ვყოფილვარ ამ ვნების ნაწილი და ვიცი, რომ სწორედ ამ ვნებას მოაქვს შეცდომები. ახალი და მიმდინარე ამბების გაშუქების ნაწილში, ყველაზე მეტად მაშინ შევმცდარვარ, როდესაც ყველაზე ნაკლებად დავფიქრებულვარ ერთ უმთავრეს ფაქტორზე — ინფორმაციის გავრცელების მიზანშეწონილობაზე.

მუდმივი სამუშაო სტრესისა და ახალი ამბების გაშუქებისას არსებული მუდმივი ფორსმაჟორის მიუხედავად, ჯობდა თუნდაც ორი წუთით მეტად დაფიქრება იმაზე, იყო კი კონკრეტული სინქრონი, კადრი, ამბავი იმდენად მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს იმ მომენტში მეჩვენებოდა? ხომ არ იყო კონკრეტული მასალის განთავსების ერთადერთი მიზანი არა საზოგადოებრივი ინტერესი, არა მასალის ინფორმაციული ღირებულება, არამედ ვნება მაღალი ინგეიჯმენტის მიმართ.

მეტწილად, ამ ყველაფერზე დაფიქრება სწორედ ციფრულ პლატფორმებზე მომუშავე ადამიანებს გვმართებს, ვინაიდან, მედიის ვერც ერთი მიმართულება ვერ ზომავს რეალურ დროში აუდიტორიის ინტერესს იმაზე ზუსტად, ვიდრე ციფრული მედია და ხშირ შემთხვევაში მცდარი, თუმცა სინამდვილეში აუდიტორიის საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზიც სწორედ Google Analytics-ში ასახული მკითხველთა რაოდენობის მაჩვენებლების ზრდა ან ფეისბუქპოსტის რაც შეიძლება მეტად გავრცელების დაუოკებელი ჟინი შეიძლება გახდეს.

თავისთავად, არაფერია ცუდი იმაში, რომ მედიას ჰქონდეს სწრაფვა მაღალი აუდიტორიის მაღალი ჩართულობისკენ, მაგრამ როდესაც ეს ფაქტორი იქცევა ძირითად ვნებად და მედიაპროდუქტის წარმატებულობის ერთადერთ საზომად, ეს უკვე ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აგდებს ხარისხს, ზრდის სენსაციურობისკენ სწრაფვას. შედეგად, ამ დროს მარტივია სტანდარტებიდან გადახვევა, რაც ძალიან აზიანებს რეპუტაციას, რომელიც სინამდვილეში, რეიტინგზე მეტად ფასობს.

ინგეიჯმენტის ვნებასა და ნახვების ზრდის ჟინს აყოლილებს ხშირად გვავიწყდება ეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ სინამდვილეში, ნებისმიერი ბიზნესის და განსაკუთრებით, მედიაბიზნესის შემთხვევაში, სწორედ იმ რეპუტაციაზეა დამოკიდებული დიდი წარმატებაც და დიდი მარცხიც. თუმცა სამწუხაროდ, ხშირადვე, ამაზე მაშინ გვიწევს დაფიქრება, როდესაც უკვე დაგვიანებული შეიძლება იყოს.

რეპუტაცია, რომელიც მხოლოდ მედიასტანდარტების ზედმიწევნით დაცვამ შეიძლება მოგვიტანოს, ინგეიჯმენტზე მეტია და ახლა ამ ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ გააზრების დროა. დროა, გავიაზროთ, რომ მკითხველზე ან მაყურებელზე ჩვენს გავლენას განსაზღვრავს არა ის მასალა, რომელიც სოციალურ ქსელებში მრავალ ათასობით ნახვას აგროვებს, არამედ ის, რომლებიც ჩვენ მიმართ ნდობით განაწყობს აუდიტორიას. ანუ ინფორმაცია, რომელიც ნამდვილად ღირებულია მისი შინაარსით და არა ინფორმაცია, რომლის ერთადერთი „ღირსება“ სანახაობაა.

და თუ დღევანდელ ციფრულ სამყაროში მკითხველს ან მაყურებელს რამით ვეღარ გააოცებ, სწორედაც რომ მრავალათასიანი ნახვებია. მრავალათსიანი ნახვების დაგროვება რიგით ტიკ-ტიკერს, იუთუბერს, ან ინსტაგრამის ვარსკვლავსაც გადასარევად შეუძლია, და ეს ფაქტია. და თუ მივიღებთ ამას, როგორც ფაქტს, მეტად დავფიქრდეთ, აბა, რაშია ჩვენი, როგორც ჟურნალისტების მთავარი ღირებულება. მხოლოდ ნახვებში?

და თუ ვაღიარებთ რომ მაღალი ინგეიჯმენტის ჟინი ჩვენი სფეროს ნამდვილ პრობლემად და გამოწვევად იქცა, ამ პრობლემის გადაჭრის გასაღები წარმატების საზომშია. უპირველესად კი ეს მედიამენეჯერებმა უნდა გაიაზრონ და ყოველკვირეული „ინგეიჯმენტის დოღის ათეულში“ (რომელსაც ამ დოღში გამარჯვებული ტელევიზიები სოციალურ ქსელებში ლამის ყოველკვირეულად აქვეყნებენ ხოლმე) საკუთარი შედეგებით ხიბლში ჩავარდნის ნაცვლად იმის გააზრება დაიწყონ, რამ მოუტანათ აუდიტორიაზე მაღალი წვდომისა და ჩართულობის მაჩვენებლები — მედიასტანდარტების დაცვით შექმნილმა, აუდიტორიის ინფორმირების მიზნით მომზადებულმა შინაარსმა, რომელსაც მოაქვს სარგებელი და არ აზიანებს მაუურებლის და მკითხველის ინტერესს, თუ სენსაციურად გაშუქებულმა ამბავმა?

ბლოგის ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ