14.12.2021
კენდრიკის პულიცერს ადარებდნენ ბობ დილანის ნობელს. იმ განსხვავებით, რომ, დილანის პრიზისგან განსხვავებით, არავინ დავობდა, რომ HUMBLE-ის ავტორი გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა.
თუმცა, გავიდა რამდენიმე წელი და დღეს ეს გამარჯვება არც ისტორიული ჩანს და არც მაინცდამაინც მნიშვნელოვანი.
ჯერ, მოდი ის ვთქვათ, თუ რა პრემია მიიღო კენდრიკ ლამარმა. პულიცერის პრემია ჟურნალისტიკასთან ასოცირდება ხოლმე, თუმცა ამ ჯილდოს 21 სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ამათი უმეტესობა მართლაც ჟურნალისტიკასთან არის დაკავშირებული - ცალ-ცალკე კატეგორიები აქვს, მაგალითად, საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებას, ადგილობრივი ამბების საუკეთესო გაშუქებას, საუკეთესო კრიტიკას, საერთაშორისო ამბების საუკეთესო გაშუქებას და ასე შემდეგ. ამას გარდა, პულიცერს გადასცემენ საუკეთესო მხატვრული ნაწარმოების, ბიოგრაფიის ან პოეზიის ავტორებსაც. "პულიცერის პრემია მუსიკაში" ცალკე კატეგორიაა - კენდრიკ ლამარს სწორედ ეს ჯილდო გადასცეს.
მაშ, რატომ წერდნენ "ისტორიულ მომენტზე" და "დიდ გამარჯვებაზე"? თითქოს რა გასაკვირია, რომ მუსიკოსმა ჯილდო აიღოს მუსიკისათვის?
საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპი უკვე დიდი ხანია იქცა ამერიკის წამყვან მუსიკალურ მიმდინარეობად, „მუსიკის დამჯილდოებელი ორგანოები“ მას მაინცდამაინც არ წყალობენ.
აი, „გრემი“ ავიღოთ, რომელიც დღემდე ყველაზე ცნობილი ამერიკული მუსიკალური დაჯილდოვებაა. გრემი „წლის ალბომისთვის“ ჰიპ-ჰოპის შემსრულებელს მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს გადასცეს. (Outkast-ს ალბომისთვის „Speakerboxxx/The Love Below“.) 2018 წელს, როდესაც კენდრიკმა პულიცერი აიღო, გრემის დაჯილდოებაზე მისი DAMN საუკეთესო ალბომის ნომინაციაში ბრუნო მარსთან დამარცხდა.
პულიცერის პრემია კი ყოველთვის უფრო ელიტისტური, „ცხვირაწეული“ იყო. წერენ, კენდრიკ ლამარამდე ჯილდოებს მხოლოდ კლასიკას და ჯაზს გადასცემდნენ ხოლმეო, რაც ტექნიკურად სიმართლეა, მაგრამ ფაქტობრივად - არა. პრიზი თითქმის ექსკლუზიურად კლასიკური მუსიკის კომპოზიტორებს და შემსრულებლებს გადაეცემოდა - ოპერებისთვის, სიმფონიებისთვის და ეგეთებისთვის. ჯაზის შემსრულებლებს პულიცერი მიუღიათ, მაგრამ მხოლოდ ორჯერ. პოპი ან როკი ჟიურის არასოდეს შეუმჩნევია. „მნიშვნელოვანი ამერიკული მუსიკის“ აღსანიშნავი ჯილდო არასოდეს მიუღიათ ჯორჯ გერშვინს, მაილს დევისს, არეტა ფრანკლინს, ჯონი კეშს, ბრიუს სპრინგსტინს...
ჰოდა, ამ ფონზე კენდრიკ ლამარის გამარჯვება წესით კიდევ უფრო ისტორიული არ უნდა მოჩანდეს? ამ ზე-პრეტენზიული ჟიურის აღიარებას თითქოს მეტი ფასი არა აქვს?
მოდი, პირიქით შევხედოთ. კენდრიკ ლამარისთვის არც 15 ათასი დოლარი წარმოადგენს რამეს (სწორედ ამდენია საპრიზო თანხა) და ყურადღების ცენტრში ყოფნაც არ აკლია. 2018 წელს ის უკვე საყოველთაოდ იყო აღიარებული, როგორც თავისი თაობის და, ვინძლო, ყველა დროის საუკეთესო რეპერი.
აი, პულიცერის პრემია მუსიკაში კი უკვე დიდი ხანია, რაც აღარავისთვისაა მნიშვნელოვანი.
ყოველთვის ასე არ ყოფილა. 1965 წელს დიუკ ელინგტონს ძალიანაც ეწყინა, როდესაც პულიცერის ჟიურიმ გადაწყვიტა, წელს განსაკუთრებული ღირებულების მუსიკა არავის შეუქმნიაო, პრემია არავის გადასცა და ელინგტონი ისე, უბრალოდ, ზეპირად შეაქო. 21-ე საუკუნეში კი ეს პრიზი უკვე მაინცდამაინც გამარჯვებულებსაც აღარ უხარიათ. 2003 წელს პრემია ჯონ ადამსმა მიიღო და შემდეგ ინტერვიუში განაცხადა - ამბივალენტურ გრძნობებს, ლამის ზიზღს ვგრძნობ, რადგან ამ ჯილდომ უკვე დიდი ხანია დაკარგა ის პრესტიჟი, რაც პულიცერის სხვა კატეგორიებს გააჩნიაო. რა უნდა მესიამოვნოს, როდესაც, ამდენი ხანია, ჟიური უყურადღებოდ ტოვებს ქვეყნის უდიდეს შემოქმედებს და მხოლოდ აკადემიურ მუსიკას აღიარებსო.
კენდრიკ ლამარს და, ზოგადად, ჰიპ-ჰოპს „ოფიციალური ორგანოების“ ლეგიტიმაცია კარგა ხანია აღარაფერში სჭირდება. მით უფრო „პულიცერისგან“, რომელსაც თავად აღარ გააჩნია ავტორიტეტი ამ სფეროში.
DAMN-ის დაჯილდოება მართლაც ისტორიული მომენტი აღმოჩნდა, მაგრამ უფრო თავად პულიცერის პრემიისთვის, ვიდრე რეპისთვის.