6 რამ, რაც მინდა, ქართულმა ტელევიზიამ 2021-ში დატოვოს
19.01.2022
სიზუსტე, მიუკერძოებლობა, ბალანსი — ახალი ამბების პატიოსნად წარმოების ამ ძირითად ფორმულას ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ასწავლიან, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სატელევიზიო სივრცის რეალობა განსხვავებულია და, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ამ მთავარ მცნებებს არაფრად დაგიდევენ. ტელევიზიებს, მეტწილად, მოსწონთ ხმაური, დაძაბულობა, ისედაც დრამატული გარემოს მეტად დრამატიზება და აბა, ასეთ მოცემულობაში რა სიზუსტე, რა მიუკერძოებლობა, რა ბალანსი?!

ამ თემას — რამდენად შეიცვალა ახალი ამბების გაშუქების სტანდარტი ბოლო წლებში, როგორ დაკარგეს პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებულმა მაუწყებლებმა მიუკერძოებელი გაშუქების ფორმალური სახეც კი, სხვა ბლოგპოსტში მივუბრუნდები. მანამდე კი, სხვა ხარვეზებს ჩამოვთვლი, რომელთა მიზეზით ქართული ტელევიზიები პირადად ჩემთვის სულ უფრო და უფრო უინტერესო ხდება და ვისურვებდი, ეს ხარვეზები 2021 წელს დარჩეს.

1. ისე მოქცევა, თითქოს ხალხი და სოციალური პრობლემები არ არსებობდეს

საინფორმაციო გამოშვებაში გასაშუქებელი ძირითადი თემების მხოლოდ პოლიტიკური მოვლენებით გაჯერება მაყურებელს თამაშგარე მდგომარეობაში გვამყოფებს, რადგან გამოშვებებში თითქმის არაფერს ამბობენ ჩვენზე, ჩვენს პრობლემებზე, გასაჭირზე, იმ შემთხვევების გარდა, თუ რომელიმე ჩვენგანი ყურადღების მიქცევის მიზნით ბენზინს არ გადაისხამს, ან რამე მსგავსი.

2. რეალითი შოუს კეთება პოლიტ-ელიტაზე

როდესაც ახალ ამბებს ვაშუქებდი, მჯეროდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაყურებლისთვის/მკითხველისთვის იმის მოსმენა, რა თქვა ამა თუ იმ მორიგ პოლიტიკურ კინკლაობაზე მეორე მხარემ, რას პასუხობს პირველ მხარეს და რა კომენტარს აკეთებენ ამ კინკლაობის შესახებ სხვა პოლიტიკოსები. იმ მომენტში მიმაჩნდა, რომ სწორედ ის იყო ყველაზე უფრო "ცხელი" თემა, რომელიც მკითხველს, ან მაყურებელს შეიძლება აინტერესებდეს.

ახალი ამბებისგან დისტანცირებამ ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა. აღმოვაჩინე, რამდენად უინტერესო და ქვეყნის განვითარებისთვის სრულიად არაფრისმომცემია ყოველი მეორე პოლიტიკური დაპირისპირება და რეალურად, რამდენად არის აცდენილი იმას, რომელიც მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე ახალი ამბებისგან ველი. ის კი, რაც ახლა ახალ ამბებში ხდება, ერთი დაუსრულებელი რეალითი შოუა პოლიტიკოსების მონაწილეობით.

3. წამყვანების კომიკურობამდე მკაცრი ტონალობა და ხმოვნებზე უმოწყალოდ "დაწოლა"

გთხოვთ, წელს მაინც აღარ გინდოდეთ ყოველი გამოშვების ისეთი სახითა და ტონით დაწყება, თითქოს, ეს სამყაროს აღსასრულის შესახებ ცნობა იყოს. ნურც თვალებს დაგვიბრიალებთ მეტჯერ, თუ შეიძლება.

4. საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაუფასურება (რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა)

კარგი საგამოძიებო ჟურნალისტიკა საქართველოსნაირი მყიფე დემოკრატიის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება სუსტი დემოკრატიის ხარვეზებით ბოროტად სარგებლობს და თანაც — ახლა უკვე მესამე ვადით. თუმცა, უდიდესი იმედგაცრუებაა შინაარსისგან დაცლილი, სკანდალზე ორიენტირებული შაბათის გადაცემების ზოგიერთი „საგამოძიებო“ სიუჟეტი, რომელთა ანონსი ქვასაც კი გახეთქავს, თუმცა, სიუჟეტის შინაარსისი ძალიან ხშირად გვახსენებს გასული წლების ტრენდული მიმების სერიას – რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა.

5. ერთი და იგივე სტუმრების ჩამოტარება ყველა არხის ყველა თოქ-შოუში

თოქ-შოუს, როგორც სადისკუსიო სივრცის მთავარი ხიბლი ფაქტების ანალიზი, მაყურებლისთვის მოვლენების ფართო ხედვით ჩვენება და პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზების ძიებაა. თუმცა, როდესაც ყველა ეთერში ერთი და იგივე პოლიტიკოსი, ან ექსპერტი საუბრობს, მათი მონაწილეობით დისკუსიის მოსმენა სრულიად კარგავს აზრს. თითოეულმა მაყურებელმა უკვე წინასწარ ვიცით რომელი არხის რომელი სტუმარი როგორ უყურებს აწმყოს, წარსულსა, თუ მომავალს. იმედია, თოქ-შოუების პროდიუსერები მალე განაახლებენ რესპონდენტების სიას.

6. ტრაგედიებით მანიპულირება

დაბოლოს, გასული წლის უდიდესი ტრაგედიის — ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის გაშუქების ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა ვფიქრობ, ყველაზე მტკივნეულად და ნათლად დაგვანახა, რამდენად დიდი სიფრთხილე მართებს მედიას ასეთი ამბების შესახებ სიუჟეტის მომზადებისა თუ პირდაპირი ეთერით ტრანსლირებისას.

დროა, ამ შეცდომამ მაინც შეცვალოს ტრაგიკული ამბების გაშუქების სრულიად მიუღებელი მიდგომა, რომელიც ერთგვარ სტანდარტადაც კი იქცა და ამ მიდგომას ზოგიერთი პროდიუსერი “მაყურებლის ინტერესით” ამართლებს.

არ ვიცი, შესაძლოა, მართლაც არსებობენ ადამიანები, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს ინტერვიუ თვალცრემლიან ჭირისუფალთან, რომელიც ჩაწერის მომენტში უდიდეს ტკივილს უმკლავდება, ან კუბოს ახლო კადრით ჩვენება, მაგრამ არა — უმრავლესობას.

არა, ნუ დააბრალებთ ჩვენს ინტერესს. არ მოგვწონს ამ ყველაფრის ყურება და მეტიც, უდიდეს ადამიანურ ტკივილს გვაყენებს ყოველი ასეთი კადრი. არც რომელიმე ჩვენგანი ისურვებდა ანალოგიურ ვითარებაში დაუპატიჟებლად მოშვერილი მიკროფონის ხილვას. ამის დასტური სწორედ ის გამოხმაურებები იყო, რომელიც ბათუმის ტრაგედიის გაშუქებისას ერთ-ერთი მედიის მიერ დაშვებულ შეცდომას მოჰყვა.

ასე რომ, იმედი მაქვს, ყველაფერი ზემოთ თქმული, განსაკუთრებით კი ტრაგედიებით მანიპულირება, გაჰყვება გასულ წელს და ამიერიდან მედია, ამ ნაწილში მაინც შეძლებს ეთიკის მაღალი სტანდარტის დაცვას.

ბლოგის ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ