ბევრმა ალბათ უკვე ნახეთ ფილმი Don’t Look Up ("არ აიხედო"),
მაგრამ მათთვის ვისაც სურათი არ უნახავს, რამდენიმე სიტყვას სიუჟეტზე
ვიტყვი. ორი მეცნიერი აღმოაჩენს, რომ დედამიწა ერთ-ერთი კომეტის
სამიზნეა და თუ კაცობრიობა არაფერს იღონებს, ზუსტად 6 თვეში ციური
სხეული პლანეტას გაანადგურებს. ისინი ყველა შესაძლო ხერხს მიმართავენ
პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ყურადღების მისაპყრობად, თუმცა
ამაოდ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი მათთვის მედიაა. ყველა სხვა
რგოლის მსგავსად, სამყაროს განადგურების შესახებ ცნობას მედიაც
არასერიოზულად იღებს, მასთან ერთად არასერიოზულად უყურებს ამ ახალ
ამბავს საზოგადოებაც.
ირონიულია ალბათ, რომ ფილმის გამოსვლა ისეთ ახალ ამბავს დაემთხვა,
რომლის თანახმადაც, 18 იანვარს დედამიწას ასტეროიდი ახლოს, თუმცა
უვნებლად ჩაუვლიდა. ზუსტი სამეცნიერო ცნობები, სამწუხაროდ, ქართული
სატელევიზიო მედიისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, ეს ახალი ამბავი სრულ
გროტესკად არ ექცია. თუ ფილმში საგანგაშო ინფორმაციის მიმართ ყველა
გულგრილია ჟურნალისტების ჩათვლით, ჩვენს რეალობა პირიქითაა, ზოგიერთი
ტელევიზია აჟიოტაჟის ატეხას ცარიელ ადგილზე შეეცადა.
რამდენიმე სიტყვას გაშუქების ვიზუალურ
ნაწილზე ვიტყვი. ამ ახალი ამბის საილუსტრაციოდ დედამიწის გულისკენ
მიმავალი ცეცხლმოკიდებული ობიექტია შერჩეული, რაც საშიშზე მეტად
კომიკურად გამოიყურება, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ეს ილუსტრაცია
სრულად აცდენილია თავად ამბის შინაარს. კიდევ უფრო კომიკურია
აღწერები, რაც ასეთ ილუსტრაციებს თან ერთვის. მაგალითად, დროის ათვლა
მოვლენაზე, რომელსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ დავინახავთ, მაგრამ,
ესეც არაფერია, იმასთან შედარებით, რა შეკითხვაც დაგვისვეს -
იგრძენით? - გვეკითხებიან მოვლენაზე, რაც ჩვენგან 2 მილიონი
კილომეტრის დაშორებით მოხდა.
ამ პოსტის კომენტარებს გადავხედე, ადამიანები მეტწილად დასცინიან
შინაარსსს და ქართული სატელევიზიო მედიის რწმენას, რომ ინტერნეტზე,
Google-ზე და ინგლისური ენაზე მხოლოდ მას აქვს წვდომა და სისულელე
შეუმჩნეველი დარჩება. ერთი ფეისბუქ მომხმარებელი იმასაც წერდა,
საქართველოს გარდა არსად ადარდებთ ეს ამბავიო. მეც გადავავლე თვალი
საერთაშორისო გამოცემებს, თითქმის ყველამ გააშუქა ასტეროიდის შესახებ
ახალი ამბავი, სენსაციონალიზმის გარეშე, სათაურშივე იმაზე აქცენტით, რომ ციური სხეული
დედამიწას გვერდს აუვლის. საქმიანი და ეთიკური გაშუქების მაგალითები
ცხადია, ქართულ
მედიაშიც მოიძებნა.
ახალი ამბის გაუფასურების ტენდენციის დანერგვას ტელევიზია ახლა ონლაინ
სივრცეში ცდილობს. სატელევიზიო რეიტინგის ციფრული თარგმანი ის
გამოხმაურებები და მყისიერი უკუკავშირია, რისი მიღებაც ტელევიზიისგან
განსხვავებით სოციალური ქსელებითაა შესაძლებელი. აბსურდული
ვიზუალიზაციაც და შეკითხვებიც, შეგვიძლია დამზაფვრელი მუსიკის და
წამყვანების დაძაბული ტონის ციფრულ ალტერნატივად ჩავთვალოთ, რაც
საბოლოო ჯამში ფეისბუქ აუდიტორიის უკუკავშირს ნიშნავს, თუნდაც
უარყოფითს ან დამცინავს.
მეტ აუდიტორიაზე წვდომის სურვილში არაფერია დასაძრახი. მედიის მუშაობა
აზრს კარგავს, თუ მას არ უყურებენ, არ კითხულობენ ან არ უსმენენ,
მაგრამ მედიის მუშაობა მაშინაც კარგავს აზრს, როდესაც მედია მისი
ფუნქციონირების მიზნებს შორდება - რეიტინგისთვის გადაჭარბების ხერხებს
მიმართავს და საბოლოოდ აყალბებს ამბავს, ან საინფორმაციო ღირებულებას
მოკლებული ამბების გაშუქებას იწყებს. დედამიწის და ასტეროიდის ამბავი
კი სწორედ გადაჭარბების ნიმუშია.
ონლაინ მედია გარემო ლამის ყოველდღიურად იცვლება, ახალი პლატფორმების
გაჩენა მის შინაარსზეც ახდენს გავლენას. ეჭვგარეშეა, რომ მედიამ ახალ
ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყოს, მათ შორის ინსტაგრამს, ტიკ-ტოკს და
ყველაფერს, რაც მომავალში გახდება პოპულარული. ამის წინააღმდეგ ყოფნა
იმთავითვე წაგებული ბრძოლაა. შეუძლებელია, მედიის გულშემატკივარი იყო
და ამავდროულად მას ციფრული პლატფორმების ათვისებისთვის აკრიტიკებდე.
წერისას 2016 წლის გამოცდილება გამახსენდა, როცა ამერიკის შეერთებულ
შტატებში წავედით ქართველი ჟურნალისტების ციფრული თხრობის უნარების
გასაუმჯობესებლად, ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა - გავლენიანი
გამოცემების პარალელურად პატარა გამოცემებსაც ვესტუმრეთ, ერთგან
ჩვენთვის სრულიად პარადოქსული რამ გვითხრეს. გამოძიება ჩავატარეთ და
მეტ ადამიანს რომ მივწვდომოდით რეპად ვაქციეთ და გაამართლაო. ბოლო
შეხვედრა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქციაში გვქონდა, გაზეთის სამი
რედაქტორი გვესაუბრა, ერთი ციფრული განყოფილებიდან, ვკითხეთ ემოჯებს
თუ იყენებთ, როცა მასალებს ფეისბუქით აზიარებთო, იშვიათადო, მხოლოდ
მსუბუქი ხასიათის მასალებსო - ენთუზიაზმის გარეშე გვიპასუხეს.
აუდიტორიის გასაზრდელად ყველა სტრატეგია და ხედვა მისაღებია, თუ მასზე
ნაფიქრია და მხოლოდ სენსაციონალიზმზე გათვლას არ ეფუძნება. ამის
დადასტურებაა ისიც, რომ თითქმის ყველა პატივსაცემ საერთაშორისო
გამოცემას ინსტაგრამის გვერდი და ტიკ-ტოკის არხი აქვს. ზოგი ტიკტოკს
განმარტებითი
ჟურნალისტიკისთვისაც იყენებს, კოვიდ პანდემიაზე, კლიმატის
კრიზისზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, ზოგიც სამზარეულოს და რეცეპტების
პოპულარიზაციისთვის. მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც ტიკ-ტოკზე
გასართობ
შინაარსს ქმნის, მაგრამ ეს კონტენტი მედიაორგანიზაციების სხვა
პლატფორმებისგან გამიჯნულია.
ციფრული მასალების შექმნა დამატებით რესურსს მოითხოვს, რედაქტორების,
პროდიუსერების, ჟურნალისტების პარალელურად, მედია ორგანიზაციებს
ციფრულ თხრობაში დახელოვნებული ადამიანების ქირაობაც უწევთ და
შესაძლოა, მსახიობებისაც. ონლაინ დინამიკისთვის ფეხის აყოლა დიდ
ხარჯებთანაცაა დაკავშირებული და გაცილებით რთულია, ვიდრე ეს
საქართველოში მედიამენეჯერებს წარმოუდგენიათ. თუმცა, რადგან ციფრული
სამყარო დომინანტური ხდება, ამ ხარჯის გაწევაც გარდაუვალი
აუცილებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ზემოთხსენებული
ფილმის სცენარი იმაზე ადრე გაცხადდეს, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.
სტატიის გარეკანზე გამოყენებულია ბექა ბერიძის სატირული ილუსტრაცია.