29.01.2022
„მინამატა“ - სწორედ იაპონური ტოპონიმის სახელი ჰქვია რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ბიოგრაფიულ დრამას იმ დასახლების მძიმე ისტორიაზე, სადაც 1970-იანი წლების დასაწყისში, ამერიკელმა რეპორტიორმა სამხრეთ იაპონიის მოსახლეობის გამანადგურებელი სოციალური პრობლემები ფოტოებზე აღბეჭდა. დღეს ეს ყველაფერი ე.წ. მინამატას დაავადების სახელითაა ცნობილი, სინდრომით - რომლითაც ვერცხლისწყლით მოწამლული ადამიანები იტანჯებიან.
უცნობი რეჟისორის, ენდრიუ ლევიტასის ფილმის სიუჟეტი თავად სმიტისა და მისი იაპონელი მეუღლის, აილინ მიოკო-სმიტის წიგნზეა დაფუძნებული. მემუარში მოთხრობილია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პაუზააღებული იუჯინ სმიტის იაპონიაში დაბრუნების შესახებ, რაშიც იგი ჟურნალ Life-ის რედაქტორმა რალფ გრეივსმა დაარწმუნა - გაეშუქებინა მინამატას მაცხოვრებელთა უმძიმესი ყოფა.
ჯონი დეპი მთავარი როლის შემსრულებლის გარდა ფილმის პროდიუსერიცაა. თავშეკავებული, საზოგადოებისგან იზოლირებული და ემოციებისგან დაცლილი მთავარი გმირის სოლიდური თამაში ბევრმა კრიტიკოსმა დადებითად, პირადი პრობლემების შემდგომ ერთგვარ გამოსყიდვის მცდელობად თუ რიხიან დაბრუნებად შეაფასა, უფრო ბევრმა კი ბანალურად და არქაულად მიიჩნია მისი როლი.
„მინამატა“ თითქოს ზედმეტად გრძელი, საკმაოდ ნელი, თუმცა დეტალებით დატვირთული ფილმია: კარგად გადაღებული კადრებით, ლამაზი ფერებით, შთამბეჭდავი ლანდშაფტებით, რიუიჩი საკამოტოს გამორჩეული მუსიკითა და რაღა თქმა უნდა ისტორიული ფოტოებით, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ იგ იმ ტრაგიკული ისტორიის შესახებაა, რომელზეც საჭირო იყო ამბის მოყოლა, ისევე როგორც თავის დროზე ფოტოდოკუმენტირება, მინამატას ისტორია ხომ კორპორაციულ სიხარბეზეა, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს დარჩა შეუმჩნეველი.
ფილმის დასასრულს მაყურებელი ხედავს და ხვდება იმას, თუ რატომ იბრძოდა უილიამ იუჯინ სმიტი სიმართლისთვის. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ფოტოგრაფი იმ დროს ერთადერთი იყო ძლიერ მტერთან ბრძოლაში, რომელშიც მხარი ვერავინ აუბა.
ასეა თუ ისე, 2020 წელს გამოსულმა ბიოპიკმა ფართო მასებისთვის შეუმჩნევლად და უყურადღებოდ ჩაიარა, ქარიზმატულმა ჯონი დეპმა თითქოს გაიბრწყინა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, საკამოტოს ჰანგებივით სევდიანმა სიუჟეტმა კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლების გულები მაინც ვერ მოიგო - თანამედროვე მკაცრი კინოსამყარო ჯონი დეპის უკანასკნელ ფილმში წამოჭრილ საკითხებს, მინამატაში ქიმიური კატასტროფის მთავარი შემოქმედის, კორპორაცია Chisso-ს ხელმძღვანელობასავით გულგრილად შეხვდა.