რა ვუყოთ ანტივაქსერებს (მედიაში)?
03.02.2022
პირველი თებერვლის საღამო, როგორც „ანტივაქსერების საღამო“, ქართული ტელევიზიის უახლეს ისტორიაში “ოქროს ასოებით” ჩაიწერება. სატელევიზიო მედიისთვის აქამდე აქტუალურ კითხვას — რა ვუყოთ ანტივაქსერებს, პასუხი ერთდროულად ორმა პოპულარულმა მაუწყებელმა - „რუსთავი 2“-მა და „ტვ პირველმა“ მათთვის პრაიმტაიმში ეთერის დათმობით გასცა.

ვიდრე შევაფასებთ, ეს რას ნიშნავს და რამდენად დამაზიანებელი იქნება ვაქცინაციის პროცესისა და ზოგადად, ტელემაყურებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, ერთად გავიხსენოთ, რა უძღოდა წინ „ანტივაქსერების საღამოს“.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მთავრობა უკვე ორი წელია, ლამის გვაყვედრის, რომ იდეალურად მართავს პანდემიის პროცესს. მართალია, ყველაფერი საპირისპიროზე მიუთითებს, მაგრამ რა ვუყოთ ჯანდაცვის სექტორის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ზოგჯერ სრული დამაჯერებლობით ტელეეკრანიდან იმასაც კი გვიმტკიცებდნენ, „საქართველომ ამ პროცესში სამაგალითო პრაქტიკით განვითარებული ქვეყნების ყურადღებაც კი მიიპყრო და რჩევებისთვისაც მოგვმართავენო“.

ძალიანაც რომ მოვინდომოთ ამის დაჯერება, გაუგებარია, რა იგულისხმება პანდემიის კარგად მართვაში — ვაქცინაციის სრულიად ჩავარდნილი საინფორმაციო კამპანია, დაგვიანებით შემოტანილი ვაქცინები, ამის საპირისპიროდ - დღეისათვის დასაწყობებული და გაფუჭებისთვის განწირული დოზები, თუ ინფიცირების დღიური მაჩვენებლები, რომელიც 2 თებერვლის მონაცემებით, 26 000-ზე მეტია.

სანამ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად მთავრობა სწორი კომუნიკაციის ფორმად ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგებს მიიჩნევდა (რომელსაც უკლებლივ ყველა პოპულარული სატელევიზიო არხი, თუ ონლაინ-მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა), რაც მოსახლეობის ნაწილს პანდემიისა და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის ილუზიას უქმნიდა, ანტივაქსერებმა მთავრობაზე უკეთ გაიაზრეს ოცდამეერთე საუკუნის უპირატესობები და საკუთარი ანტივაქსერული პოზიციების გასავრცელებლად ყველა ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმა წარმატებით აითვისეს.

იმდენად წარმატებულად, რომ ფაქტია, სამთავრობო ტრიბუნიდან გაკეთებულ აცრისკენ მოწოდებებზე მეტი შედეგი სწორედ სოციალურ ქსელებში წარმოებული საპირისპირო კამპანიებით „დადეს“.

მათი მუშაობა, რომელიც ერთიანად მოიცავდა ფეისბუქს, ტიკტოკსა და ტელეგრამის არხებსაც კი, შესაძლოა, ერთი შეხედვით ქაოტურადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა რომ დავფიქრდეთ, კამპანია საკმაოდ გეგმაზომიერი იყო. ცნობილ პლატფორმებზე ერთიმეორეზე აბსურდული „არგუმენტებით“ გაჯერებული დეზინფორმაციით უდიდესი დაფარვაც მოიპოვეს და უკეთესი შედეგების მისაღწევად არც „ინფლუენსერების“ ჩართულობა დავიწყებიათ.

ონლაინ აქტივობებს ერთი-ორი ინტერნეტს მიღმა აქტივობაც დაამატეს, გამართეს აქციები და შედეგებმაც არ დააყოვნა. მათი მუშაობის შედეგები ყველაზე უკეთ „აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევებმა აღწერა, რომელშიც, კითხვაზე — გაიკეთებდით თუ არა ვაქცინას, გამოკითხულთა 47%-მა პროცენტმა უპასუხა, არაო. მაშინ, როდესაც ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა მხოლოდ 35-მა პროცენტმა გასცა.

მოდით, ახლა დავუბრუნდეთ შეკითხვას — რა ვუყოთ ანტივაქსერებს?

მედიამ, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული, რა დრამატული გავლენა შეიძლება იქონიოს ანტივაქსერული პოზიციების ტირაჟირებამ ადამიანების გადაწყვეტილებასა და შესაბამისად, ჯანმრთელობაზე, ამ კითხვაზე პასუხი ვაქცინის მოწინააღმდეგეთათვის ეთერის დახურვით გასცა. თუმცა, სხვებმა, ვინც სამართლიანი იქნება აღვნიშნოთ, რომ ამავე მიდგომით ბევრი ითმინეს, ითმინეს მაგრამ საბოლოოდ, არგუმენტით - აბა, რა ვქნათ, მედალს ორი მხარე აქვს და მათგან ერთის დაცენზურების შემთხვევაში, საზოგადოების ამ ნაწილის ხმა არ იქნება წარმოდგენილიო, ანტივაქსერების საღამო მოაწყეს.

ჰო, თითქოს სხვა დანარჩენ შემთხვევებში, მათ შორის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე სულ ორი და მეტი პოზიცია ისმოდეს მათი ეთერებიდან.

მაუწყებლებს დაავიწყდათ, რომ ამ ქვეყანაში ანტივაქსერების ხმა ისედაც ძალიან, ძალიან ხმამაღლა ისმის. მათი ხმა ისმის სოციალურ ქსელებში, ანტივაქსერული განწობებით ცნობილ არაერთ მცირე რეიტინგების ტელევიზიაში, მათი ხმა ისმის საზოგადოებრივ მაუწყებელზეც, მთავრობაშიც, ეკლესიებშიც, ქუჩებშიც. მათი ხმა ბევრი ჩვენგანის, ან ჩვენი ახლობლის ოჯახებშიც ისმის და პოპულარულ ტელეარხებზე, ყველაზე უფრო ყურებად დროს ბევრი ანტივაქსერის გამოჩენა მათ ხმას კიდევ და კიდევ უფრო აძლიერებს.

პირადად ჩემთვის, ყველაზე ცუდი მთელ ამ ამბავში წამყვანების, ამ არხების წარმომადგენლების პოზიციები იყო.

„ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი ინგა გრიგოლია, რომელმაც ეთერი ანტივაქსერული განწყობებით ყველაზე ცნობილ ინტერნეტვარსკვლავს, ხატია სიჭინავას დაუთმო, თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყველა რეკორდს აჭარბებდა, სტუმრის „არგუმენტებს“ პროვაქსერული პოზიციების სასარგებლოდ მხოლოდ საკუთარ ემოციურ დამოკიდებულებას უპირისპირებდა.

წამყვანს ანტივაქსერი სტუმრისთვის არ მოუყვანია სამეცნიერო ფაქტები, სტატისტიკები და სხვა სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც აჩვენებდა სტუმრის არარაციონალური, აბსურდული შიშებით გაჯერებულ რწმენას, თითქოს, კოვიდვაქცინაცია საზიანოა.

კიდევ უფრო გამაოგნებელი იყო „რუსთავი 2“-ის შემთხვევა, სადაც ჯერ ანტივაქსერული პოზიციების მქონე პოპულარულ ადამიანებს დაუთმეს ტრიბუნა, შემდეგ კი, ამავე გადაცემაში სტუმრად მყოფმა არხის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა საყვედურებით აავსო გადაცემის ანტივაქსერი სტუმარი ეკა კვალიაშვილი. „თქვენთვის გასაგებია, რომ თქვენი განცხადება ადამიანების სიცოცხლისთვის საზიანოა?.. იღებთ პასუხისმგებლობას, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თქვენს განცხადებას, თუ თქვენს ნათქვამს ვინმე დაუჯერებს?“ — აღშფოთებით მიმართა არხის ერთ-ერთმა მთავარმა მენეჯერმა სტუმარს. ოღონდ ამ ყველაფერს ისე ეუბნებოდა ანტივაქსერ კვალიაშვილს, თითქოს, ეს ყველაფერი რომელიმე სხვა არხზე ხდებოდა და არა არხზე, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავადვეა. თითქოს სწორედ მის არხს არ მოეწვია ეს სტუმარი ზუსტად იმისთვის, რომ კვალიაშვილს ეთქვა ის, რაც თქვა.

ორივე გადაცემის შემდეგ, სრულიად გაუგებარია, რა საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურებოდა დისკუსია შინაარსით — ავიცრათ, თუ არა. რა შემატა ტელევიზიების ყველაზე უფრო ყურებად პერიოდში ანტივაქსერების ეკრანზე გამოჩენამ პროვაქსერულ კამპანიას, და საერთოდ, იყო კი საერთოდ ეს ამ ტელეგადაცემების მიზანი?

გადაცემებში ანტივაქსერების გამოჩენას შეეძლო მხოლოდ გაეძლიერებინა სკეპტიკოსების პოზიციები, მით უფრო, რომ ახლა ამ პოზიციებს კიდევ უფრო მასშტაბური დაფარვის ტრიბუნებიდან კიდევ უფრო მეტი პოპულარული ადამიანი ახმოვანებდა.

დაბოლოს, ვფიქრობ, ტელევიზიების მიერ გამართულმა „ანტივაქსერების საღამომ“ ძალიან მარტივად გვაჩვენა პასუხი კითხვაზე — რა ვუყოთ ანტივაქსერებს? თუ მედიისთვის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უზენაესი ინტერესია, ვერაფერს, საერთოდ ვერაფერ კარგს ვერ მოუტანს ამ დისკუსიებისთვის სივრცის გახსნა პანდემიის პროცესს.

იქნებ, უბრალოდ, უმჯობესია, რომ ეს თემაც, პროვაქსერული პოზიციების სასარგებლოდ, ისეთივე ცალმხრივად გააშუქონ, როგორც ამას პოლიტიკური პროცესების შემთხვევაში აკეთებენ. პოლიტიკური პოზიციებისგან განსხვავებით, ანტივაქსერული პოზიციებისთვის გვერდის ავლას საზოგადოებრივი სიკეთე მაინც მოაქვს.

ბლოგის ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ