08.03.2022
რეჟისორ მაიკლ უინტერბოტომის 1997 წელს გამოსული დრამა „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სარაევოში“ (Welcome to Sarajevo), რომელიც ბრიტანელი კორესპონდენტის, მაიკლ ნიკოლსონის მემუარზეა დაფუძნებული, ერთ-ერთი პირველი ფილმია იუგოსლავიის კონფლიქტებზე, კერძოდ კი - ბოსნიის ომზე (1992-1995).
Welcome to Sarajevo ჯერ კიდევ დანგრეულ ქალაქში გადაიღეს. ომის სისასტიკესა და უდანაშაულო ადამიანთა ხოცვას დასაწყისშივე ვხედავთ ნახევრად დოკუმენტური, საკმაოდ რეალისტური და შემზარავი კადრებით. მოქმედება 1992 წელს იწყება, სიუჟეტის ცენტრში კი ბრიტანელი სამხედრო რეპორტიორია, რომლის გადამღები ჯგუფიც სარაევოს ქუჩებში მინი-ვენით გადაადგილდება და ახალ ამბებს ცხელი წერტილიდან აწვდის მსოფლიოს.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი, 90-იანი წლების რუხი ფერებისა და მძიმე ატმოსფეროს ფონზე კორესპონდენტი სარაევოს ობოლთა თავშესაფარში შედის, იქ კი ორასი ბავშვია, რომელთა სიცოცხლე აგრესორ სერბებს არაფრად უღირთ. ჟურნალისტთა ჯგუფი ცდილობს მცირეწლოვანთა დახმარებას, მაგრამ სერბი „ჩეტნიკების“ მიმართ, რომლებიც უდედმამო ბავშვებს იტაცებენ და კლავენ, მაინც უძლურები არიან. საბოლოოდ, მთავარი გმირისთვის მთავარ ამოცანად თალმუდისტური სიბრძნის მსგავსად, ერთი გოგონას სიცოცხლის გადარჩენა იქცევა.
ზოგადად ამ ფილმსა და უკრაინაში მიმდინარე ომს შორის ბევრი პარალელი ივლება - ალყაში მოქცეულ სარაევოს, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა (გაიხსენეთ, 2012 წელს დონეცკი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქი იყო, ორიოდე წელიწადში კი ომის ქარცეცხლში გაეხვია), დაუნდობლად ბომბავს სერბეთი, ეს „მინი-რუსეთი“, როგორც მას ხშირად უწოდებენ; ბრიტანეთის პრემიერი კი უკიდურესად შეშფოთებულია.
დღეს უამრავი ადამიანი ამბობს ხმამაღლა, რომ კრემლის ამჟამინდელ მამებს მაშინდელი სერბი სამხედრო ჯალათებივით ადრე თუ გვიან სამხედრო ტრიბუნალი ელით. მოუწევთ კი ოდესმე ჰააგაში ჩასვლა პუტინს, შოიგუსა თუ ლავროვს რადოვან კარაჯიჩისა და რატკო მლადიჩის მსგავსად, ანდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი თუ მიიღებს სერბეთის მსგავს პასუხს, ეს დღეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, იუგოსლავიის ფედერაციის, როგორც მინი-საბჭოთა კავშირის არსებობა ხომ დასავლეთისა და NATO-ს მიერ ბოლომდე დაქუცმაცებითა და სერბეთის მკაცრი დასჯით დასრულდა.