ჟურნალისტი, რომელმაც მსოფლიოს ჰოლოდომორის შესახებ გააგებინა
19.05.2022
რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა ჰოლოდომორის საკითხი გააცოცხლა. მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1932-1933 წლებში მილიონობით უკრაინელი იმსხვერპლა, დღემდე საზოგადო და პოლიტიკური დავის საგანია. ზოგი მიიჩნევს, რომ საშინელი სიკვდილიანობა საბჭოური ეკონომიკური კრიზისის შედეგი იყო, ხოლო დიდი ნაწილის მოსაზრებით, ეს ხელოვნურად გამოწვეული და უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად მიზანმიმართული სტალინისეული პოლიტიკა გახლდათ.

აღიარებული პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ბიოგრაფიული დრამა სათაურად „მისტერ ჯონსი“, ბრიტანელი ჟურნალისტის, გარეთ ჯონსის (1905-1935) საბჭოთა კავშირში მოგზაურობაზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა უელსელი რეპორტიორი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მთელ სამყაროს აუწყა საშინელი შიმშილობისა და უდიდესი მსხვერპლის შესახებ. ბრიტანულ-უკრაინულ-პოლონური ერთობლივი ნამუშევარი 2019 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში იყო ჩართული.

სიმბოლურია, რომ ფილმი ჯორჯ ორუელისეული, ფერმისა და ღორების კადრებით იწყება. ამერიკელი მწერალი ხომ სწორედ ამ დროს მუშაობდა თავის ცნობილ რომანზე. ორუელს მაყურებელი კიდევ შეხვდება და მისი ალუზიური „ცხოველების ფერმაც“ ფილმს ყურებისას, ერთგვარ ლაიტმოტივად გაყვება.

მთავარი გმირი აქტიური, ენთუზიაზმით სავსე, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერთან, დევიდ ლოიდ-ჯორჯთან დაახლოებული ამბიციური ჟურნალისტია, რომელმაც უკვე ჩამოართვა ინტერვიუ ქვეყნის სათავეში ახალმოსულ ადოლფ ჰიტლერს, ამჯერად კი საბჭოთა კავშირში მიემგზავრება იოსებ სტალინთან სასაუბროდ.

პირქუშ მოსკოვში ჩასული გარეთ ჯონსი უცხოელი რეპორტიორების ბოჰემურ წრეში ექცევა. აქ ლიდერი ინგლისელი ჟურნალისტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი უოლტერ დიურანტია, რომელიც მრავალი წელია საბჭოეთში ცხოვრობს და შესაბამისად, სტალინის მეხოტბეა. სხვათა შორის, დიურანტი მსოფლიომ მოგვიანებით გააკრიტიკა ჰოლოდომორისა და საბჭოური მასობრივი შიმშილობის უარყოფისთვის. ჯონსი მალევე ხვდება, რომ მისი ადგილი მოსკოვსა და ხსენებულ წრეში არაა და მკაცრ რეალობასაც აწყდება. „გარეთ, დაბრუნდი სახლში, არაა ეს ქვეყანა საშენო“, - ურჩევს დიურანტი ახალგაზრდა მისტერ ჯონსს, მას შემდეგ რაც უელსელი ჟურნალისტი ცივ ზამთარში თავად გახდება საშინელების მოწმე - შეძრწუნებული გარეთ ჯონსი საკუთარი თვალით ნახავს ნეკროფაგებად ქცეულ ადამიანებსა და კანიბალიზმის შემთხვევებს, რასაც მართლა მასობრივად იყო მოდებული ჰოლოდომორის მძიმე პერიოდში.

საბოლოოდ, ჯონსი The Times-ში აქვეყნებს ვრცელ ინფორმაციას ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ მყოფი ხალხის უმძიმესი ფიზიკური და მორალური ყოფის შესახებ, ფილმის ეპილოგი კი ჟურნალისტის სიკვდილს გვახსენებს, რომელიც სწორედ ჰოლოდომორზე ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება - მომდევნო წელს გარეთ ჯონსი საბჭოეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) მიერ დაქირავებულმა ბანდიტების ჯგუფმა გაიტაცა და ოცდაათი წლის იუბილის წინა დღეს, 1935 წლის 12 აგვისტოს მოკლა.

დღეს უკვე ყველასთვისაა ცნობილი, რომ 2010 წელს, კიევის სასამართლომ ჰოლოდომორი იოსებ სტალინის მმართველობით განხორციელებულ გენოციდად აღიარა, ხოლო დანაშაულისთვის ასევე პასუხისმგებლებად დაასახელა იმ დროის უკრაინელი და საბჭოელი კომუნისტი ჩინოსნები: ლაზარ კაგანოვიჩი, სტანისლავ კოსიორი, მენდელ ხატაევიჩი, ვლას ჩუბარი და სხვები.

ჰოლოდომორი გენოციდად აღიარებული ასევე აქვს მსოფლიოს ოცამდე ქვეყანას, მათ შორის - საქართველოს.

ბლოგის ავტორი : პაატა ჩახვაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ