ვიწრო ხაზი სამთავრობო პროპაგანდასა და რუსულ პროპაგანდას შორის
06.05.2022
უკრაინა ომშია. ქვეყნის მოსახლეობა, ყოველდღიურად, ნამდვილ ჯოჯოხეთს გადის. პუტინის ჯარისკაცები სადისტურად ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. რუსების დაუნდობელი შეტევის შემდეგ, ასობით ნაწამებ, შემდეგ კი, დახვრეტილი მოქალაქის გვამებს საერთო სასაფლაოებში პოულობენ. მესამე თვეა, მედია უწყვეტად აჩვენებს იქაურ ამბებს.  არავინ იცის, როდის დაასრულებს თანამედროვე სამყაროს ტირანი უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას ჩვენს მეგობარ და მეზობელ უკრაინაში და შესაძლოა, დიდად არც ის ვიცით, რეალურად, რის გაკეთება შეუძლია ჩვენს ქვეყანას მათი ტკივილის შესამსუბუქებლად, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცით, რა არ უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მოძმე ერს ჭრილობებზე მარილი არ დავაყაროთ. ჭრილობებზე მარილის მოყრა ჩვენს მთავრობას ჰკითხეთ.

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა, ზღვარი შენივე ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ გასაკეთებელ და არ გასაკეთებელ განცხადებებს შორის, ჯერ კიდევ ომის დაწყებისთანავე მოშალა. ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა, ზურგს მუდამ უმაგრებს სახელისუფლებო მედიაც. ეს კი, პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან დიდი ძალაა და სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ მთავრობისადმი კეთილგანწყობილი მედია ფარავს.  დამოუკიდებელი საქართველოს მედია ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელისუფლებო მედიად ყოფნა ბევრი კომფორტის მომტანია. კომფორტი, თავის დროზე, არც სააკაშვილს დაუკლია რევოლუციის შემდეგ სასურველი პარტნიორებისთვის გადაფორმებული “რუსთავი 2"-ისთვის, დარბევის შემდეგ “დათრეული” “იმედისა” თუ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომელიც, ჩვენს ქვეყანაში, არჩევნებში გამარჯვებული ძალებისთვის გარდამავალი პროპაგანდისტული ჩირაღდანივით ვაქციეთ. 

იყო სამთავრობო მედია, ნიშნავს, არ გაგაჩნდეს არც საკუთარი აზრი, არც ხმა, არც ტონი — არაფერი, რაც მედიას მედიად აქცევს. ამას რა დიდი ანალიზი ან დაკვირვება სჭირდება, მაგრამ რუსეთის მიერ, უკრაინაში ომის დაწყებამ მაინც უფრო მკვეთრად დაგვანახა ეს ყველაფერი და, მაგალითისთვის, ტელეიმედისთვის თვალის დევნებაც კმარა.

ტელეკომპანია „იმედმა“, ჯერ კიდევ წლების წინ გამოაცხადა, რომ ერთვებოდა ბრძოლაში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და მოქმედი ხელისუფლების მხარდასაჭერად. ოღონდ, იმ ხელისუფლებისა, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის დამაზიანებელი პოლიტიკით სულ უფრო და უფრო ემსგავსება წინამორბედს, მეორე მხრივ კი, თავის მიერვე, “ომის პარტიად” გამოცხადებული “ნაციონალების” დევნაში, ოპონენტებზე თავდასხმის ასპარეზი იმდენად გააფართოვა, რომ რეალურ, სასტიკ ომში ჩართული უკრაინა ლამის სიტუაციურ მტრად აქცია.

“ოცნების” ხელისუფლების უკრაინასთან სიტუაციურ მტრობას თავისი საფასური აქვს სამთავრობო მედიისთვის. მათ უწევთ თავადაც იქცნენ უკრაინის სიტუაციურ მტრად და რამდენადაც მძიმედ არ უნდა ჟღერდეს, გარკვეული გაგებით - რუსული პროპაგანდის სიტუაციურ მოკავშირედაც და კი, ეს სამთავრობო მედიად ყოფნის ძალიან მძიმე საფასურია.

ტელეიმედის ტონი უკრაინაში ომის გაშუქებისას ერთი ერთზე მიჰყვება სამთავრობო გუნდის დღის წესრიგს. გაამკაცრებს კობახიძე ტონს? - გაამკაცრებს “იმედი”, შეარბილებს კობახიძე ტონს? - შეარბილებს “იმედიც”. საკუთარი გაუაზრებელი, თუ გააზრებული (და ღმერთმა უწყის, რომელი უარესია) განცხადებებით გადაგვკიდებს ღარიბაშვილი უკრაინას? - გადაეკიდება “იმედიც”, უკრაინასთან ურთიერთობებში შექმნის მეგობრულ, “მოდი, ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, ოღონდ ნაცების გარეშე” ფონს პარლამენტის თავმჯდომარე? - ამავე ხაზს, სამთავრობო ტონშივე შეუერთდება “იმედიც”. 

და სამთავრობო სურვილებს, სამთავრობო არხზე, ვერავინ აღუდგება წინ, იმიტომ რომ მთავრობამ უკეთ იცის, როგორც ებრძოლოს ნაცებს, ანუ - უკრაინას, ანუ - მტრებს და ამგვარად, ტელევიზიისთვის სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ზღვარი სამთავრობო პროპაგანდასა და რუსული ინტერესებისთვის ხელსაყრელ პროპაგანდისტულ მესიჯებს შორის, რადგან, როდესაც მთავრობა უკრაინის მაღალჩინოსნებზეა გამწარებული, “იმედიც” გამწარდება და კვირის ცენტრალურ საინფორმაციო - ანალიტიკური გამოშვების დასაწყისშივე, ძირითად დროს დაუთმობს იმას, თუ „როგორ გადაგვემტერა უკრაინა“.  ჰო, ამას. აი, ამას - როგორი ომში ჩამთრევია უკრაინა. აი, ის უკრაინა, ახლა, ამ ბლოგის კითხვის მომენტში, რუსეთი რომ უხოცავს ხალხს. რომელი რუსეთი და ის რუსეთი, აი, ჩვენ რომ ამოგვიწყვიტა ხალხი 2008 წელს, კიდევ 90-იანებიც, კიდევ მანამდეც, ერთი საუკუნის წინაც... და “იმედი” იმაზე საუბარს, თუ როგორ გვითრევს ცუდი უკრაინა ომში, არ დასჯერდება არგუმენტების მხოლოდ წულუკიანისა და ვოლსკის კომენტარებით გამყარებას და სიუჟეტს დაიწყებს იუთუბზე ატვირთული იმ პროვოკაციული ვიდეოს ჩვენებით, რომელშიც სახედამალული ვიღაც ტიპები აფხაზეთში შეჭრისკენ მოგვიწოდებენ და ამის გავრცელებასაც უკრაინის სურვილებს დაუკავშირებს, გახსნას საქართველომ “მეორე ფრონტი”. 

ეს ის ვიდეოა, რომელიც დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა და არცერთ თავმოყვარე ქართულ ონლაინ, თუ ტელემედიას არ გაუშვია ეთერში, სამაგიეროდ, არსებობს ეჭვები, რომ მის გავრცელებაში ძალისხმევა არ დაუშურებია რუსეთს და ამ ვიდეოს, იუტუბზე, დასპონსორებული სახით უგდებდა ქართულენოვან აუდიტორიას. აი, ასე ვიწროვდება ზღვარი სამთავრობო პროპაგანდასა და რუსულ პროპაგანდას შორის, თუ ხდება ისე, რომ ეს ორი, ნაცების, ანუ - უკრაინის, ანუ - ბოროტების წინააღმდეგ სიტუაციური მოკავშირეები ხდებიან. 

ჰოდა, სად გადის ზღვარი სამთავრობო მედიისთვის ხელისუფლების მხარდაჭერასა და რუსულ პროპაგანდას შორის? ვფიქრობ, რაც უნდა მიუღებელი იყოს მათთვის ჩემი, ან სხვა მაყურებლების კრიტიკული მიდგომა მათი საქმიანობის ამ ნაწილის მიმართ, სულ მცირე, ამ კითხვამ უნდა დააფიქროს ამ არხების ინტელექტუალური რესურსი და კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამთავრობო არხები ბევრ გონიერ, კარგი შემოქმედებითი უნარებისა და შესაძლებლობების ადამიანსაც აერთიანებს.

ბლოგის ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ