დილა მშვიდობისა, ვიეტნამო! - ექსცენტრიული რადიოწამყვანი ომში
19.08.2022
რა შეიძლება რადიომ მისცეს ომში მყოფ ჯარისკაცს, რომელიც ხან სანგარში წევს, ხან ვერტმფრენიდან იბრძვის, ხანაც ვიეტნამის ჭაობებსა და ჯუნგლებს აფარებს თავს?

ბარი ლევინსონის კინოკლასიკად ქცეული კომედიური დრამა, რეალური ისტორიაა სამხედროზე, რომელიც ვიეტნამის ომისას უჩვეულო რადიო DJ გახდა. 1965 წელს, ადრიან კრონაუერის საიგონში ჩასვლამდე, ბრძოლის ველზე მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები განსაზღვრული დიეტის მსგავსად იღებდნენ რადიოდან საგანმანათლებლო პროგრამებსა თუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაფრთხილებებს, კრონაუერმა კი პირველივე დღიდან ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

რობინ უილიამსის უსაზღვრო იმპროვიზაციით შექმნილ კინოგმირს უფროსი ლეიტენანტისგან კრიტიკა-შენიშვნები რადიოში მისვლის დღიდან არ აკლია. უკიდურესად კომიკურ დი-ჯეის ზემდგომი წამდაუწუმ ახსენებს, რომ ის მხოლოდ რადიოდიქტორია, მაგრამ ეს ხომ საიგონია - პლანეტის ყველაზე ცხელი ადგილის ცენტრი, კანზასელ ბიჭებს ისედაც გვარიანად უჭირთ, ჰოდა ბარემ ბოლომდე იხალისონ... კრონაუერს ბადალი არ ჰყავს ჯარისკაცების გართობასა თუ სასაცილო აბსურდული ტექსტების მოფიქრებაში, მაგალითად - როგორ აპირებენ რუსები ამერიკული რადარების ჩახშობას ბალეტით...

საიგონში ადრიან კრონაუერის მეორე საქმიანობა ინგლისურის მასწავლებლობაა, რაშიც ასევე უნიკალურია. იგი ხომ არაა ის სტერეოტიპული ამერიკელი, როგორიც ადგილობრივებს თავიდან ეგონათ. მისი საგანმანათლებლო სტილი და მიდგომებიც ექსცენტრიულია - იგი ვიეტნამელ უფროსი ასაკის მოსწავლეებს უხამს გამოთქმებსა და სასაცილო ფრაზებს ასწავლის და ბოლოს მათივე თხოვნით, ბეისბოლშიც ავარჯიშებს.

შემდეგ მის რეალობაში ქალი ჩნდება, მაგრამ მაყურებელი თავიდანვე ხვდება, რომ მათ რომანტიკულ ურთიერთობას მომავალი არ აქვს... კრონაუერი ტერორისტულ აქტსაც თავად შეესწრება, შემდეგ რადიოდანაც ათავისუფლებენ, მიზეზი უფროსობის ახირებაა. რადიოდიქტორად მას თავისივე ზემდგომი სამხედრო ანაცვლებს - საკუთარ თავსა და იუმორში დარწმუნებული, სწორხაზოვანი პედანტი, თუმცა ხალხი კრონაუერის ეთერში დაბრუნებას ითხოვს. ის ხომ უკვე ამერიკელი ჯარისკაცების ვიეტნამური ყოფის განუყოფელი ნაწილია. რადიო ყველას აქვს ჩართული, იქ კი ყველა კრონაუერსა და მისივე არჩეულ 60-იანი წლების სიმღერებს ელოდება...

„დილა მშვიდობისა, ვიეტნამო“ დღეს ვიეტნამის ომის თემაზე შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება, გამოსვლისას კი იგი სარისკო ნამუშევრადაც ჩათვალეს - ვიეტნამის ომი ხომ ამერიკელებისთვის მეტად მგრძნობიარე და მტკივნეული თემაა, რობინ უილიამსის იუმორისტი გმირი კი, ხომ შეიძლებოდა ქვეყნის სამხედრო იმიჯისა და ამერიკელი ხალხის წარმოჩენის მხრივ შეურაცხმყოფელი ყოფილიყო, თუმცა რობინ უილიამსის ენერგიული პერსონაჟი უმალ გახდა ჰიტი.

ადრიან კრონაუერი ის აუცილებელი და საჭირო ელემენტია, რომელმაც ძნელბედობის ჟამს ხალხი უნდა აცინოს და ტკივილი შეუმსუბუქოს. ფილმის მიწურულს ადრიან კრონაუერი კიდევ უფრო უკეთეს, ღრმა აზროვნების, ბრძენ ადამიანად იქცევა, ვიდრე თავიდან იყო, რადგან როგორც დიდმა ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა, როჯერ იბერტმა თქვა „ფილმი მისი განათლებისა და განვითარების ისტორიაცაა.“

ბარი ლევინსონის ფილმის გამოსვლიდან 35 წლის შემდეგ, დღესაც იოლად იპყრობს კინომოყვარულთა გულებს რობინ უილიამსის გიჟური მისალმება: „Gooooooooooood Morning, Vietnaaaaaaaam!“ კიდევ არაერთხელ ირთვება Creedence Clearwater Revival, The Beach Boys, The Castaways, ჯეიმს ბრაუნი თუ ფილმის ერთგვარ ფონად ქცეული ლუი არმსტრონგის "What A Wonderful World".

სხვათა შორის, ფილმს გაგრძელებაც უნდა ქონოდა, 1968 წლის ჩიკაგოს მოვლენების ფონზე, თუმცა პროექტი ვერ განხორციელდა. რობინ უილიმსმა მოგვიანებით კიდევ ერთხელ შეასრულა რადიოწამყვანის როლი ტერი გილიამის დრამედიაში (The Fisher King), მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

ბლოგის ავტორი : პაატა ჩახვაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ