09.09.2022
ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ჯგუფების წარმოქმნაში ტრადიციულ მედიას — მაგალითად, ტელევიზიას, უფრო მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე თანამედროვე, სოციალურ მედიას. საპირისპირო შეხედულებების ავტორები კი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ ადამიანთა შორის, მიკერძოებისა და კოლექტივიზმისკენ ისედაც არსებულ მიდრეკილებებს, სოციალური მედია კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს. ამჯერად ამ დებატებში შესვლას არ ვაპირებ (და ალბათ, არც არის შესაძლებელი). ამ შემთხვევაში, მე უფრო ის მაინტერესებს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს რაიმე სახის "ბაბლში" ყოფნამ რეალობის აღქმაზე და რა გზებით შეიძლება არასწორი აღქმების კორექტირება.
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში თავადაც "ბაბლის" უკიდურესად ვიწრო ხედვას მივდევდი, ვერავის მივცემ რჩევას იმაზე, თუ როგორ დააღწიოს თავი ვირტუალურ, ან რეალურ "ბუშტებს". ბოლო პერიოდში უკვე ლამის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ შესაძლოა, ადამიანთა უმრავლესობისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყოს გარკვეული დოზით, "ბაბლებში" ყოფნა. ამ შეხედულებას მიმყარებს ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ორ ურთიერთსაპირისპირო - ოპოზიციურ და სამთავრობო "ბაბლად" არის დაყოფილი. ეს დაყოფა ზოგჯერ იმდენად მწვავეა, რომ პირად ურთიერთობებს - მაგალითად, მეგობრობასაც უშლის ხელს (დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა აშშ-შიც, თუმცა ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბრებ).
მაშინაც კი, თუკი დავუშვებთ იმას, რომ "ბაბლში" ყოფნა, გარკვეული დოზით, ადამიანთა უმრავლესობისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, შესაძლებელია საერთო ნიადაგის შექმნისკენ სწრაფვა. ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია დარჩე "ბაბლში" ისე, რომ ამის პარალელურად, თვალი გეჭიროს იმაზე, თუ როგორია შენ გარშემო არსებული ობიექტური რეალობა. ამისათვის, მინიმუმ, ორი რამის გაკეთებაა საჭირო, რასაც ჩემი დაკვირვებით, ქართველი "ბაბლელები" თითქმის არასდროს შვრებიან.
პირველი — აუცილებელია, მუდმივად ვამოწმებდეთ და ვიკვლევდეთ იმას, თუ როგორია სხვა "ბაბლებში" ცხოვრება. მაგალითად, თუ ოპოზიციის მხარდამჭერი ხარ, ზოგჯერ მაინც, სასარგებლოა ტელეკომპანია "იმედის" ყურება, ან მათი ნიუსების წაკითხვა. თუ მთავრობის მხარდამჭერი ხარ, ზოგჯერ მაინც, კარგი იქნება, თუ შეხედავ, რას ამბობენ "მთავარზე", ან "ფორმულაზე" იმავე თემებზე, რაზეც უკვე ჩამოყალიბებული აზრი გაგაჩნია. დიდი ალბათობით, საწინააღმდეგო მოსაზრებების მოსმენა საკუთარ შეხედულებებს არ შეგაცვლევინებს, მაგრამ, მინიმუმ, ის მაინც გეცოდინება, რას ფიქრობს მოწინააღმდეგე. ეს კი, თავისთავად უფრო სწორ შეხედულებას შეგიქმნის იმაზე, როგორია რეალობა (ვიდრე საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და მუდმივად თანამოაზრეებთან ურთიერთობა).
რა თქმა უნდა, ტელევიზიების ყურება მხოლოდ ერთი მაგალითია და ასევე, აუცილებელია სოციალურ ქსელებში საპირისპირო მოსაზრებების გაცნობა, ან ზოჯერ მაინც, რეალურ ცხოვრებაში განსხვავებულ ადამიანებთან გარკვეული სახის ინტერაქცია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეაფასო მოწინააღმდეგე და წინასწარ არ შეიქმნა მცდარი მოსაზრებები მასზე და გარესამყაროზე.
მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, "ბაბლის" უარყოფითი გავლენების შესამცირებლად, არის სოციოლოგიური გამოკითხვების რეგულარულად გაცნობა და გაშუქება. როგორც ერთ-ერთ წინა ბლოგში ვწერდი, საქართველოში მედია და მეცნიერება ხშირად ერთმანეთს არის აცდენილი. არადა, მეცნიერულად გამართული სოციოლოგიური გამოკითხვების გაცნობის გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის წარმოდგენის შექმნა ობიექტურ რეალობაზე. საქართველოსგან განსხვავებით, ეს აშშ-ში და დასავლეთის სხვა პოლიტიკურად პოლარიზებულ ქვეყნებში, კარგად ესმით. შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში "ბაბლების" უარყოფით ეფექტებთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენთან, სადაც მეცნიერებას ნაკლებად სწყალობენ.
რეალობაზე სწორი შეხედულების ქონის გარეშე, შეუძლებელია არა მხოლოდ დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესის შექმნა, არამედ, საერთოდ, რაიმე სახის რაციონალური ნაბიჯის გადადგმა. ჩვენთან საჯარო სივრცეში არსებული ირაციონალიზმი, ნაწილორივ, სწორედ რეალობის არასწორად აღქმით არის გამოწვეული. ამის გამოსწორება კი, ხშირად, უბრალოდ, პერსპექტივის გაფართოებას მოითხოვს.