20.09.2022
Netflix-ს აქვს ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი "შავი სარკე", რომელიც ჩვენშიც საკმაოდ პოპულარულია.
სერიალი, მაღალტექნოლოგიური ახლო მომავლის მაგალითზე გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მოდიოდეს წინააღმდეგობაში კაცობრიობის უდიდესი ინოვაციები ადამიანისთვის შეუცვლელ ინსტიქტებსა და საჭიროებებთან.
შოუმ, ასეთი დილემური თეორიებიდან, სხვადასხვა სერიაში სხვადასხვა საკითხი გვაჩვენა, მათგან ორი კი — White Christmas და The entire history of you, სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანებისთვის ციფრული მეხსიერების ქონის შესაძლებლობის თეორიას ავითარებს, რომელიც იმ ყველაფრის რეალურ დროში გაციფრულებას გულისხმობს, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ. ასეთი "ციფრული მეხსიერება" კი, ადამიანის მხედველობას ისეთივე სამომხმარებლო ფუნქციებს მისცემს, როგორიც დღეისათვის ციფრული პროდუქტების მოხმარებისას უკვე გვაქვს — ინტერნეტში, ან ტელევიზორში აუდიოვიზუალური მასალის გადახვევა, წაშლა, ან არასასურველი გამოსახულების დაცენზურება და დაბლოკვაც კი.
მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ მომავალი, რომელშიც შეგიძლიათ აღარ უყურებდეთ და ხედავდეთ მათ, ვისი დანახვა და მოსმენაც ნერვებს გიშლით, ან ფიქრობთ, რომ გაზიანებთ. ასეთ ადამიანებს დაბლოკავ და მორჩა, გათავდა!
აი, დაახლოებით ამ ფუტურისტულ იდეას მიუახლოვა "ქართულმა ოცნებამ" მათთვის არასასურველი მედიებისადმი მიდგომა, როდესაც ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსვლის შემდეგ, უარი თქვა მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების თოქ-შოუებში სიარულზე და, თოქ-შოუები რაღა მოსატანია, ოფიციალურ სამთავრობო ღონისძიებებზე შესვლისა და კითხვების დასმის შესაძლებლობაც კი გაუქრო მათ.
სულ ახლახან ინტერნეტგამოცემა BM.ge-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია საერთოდ არც კი შეუშვეს იმ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მთავრობა ყოველკვირეული მთავრობის სხდომის შემდეგ მართავს-ხოლმე და ამ ფორმატში, ცალკეული მინისტრები ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ. მთავრობის ადმინისტრაციის არაოფიციალური პასუხის მიხედვით, გელანტიას არდაშვების მიზეზად "ბევრი შეკითხვის დასმა" დასახელდა, არადა, ეს პრესკონფერენციები, კრიტიკული მედიებისთვის, მინისტრებთან პირდაპირი კომუნიკაციის თითქმის ერთადერთი ოფიციალური "ფანჯარაა".
მედიის მიმართ, "ქართული ოცნების" "შავი სარკისეულმა" დამოკიდებულებამ — იმის არდანახვისა და არმოსმენის სურვილმა, რაც არ მოსწონთ, ქართული მედია საოცრად მოსაწყენი და ერთფეროვანი გახადა. თითქოს დიდად აღარც თოქ-შოუების ყურება ღირს, რადგან ისედაც წინასწარ იცი, რომ ასეთი ფორმატის გადაცემებში წამყვანებისაც და მოწვეული სტუმრების უმეტეს ნაწილსაც, ერთმანეთთან მიახლოებული ხედვები და ღირებულებები აქვთ და ეს ასეა-ხოლმე როგორც სამთავრობო, ასევე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებში. ამის გამო კი, თითქოს, სანახავი და მოსასმენიც აღარაფერი დარჩა. უკვე ვიცით რას იტყვით, გავიგეთ, გასაგებია.
სწორედ ამის საპირისპირო მიზეზის გამო იყო "უცნობისა" და ჯაფარიძის ეთერი კარგი. ვნახეთ ერთმანეთისგან ხედვებით, მიდგომებითა და ღირებულებებით განსხვავებული ორი ადამიანი და იმდენად მოწყურებულები ვართ ერთი გადაცემიდან ორი სხვადასხვა აზრის მოსმენას, ეს ყველაფერი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თოქ-შოუ სენსაციად ქცეულიყო.
არ ვაპირებ გადაცემის შინაარსში შესვლასა და პოზიციების განხილვას. ჯერ თუ არ გინახავთ, ნახეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ვინც უკვე ვუყურეთ გადაცემას, რა გვიხარია?!
გვიხარია ის, რომ შეიძლება, ერთ გადაცემაში, სხვადასხვა პოზიციებს ვუსმინოთ და ვუყუროთ დებატებს "ქართული ოცნების" მიმართ აშკარა ერთგულებითა და მხარდაჭერით გამორჩეული გიორგი გაჩეჩილაძესა და ოპოზიციონერს შორის.
2022 წელს, დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ გვიხარია ეს და ალბათ, ამ მხოლოდ ამ ფაქტმა აქცია გადაცემა სენსაციად და არა წამყვანისა და სტუმრის პოზიციებმა, რადგან რას ფიქრობს ჯაფარა, ან "უცნობი" დასავლეთზე, რუსეთზე, ან "მეორე ფრონტზე", ეს ისედაც კარგად ვიცოდით.
ასევე წაიკითხეთ: ხელისუფლება კრიტიკულ გადაცემებთან ბოიკოტის რეჟიმში [მედიაჩეკერის არქივი, 2021 წელი]