რატომ იყო CNN-ის წამყვანის გადაწყვეტილება სწორი?
29.09.2022
ირანში 22 წლის მაჰსა ამინი, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააპატიმრა. პოლიციის მიერ მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად ქალი გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ, ირანში არ წყდება საპროტესტო ტალღა, აქციის დაღუპულ და დაშავებულ მონაწილეთა რიცხვი კი დღითიდღე იზრდება.

მედიის უმთავრესი როლი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე დისკუსიების გამართვაა.

აქედან გამომდინარე, CNN-ის წამყვანს, კრისტიან ამანპურს პრეზიდენტ, ებრაჰიმ რაისთან ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უნდა ესაუბრა. ინტერვიუმდე 40 წუთით ადრე პრეზიდენტის თანაშემწემ წამყვანს უთხრა, რომ თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურიმ უარი განაცხადა.

ინტერვიუ ჩაიშალა.

წამყვანის საქციელს მედიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ერთი მხარე ფიქრობს, რომ ამ საქციელით, კრისტიანმა წაართვა ირანელ ქალებს უფლება, რომ მიეღოთ პრეზიდენტისგან კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, ხოლო მეორე ნაწილისთვის, მისი სოლიდარობა უფრო ფასეული იყო, ვიდრე ის პასუხები, რომელსაც ჟურნალისტი ირანის პრეზიდენტისგან მიიღებდა.

ვფიქრობ, ებრაჰიმ რაისის პასუხი ირანელმა ქალებმა მაშინ მიიღეს, როდესაც მათ სამართლიან პროტესტს „ქაოსური აქტები“ უწოდა და განაცხადა, რომ პროტესტის იდეა, რომელმაც ირანის თითქმის ყველა პროვინცია გააერთიანა, შეთქმულთა მოფიქრებულია და „დაარბევენ მათ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.“ ირანის პრეზიდენტმა ისიც თქვა, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა მაჰსას უსაფრთხოებისთვისო, არადა თვითმხილველების თქმით ქალს ფიზიკურად დაკავების დროსაც უსწორდებოდნენ.

ამანპურმა განმარტა, რომ 1995 წლიდან მოყოლებული, ირანში ჩაუწერია ქვეყნის ყველა ლიდერი და მათ ტერიტორიაზე მუშაობისას მუდმივად ატარებდა თავსაბურავს, რადგან სხვანაირად ჟურნალისტისთვის მუშაობა შეუძლებელია. თუმცა, ნიუ-იორკში, იქ სადაც არ ვრცელდება ისლამური ტრადიციები და წესები არ აპირებს, რომ შეასრულოს პრეზიდენტის მოთხოვნა.

მოთხოვნისას, პრეზიდენტის ასისტენტმა წმინდა მუჰარამის თვე მოიმიზეზა, თუმცა, ეს საქციელი შესაძლოა მხოლოდ რელიგიური დღესასწაულით არ აიხსნებოდეს.

ებრაჰიმ რაისს არ სურდა, რომ კამერების წინ გამოჩენილიყო უთავსაბურავო ქალთან ერთად, რადგან ეს გააძლიერებდა პროტესტს ირანში, ხოლო თავად პრეზიდენტისთვის კი რეპუტაციული რისკი იქნებოდა.

იმ მომენტში, თავსაბურავი არ გავიკეთე არც როგორც ჟურნალისტმა და არც როგორც ქალმა“ - თქვა კრისტიან ამანპურმა გადაცემა, The Daily Show with Trevor Noah-ში.

ირანში მუშაობისას ქალ ჟურნალისტებს აქვთ ვალდებულება, რომ ეკეთოთ თავსაბურავი, ეს ერთადერთი გზაა, რომ მოიპოვონ სასურველი მასალა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მათ სიცოცხლეს.

ჟურნალისტი ხშირად დგება პროფესიული დილემის წინაშე:

1. გააკეთოს ყველაფერი, იმისთვის, რომ მოიპოვოს სასურველი ინფორმაცია და ამ შემთხვევაშიც, თავსაბურავის გაკეთებით ამანპური მიიღებდა პასუხებს პრეზიდენტისგან.

2. სწორად შეაფასოს, ინფორმაციით მიღებული სარგებელი და ზიანი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას მიაყენოს.

პარადოქსულია, მაგრამ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არსებობს შემთხვევები, როდესაც უპასუხოდ დატოვებული კითხვები ყველაზე ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის.

აქედან გამომდინარე, წამყვანის გადაწყვეტილება იყო:

ერთადერთი გზა, რომელიც მას ჰქონდა, რადგან მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი სწორედ თავსაბურავი გახდა, შესაბამისად ჟურნალისტის მიერ პრეზიდენტის მოთხოვნის შესრულება სხვა ტერიტორიაზეც, იქნებოდა ერთგვარი მორჩილება იმ შეზღუდვების მიმართ, რომელსაც ისლამური სამყარო უწესებს ქალებს.

სამართლიანი, რადგან ის იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სადაც ქალებს არ აქვთ თავსაბურავის ტარების ვალდებულება.

„ევროპელი ქალი პოლიტიკოსები ჩამოდიან ირანში და ატარებენ თავსაბურავს, ვფიქრობ, რომ სხვა უამრავ მიზეზებთნ ერთად, ესეც არის ერთ-ერთი ბიძგი ირანის მთავრობისთვის, რომ მოკლას მაჰსა და სხვა ქალები თავსაბურავის არასწორად ტარებისთვის“ - ამბობს ირანელ-ამერიკელი ჟურნალისტი და აქტივისტი, მასიჰ ალინჯედი -ABC-ის დილის გადაცემაში საუბრისას.

ირანში ჩასულ უცხოელ პოლიტიკოსებსა თუ ჟურნალისტებს ახლანდელი მდგომარეობით ალტერნატივა არც აქვთ, რადგან ამ პირობის შეუსრულებლობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხეა. ხოლო მსოფლიოს მედიისა თუ ლიდერების სოლიდარობას და მათ მიერ ამ საკითხზე ღიად საუბარს ახლა ირანელი ქალების უფლებებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ