ეს ტექსტი მიემართება ჩემს მშობლებს
20.02.2023
კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მთლიანად ჟურნალისტიკასა და, ზოგადად, სიტყვის თავისუფლებას, არამედ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში „აგენტის“ იარლიყს მიაკრობენ.

აღარც გავყვები მსჯელობას იმაზე, რომ „აგენტი“ აუცილებლად არ ნიშნავს რამე ცუდს, და როგორც წლების წინ ვლადიმერ პუტინი და ახლა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, „სადაზღვეო აგენტიც აგენტია, და დასაძრახი ამაში არაფერია“.

რაც არ უნდა გვარწმუნონ, რომ ეს „ამერიკული კანონის ანალოგია“ (ამას სხვა მასალებში უკეთაც ჩავუღრმავდებით), ჩვენ კარგად ვხედავთ სადამდე მიიყვანა ასეთივე „უწყინარმა“ კანონმა თავისუფალი სიტყვა რუსეთში.

დღეს, საქართველოში იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ მე და ბევრი ჩემნაირი, რომლებსაც ძალიან რეალურად გვემუქრება „უცხოეთის გავლენის აგენტად“ გამოცხადება.

ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. წლების განმავლობაში პროპაგანდა პირდაპირ მუშაობდა მედიის რეპუტაციის ნაბიჯ-ნაბიჯ განადგურებაზე (წარმატებითაც). აქ კონტრარგუმენტი ალბათ ის იქნება, ტელევიზიამ დაივიწყა რა არის ჟურნალისტიკა და პოლიტიზებული გახდაო, მაგრამ ეს არგუმენტად ვერ გამოდგება.

ოპოზიციური და სახელისუფლებო ტელევიზიები ამ ქვეყანაში ყოველთვის გვქონდა და ცხადია, განსაკუთრებით, ბოლო წლებში არც არავის დაუმალავს არც თავისი მიზანი არც დაფინანსების წყაროები.

მაგრამ ტელევიზიებთან ბრძოლა ფაქტობრივად დასრულებულია. ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორები ან ციხეში არიან, ან მათ წინააღმდეგ სასამართლო დავები მიმდინარეობს. აღარაფერს ვამბობ, თავად ტელევიზიების წინააღმდეგ სასამართლოში შესულ ათობით სარჩელზე, რომელთა ავტორები ცენტრალური ან რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.

თუმცა „პოლიტიზებულობის“ არგუმენტით ვერავინ გამოედევნებოდა ონლაინ მედიას, მედიას, რომელსაც წლების განმავლობაში პატიოსანი ჟურნალისტური რეპუტაცია არ შერყევია, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, მათთვის „ნაცების“ და „რადიკალების“ იარლიყი მიეკროთ.

მედია არსებობს იმისთვის, რომ აკონტროლოს და აკრიტიკოს ძალაუფლების მქონენი და, პირველ რიგში, ეს სწორედ ხელისუფლებაა.

ონლაინ მედიაა ის, რომელიც 2010-იანებიდან მოყოლებული მუდმივად გადარჩენისთვის იბრძვის, მწირი ფინანსების გამო. მედია, რომლის ჟურნალისტები და რედაქტორებიც კაპიკებზე მუშაობენ, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელმა ჟურნალისტიკამ იარსებოს.

იგივეა არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაშიც - რომლებსაც დღეს, პროპაგანდა „პოლიტიკურად ანგაჟირებულად“ ნათლავს.

მანიპულაციაა საუბარი იმაზე, რომ ეს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მილიონებით ფინანსდებიან და მათი ბიუჯეტი გამჭვირვალე არ არის. ყველა მედიისა და არასამთავრობოს ვებსა და ფეისბუკ გვერდებზე პირდაპირ არის მითითებული, ვისი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ესა თუ ის პროექტი.

ამ აბსურდის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი და მთავარი მხარდამჭერი მედიისთვის ხალხი იქნებოდა, თუმცა ამ „საფრთხის“ განეიტრალებაზე პროპაგანდამ უკვე იზრუნა - წლების განმავლობაში სიტყვა „ჟურნალისტი“ ლამის „მტრის“ სინონიმი გახდა (ბუნებრივია, ლაპარაკია ნამდვილ, კრიტიკულ მედიაზე და არა სამთავრობოზე).

შესაბამისად, ჩვენს „აგენტად“ გამოცხადებას არანაირი რეაქცია არ მოჰყვება (შეიძლება აქაიქ ერთი-ორი აქცია გაიმართოს, მაგრამ „იყეფებენ და გაჩუმდებიან) და შემდეგ ეს კანონი, როგორც რუსეთში, უფრო და უფრო დამძიმდება და საბოლოოდ მივიღებთ იმას, რაც დღეს ხდება, ისევ, რუსეთში.

ეს ტექსტი მიემართება პირველ რიგში ჩემს მშობლებს. ძალიან ახლოსაა ის დღე, როდესაც მე მომიწევს დავდგე არჩევანის წინაშე, დავრეგისტრირდე „უცხოეთის გავლენის აგენტად“, უარი ვთქვა ამაზე და შემდეგ ვიხადო ჯარიმები, ან რა ვიცი, კიდევ რა დაემატება ამ კანონს, თუ საერთოდ შევეშვა ამ საქმეს და მოვშორდე ამ ქვეყანას.

ამ არჩევანის გაკეთება აუცილებლად მომიწევს, რადგან, კი, ყველამ იცის, არავისთან დამალული არ არის, ჩვენი, ონლაინ მედიის, ის მცირე დაფინანსება სწორედ დონორებისგან მოდის.

ეს ტექსტი მიემართება ყველას მშობელს, რომელმაც იცის, რომ მათი შვილები არ არიან არავის აგენტები, ეს ტექსტი მიემართება ყველა ადამიანს, ვინც პირადად გვიცნობს - ჩვენს მასწავლებლებს, ლექტორებს, მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, ყველას, ვისაც, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ეხება ას კანონი, მაგრამ იცის, რომ არ ვაპირებ არანაირ „აღიარებას“ რომ ვინმეს ან რამის „აგენტი“ ვარ.

ამ კანონპროექტის ავტორებს ზუსტად იმის იმედი აქვთ, რომ არავინ ამას გულთან ახლოს არ მიიტანს, არავინ ხმას არ ამოიღებს, არავინ მათ არ შეეწინააღმდეგება, იმიტომ, რომ ჰო, ვის რაში აინტერესებს ჩვენი ბედი?

მე, პირადად, ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. თუ თქვენ არ გაინტერესებთ, ის რომ თქვენი შვილი „აგენტის“ იარლიყით უნდა დადიოდეს, თუ თქვენ არ აპირებთ გააკეთოთ ყველაფერი თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ეს არ დაუშვათ, მაშინ მართლა ჯობია, მოვშორდეთ ამ ქვეყანას.

ავტორი : გიორგი გოგუა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ