21.12.2023
რეალურად, ჩემი პროფესია მიყვარს, მომწონს, რასაც ვაკეთებ, დიდ შრომას ვდებ თითოეულ მასალაში და განვიცდი, ყველაზე უმნიშვნელო შეცდომასაც კი. ამის ფონზე, მაინც, ყოველ ჯერზე, მიწევს ჩემს ახლობლებს ავუხსნა, რას ნიშნავს ჩემთვის ჟურნალისტიკა და რომ მიზეზი, რის გამოც ეს საქმე ავირჩიე, ტელევიზორში გასული “ექსკლუზიური” და “სენსაციური” რეპორტაჟები არ არის.
ცოტა შორიდან დავიწყე, სინამდვილეში იმ ვიდეოზე ვარ გაბრაზებული, სადაც ჟურნალისტები დეპუტატს დაბადების დღეს ულოცავენ.
მგონია, ნიუსის წერას და ჩართვაზე დგომას რაღაც ეტაპზე ისწავლი. ოდესმე, უამრავი მოწოდების შემდეგ გაიგებ, რომ ფემიციდის შემთხვევისას მეზობელი არ უნდა ჩაწერო (“კარგი ბიჭი იყო, არ ვიცი რა დაემართა”). უარს იტყვი კუბოს კადრებზე და "ექსკლუზივით" სენსაციას არ მოახდენ — ოდესმე… იმედია.
მაგრამ პარლამენტში, დეპუტატს თუ სანთელს ჩააქრობინებ და დაბადების დღის სიმღერას უმღერებ, ძალიან უშავს და სერიოზულად უნდა დაფიქრდე ნამდვილად ჟურნალისტიკაა ის, რასაც უნდა აკეთებდე? არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ე.წ რუსული კანონის ინიციატორს უმღერი, უმრავლესობის თუ ოპოზიციის დეპუტატს, თუნდაც ერთად გაზრდილიყავით.
პოლიტიკოსს პარლამენტში სანთლით ხელში დაბადების დღე არ უნდა მიულოცო და მორჩა.
ინტერესთა კონფლიქტს თავი რომ დავანებოთ, არაეთიკურიცაა. როგორც ჟურნალისტს, წესით, არასასიამოვნო კითხვების დასმა მოგეთხოვება, ყველას და ყველაფრის მიმართ კრიტიკულად უნდა იყო განწყობილი, მაგრამ ეს ისტერიკასა და სენსაციურობაში არ უნდა გადაიზარდოს.
პოლიტიკოსთან “ქართულ ჯიგრულ პონტში” კამერებს მიღმა მეგობრობა, არაპროფესიონალიზმია. ჩემი აზრით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ როცა ირაკლი ზარქუამ სენატორს “ჩათლახი” უწოდა, არცერთ ჟურნალისტს იქვე არ მოუთხოვია განმარტება გაეკეთებინა. კადრებიც მხოლოდ მოგვიანებით, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჟურნალისტმა თიკო ერაძემ ნახა.
მგონია, ბევრ ჩემს კოლეგას ალბათ, არ მოეწონება რასაც ვამბობ, მაგრამ რაღაცები მხოლოდ მათი ბრალია და არა ტელევიზიის ხელმძღვანელების. პოლიტიკოსს უფლება და საშუალება არ უნდა მისცე შენთან ერთად ფოტო გადაიღოს, ხელი ჩაგირტყას, ჩაცმულობაზე კომპლიმენტი გაგიკეთოს. არავის — არც პოზიციიდან და არც ოპოზიციიდან.
საქართველოში ჟურნალისტების პოლიტიკაში და შემდეგ ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნების დიდი “ტრადიციაც” გვაქვს, რაც თავშივე განწირულია. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია რიგითი მაყურებლის/მკითხველის ნდობა შეინარჩუნო. ნდობა კი გადამწყვეტია ნებისმიერი მედიისთვის და რიგითი ჟურნალისტისთვის.
გაბრაზებული ვარ იმის გამოც, რომ ჩემი კურსელებიდან რამდენიმემ ამ პროფესიაში საზოგადოების ნაწილის სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო არ დაიწყო მუშაობა. ჩემი კოლეგების ნაწილმა სხვა სფეროში წასვლა აირჩია, ზოგი ქვეყნიდან წასვლას განიხილავს, ან უკვე წავიდა. მიკროფონთან კი ის “პროფესიონალები” რჩებიან, პარლამენტში დეპუტატს სანთლით ხელში დაბადების დღის სიმღერას რომ უმღერიან.
ბოდიში! უბრალოდ ძალიან გავბრაზდი..