„რას ვხედავ, როდესაც ცას ვუყურებ“ ალექსანდრე კობერიძის შესანიშნავი ფილმია სიყვარულზე. ის ამ ტექსტთან არაფერ შუაშია, მხოლოდ სახეცვლილი სათაური ვისესხე მისგან და, ვცდილობ, ჩემს თემასთან ძაფები გავაბა. რამდენი რამე შეიძლება დაინახო ცაში ყურებისას?! ხომ გახსოვთ, ბავშვობაში ღრუბლებისგან რამდენ ფიგურას ქმნიდით?! მაშინ ეს ის ფიგურები იყო, რომელიც გვინდოდა, რომ დაგვენახა, რასაც ბავშვის თვალი ხედავს. ვიზრდებით და ვხვდებით, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლებელია, ღრუბლების კონტურებისგან შექმნილი ულამაზესი შველის ჩრდილი დრაკონად გადაიქცეს და პირიდან ცეცხლიც გამოუშვას. მაგრამ არცერთ წარმოსახვით გამოსახულებას არ შეედრება ის, რაც ქართული ტელევიზიების ეკრანებიდან მოჩანს.
რას ხედავს მაყურებელი ტელევიზორში არჩევნებამდე 7 თვით ადრე?
ზუსტად 20 წელია ქართულ ტელევიზიებს ვაკვირდები და პერიოდულად მათზე წერაც მიწევს. რა არ გვინახავს მრავალტანჯულ მაყურებელს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება - არასდროს. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ ერთი ტელეარხი იყო, მან მისი არსებობის პერიოდში მიწის ზემოდანაც მოასწრო მაუწყებლობა და მიწის ქვემოდანაც (ბუნკერიდან). ედუარდ შევარდნაძის და „მოქალაქეთა კავშირის“ მართვის პირობებში ტელეარხების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა, ჯერ ორი ტელევიზია გამოჩნდა, მერე სამი და ბოლოს ბევრი. ამასობაში გაჩნდა სამთავრობო და ოპოზიციური არხების ფენომენიც. საბოლოო ჯამში, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, „რუსთავი 2“, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად“ იქცა. „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, ვიდრე ტელეკომპანია „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ხელში იყო, ქვეყანაში უკვე გაჩნდა „საქართველო ორი რაკურსით“. მაგალითად, „რუსთავი 2“ და „იმედი“ ერთი და იგივე მოვლენას სრულიად განსხვავებული წერტილიდან წარმოგვიდგენდნენ და რეალობით დაინტერესებულ მაყურებელს უწევდა, ორივე არხის საინფორმაციო გამოშვება ენახა, შეეჯამებინა ნანახი, კარგად გადაემუშავებინა, გაეერთიანებინა, დაელექა და, საბოლოოდ, რაღაც საშუალო გამოეყვანა. მაგალითად, ერთი გვეუბნებოდა, რომ შემოდგომაზე კახელი გლეხი მუხლებზე დგას და მთავრობას ყურძნის სუბსიდირებისათვის მადლობას სწირავს. მეორე ამბობდა, რომ კახეთში გლეხებმა დაიწყეს ვენახების მასიური აჩეხვა პროტესტის ნიშნად, რადგან მთავრობა მათ მოსავალს არ ყიდულობდა. არ მახსოვს, რა დასკვნა გამოგვქონდა მაშინ, რა იყო სინამდვილეში?! მგონი, ზოგი გლეხის ყურძენი იყიდეს და ზოგის - არა, ასეთიც იყო და ისეთიც. ალბათ!
რა ხდება ახლა? შეხედავთ რამდენიმე ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებას და შესაძლებელია იფიქროთ, რომ ყოველი მათგანი სხვადასხვა ქვეყნის სიახლეებს გადმოსცემს. თუკი აქამდე ე.წ. ერთმანეთის (პროსახელისუფლო და ოპოზიციური) თემების გადაკეთება და განსხვავებული რაკურსით ჩვენება იყო ტენდენცია, ახლა ტენდენცია ამ თემების უგულვებელყოფაა.
აი, მაგალითად, ერთი სტანდარტული დღე, 2024 წელი, 11 მარტი, ორშაბათი. მთავრობის ფლანგზე: ახალი პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ახორციელებს. ქვეყანას ახალი ჯანდაცვის მინისტრი ჰყავს. ოპოზიციის მხარეს: დიდხნიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ყოფილი მსხვილი ფიგურა ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის და არჩევნებში ერთად იასპარეზებს.
თითქოს, ორივე სიახლე, ორივე მხარეს უნდა აინტერესებდეს. საავტორო
ბლოგი არ გვაძლევს საშუალებას, სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ყველა არხის
საინფორმაციო გამოშვება (დიდ დროს და ადგილს წაიღებს), ამიტომ, მხოლოდ
ორი არხის მაგალითზე გაჩვენებთ იმას, რისი თქმაც მსურს. „ქრონიკა“ (ტვ
„იმედი“) 20 საათზე და „მთავარი 9-ზე“ (ტვ „მთავარი“) - ეს
არხები მხოლოდ იმ პრინციპით შევარჩიე, რომ ერთ-ერთი მათგანი
ხელისუფლების გადაწყვეტილებების ყველაზე აქტიური გამხმოვანებელია და,
მეორე არხი, ანუ „მთავარი“, სავარაუდოდ, ახალი პოლიტიკური ძალის
ინტერესებს გამოხატავს.
ეს არის ამ ორი ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების ბადე. ცხადია, აქ აქცენტს არ ვაკეთებ სიუჟეტების შინაარსზე, ტენდენციებზე, აქცენტებზე და ა.შ. მაგრამ გადაიკითხეთ და წარმოიდგინეთ, რომ ორივე მათგანი ნახეთ. რას გავიგებთ, რა მოხდა 2024 წლის 11 მარტს? თან გახსოვდეთ, რომ დაინტერესებული მაყურებელი, როგორც წესი, მხოლოდ პირველ ბლოკს უყურებს. „ქრონიკაში“ პირველ ბლოკში ვერ მოხვდა გვარამია-მელიას ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაცია და „მთავარის“ პირველი ბლოკის ბოლოში აღმოჩნდა სამთავრობო ცვლილებები. კარგით, წარმოვიდგინოთ, რომ არცერთი ეს თემა (ახალი პოლიტიკური ძალა + სამთავრობო ცვლილებები) საკმარისად საინტერესო არ არის არცერთი არხისთვის, მაშინ რა არის საინტერესო, რა არის ის სიახლე, რომელიც საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს? თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ მოკლედ გეტყვით, რომ სხვა არხებზე კიდევ სხვა, სრულიად განსხვავებული თემები იყო მნიშვნელოვანი. მაგალითად, „ფორმულაზე“ პირველ ბლოკში მოხვდა: „შემცირებული ინვესტიციები“ და „რატომ გარბიან ქვეყნიდან“ ამბები. არის დღეები, როდესაც, შესაძლებელია, არ მოიძებნოს ისეთი თემა თუ ამბავი, რომელსაც ყველა ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება დაუთმობს დროს, მაგრამ, საბედნიეროდ, 2024 წლის 11 მარტი ასეთი დღე არ იყო, რადგან ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის, გადაცემის 96-ე ცერემონიალმა ყველა არხი გააერთიანა.
ერთი სიტყვით, ეს ერთი ჩვეულებრივი დღის მოკლე აღწერაა ორი ტელევიზიის მაგალითზე. ვფიქრობ, მომავალში თავადაც თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ სატელევიზიო მედიაში, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, საერთო სურათი არ არსებობს, ყველაფერი გადღაბნილია და, ნებისმიერი სიახლე, რომელსაც მშრალად უნდა ვიგებდეთ, ხშირ შემთხვევაში არა ინტერპრეტირებული, არამედ სულ გამქრალია. არ ჩანს მედიაში, ე.ი. არ მომხდარა. ასე ხდება პრიორიტეტების, პრობლემატური საკითხების აღრევა, გაქრობა, დამახინჯება, რაც, საბოლოო ჯამში, ამომრჩეველს აკარგვინებს რეალობის განცდას. ის უყურებს ეკრანს და ცაში ყურებისა არ იყოს, ერთი კურდღლის ფიგურას ხედავს, მეორე - მელიის და თავად ღრუბელს -ვერცერთი.
ამიტომ კითხვაზე, თუ რას ხედავს მაყურებელი, რომელიც ტელევიზორს უყურებს, პასუხი მარტივია - არაფერს!