ლამის უკვე ანეკდოტურ ისტორიად შევიდა (საბჭოთა) ცენზურის ისტორიაში
ბერნარდო ბერტოლუჩის „კონფორმისტის“ ბედი საბჭოთა გაქირავებაში.
ცენზორებმა გარდა იმისა, რომ განათებისა და ფერის ნამდვილი ჯადოქრის,
ოპერატორ ვიტორიო სტორაროს ფერადი ფილმის შავ-თეთრი ასლი დაამზადეს,
ამოჭრეს კლერიჩის ბავშვობის ტრავმატული ეპიზოდი, სადაც მას მძღოლი
აცდუნებს, პატარა ბიჭი კი ამ უკანასკნელს რევოლვერს ესვრის. ეს
ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინალის გასაგებად - თუ
რატომ ვარდება ისტერიკაში ღამის რომში მეგობართან ერთად მოსეირნე
კლერიჩი, როდესაც შუა ხნის ასაკის ჰომოსექსუალს შემთხვევით
გადააწყდება - არამედ თავად კლერიჩის ფსიქოლოგიური მდგომარეობის
გასაგებად, რომელიც გამუდმებით იმეორებს, რომ უნდა, იყოს „ნორმალური“.
ის ამიტომ ქორწინდება, რადგან ქორწინებას მისთვის სტაბილურობისა და
დაცულობის შეგრძნება მოაქვს; ამიტომ შედის ფაშისტურ პარტიაში,
რომლისთვისაც „ნორმალურობა“ არსებითი საკითხია. მისი შინაგანი
ყოყმანი, თავდაუჯერებლობა, კომპლექსები არა იმდენად დანაშაულის
განცდიდან მოდის, რომ ბავშვობაში კაცი მოკლა (ყოველ შემთხვევაში, მას
ასე ეგონა, სანამ რომის ერთ ბნელ კუთხეში ლინო არ აღმოაჩინა), არამედ
ცოდვის შეგრძნებიდან და შიშიდან, რომ მისი „ცოდვილობა“
გამჟღავნდებოდა. იმ ღამეს, როდესაც ლინოს ჰომოსექსუალობაში,
ფაშისტობასა და პროფესორის მკვლელობაში დასდებს ბრალს და რადიოს
წამყვან მეგობარს, უსინათლო ფაშისტსაც ქუჩაში მიატოვებს, ის პირველად
იქნება თავისუფალი ამ შიშებისგან და პირველად გაბედავს მამაკაცისგან
სექსუალური სიამოვნების მიღებას, რასაც მანამდე მას „ნორმალურად
ყოფნის“ ვალდებულება უკრძალავდა. ახლა მუსოლინის მხოლოდ აჩრდილის
სახით, მისი ჩამოგდებული ქანდაკების თავს მიათრევენ რომის ბნელ
ქუჩებში.
ეს ბევრჯერ გახსენებული ისტორია კიდევ ერთხელ იმიტომ გავიხსენე, რომ ძალიან ცხადად აჩვენებს, ხშირ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრული ტექსტისთვის სექსუალური ურთიერთობების ასახვა ან თუნდაც მასზე მინიშნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ტექსტიდან მსგავსი ეპიზოდების ამოღებით რამდენად ირღვევა საავტორო უფლება, ცენზურის უხეშმა ჩარევამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს ან საერთოდ გაუგებარი გახადოს ნაწარმოები.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული მორიგი ოდიოზური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (რომელიც რამდენიმე სხვა კანონპროექტთან ერთიან პაკეტად განიხილება), ფაქტობრივად, ცენზურის დაკანონებას ისახავს მიზნად, რომლის მიღება გამოიწვევს ცვლილებებს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ინფორმაციის გავრცელების პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობების ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.“
ზოგადად, კანონი რაც უფრო აბსურდულია, მით მეტად ბუნდოვანია ხოლმე და ტოვებს ინტერპრეტაციებისა და დემაგოგიის საშუალებას. მაგალითად, რას ნიშნავს „ინცესტის პოპულარიზაცია“? რას გულისხმობს ამ სიტყვებში ხელისუფლება - ინცესტის ჩვენება ფილმში ან აღწერა ლიტერატურაში არის უკვე თავისთავად მისი პოპულარიზაცია? მაშინ როგორ მოვიქცეთ? ამოვიღოთ ანტიკური ლიტერატურის სახელმძღვანელოებიდან თუ კვლევებიდან ოიდიპოსის მითი? არის ფროიდი ინცესტის პოპულარიზატორი? შეგვიძლია თუ არა ვაჩვენოთ პაზოლინის „ოიდიპოს მეფე“?
„ჩემი ფილმი სინამდვილეში ძალიან პურიტანული და მკაცრად პოლიტიკურია,“ – წერდა პაზოლინი თავის ბოლო, ყველაზე სასტიკ და გარყვნილ ფილმზე „სალო ანუ სოდომის 100 დღეზე“ მუშაობისას. ის მანამდეც იყენებდა სექსუალურ ურთიერთობებს, როგორც მეტაფორას ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების, მათ შორის სურბორდინაციისა თუ პირიქით, უშუალო და ლაღი კავშირების გამოსახატავად, რაც მისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმითა და სიშმაგით სადო-მაზოხიზმამდე და უკიდურეს ამორალურობამდე მიჰყავს „სალოში...“, როგორც ფაშისტების, ძალაუფლების ფლობითა და ტკბობით დეჰუმანიზირებული ადამიანების ამორალურობის გამომხატველი. იმავე წერილში პაზოლინი აღნიშნავს: „არაფერია იმაზე უფრო ანარქიული, ვიდრე ძალაუფლება. ძალაუფლებაში არის რაღაც მხეცური. ის თავისი კანონებითა და პრაქტიკით სანქცირებას უკეთებს და უზრუნველყოფს ძლიერების მიერ სუსტებზე ყველაზე უფრო პრიმიტიული და ბრმა ძალადობის განხორციელებას“, რასაც რეჟისორი ფაშისტების მიერ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების სხეულების მოხმარებითა და მანიპულირებით გამოხატავს. ანუ თუ ვიღაცას „სალო...“ პორნოგრაფიად შეიძლება მოეჩვენოს („ოცნებისთვის“ უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, каждый понимает в меру своей испорченности), სინამდვილეში ეს ფილმი არის ანტი-პორნოგრაფია, რომელსაც ფიზიკურ მიუღებლობამდე მიჰყავხარ და რომელიც აბსოლუტურად აშიშვლებს ძალაუფლების მანკიერებას.
ამიტომ ცენზურა, უპირველეს ყოვლისა, ამ მანკიერების შესანიღბად გამოიყენება. ის ყოველთვის თავს გაჩვენებს სუვერენისგან წამოსულ მზრუნველობად, საზოგადოების - და მით უმეტეს, ახალგაზრდების (იმ ახალგაზრდების, რომელსაც მერე „ტიტუშკებად“ გამოიყენებს) - მორალური სახის, „ოჯახის სიწმინდის“ დასაცავად. ისევ პაზოლინის რომ დავუბრუნდე, ერთ-ერთ ინტერვიუში ის აცხადებს: „მე მორალის მომხრე ვარ, მაგრამ ბურჟუაზიული მორალიზმის წინააღმდეგი. რა განსხვავებაა მათ შორის? მორალისტი სხვას ეუბნება „არა“, მორალური ადამიანი კი მხოლოდ თავის თავს“. და ამ შემთხვევაში მორალიზმი და ამორალურობა უკვე ერთმანეთს უტოლდება, როცა ხელისუფლება პანდემიის მომიზეზებით სახლში გკეტავდა, თვითონ კი მრავალრიცხოვან და ძვირადღირებულ ქორწილებსა თუ დაბადების დღეებს იხდიდა, როდესაც არა მხოლოდ ბოლო ხანებში, არამედ 12 წლის მანძილზე ანტიდასავლურ რიტორიკას აძლიერებდა, შვილებს კი დასავლეთში აგზავნიდა სასწავლებლად, ცოლებს - სამშობიაროდ, ოჯახის წევრებს - სამკურნალოდ, დასასვენებლად თუ უბრალოდ „საშოპინგოდ“. სწორედ ამ ამორალურობის დასაფარად სჭირდება ხელისუფლებას ცენზურა, რომელიც სინამდვილეში არა მორალური უმწიკვლობის შენარჩუნებისთვის წესდება, არამედ გასაჩუმებლად - მათ გასაჩუმებლად, ვინც ხმაურობს, ვინც არ ხუჭავს თვალს, არ იხშობს ყურს უსამართლობაზე, ვინც არ ნებდება სისტემას.
მაგრამ ცენზორს ყოველთვის ეპარება თვალთახედვის არედან, რომ რაც უფრო მკაცრდება კონტროლი, მით უფრო მოქნილი ხდება ადამიანი, მით უფრო ღრმა შრეებში გადაინაცვლებს არაკონვენციური, „მკრეხელური“ აზრები და ამ ლაბირინთებში ცენზორის „მაკრატელი“ ვეღარ აღწევს. რას ამოჭრიდით, მაგალითად, ვისკონტის „სიკვდილი ვენეციიდან“, სადაც არც ერთ წამს შეხებითაც კი არ ეხება აშენბახი ტაძიოს? ანდა „აშიკ-ქერიბიდან“, სადაც ფარაჯანოვი კი გვიყვება საცოლის დასაბრუნებლად აშუღის ხანგრძლივი ხეტიალის აღმოსავლურ ზღაპარს, მაგრამ სინამდვილეში უაღრესად ჰომოეროტიკული ფილმია?
ცენზურა, რომელიც განსაკუთრებით დიქტატორული რეჟიმებისა და ავტორიტარიზმისთვის არის დამახასიათებელი, როგორც წესი, კრიზისულ სიტუაციებში ჩნდება, როგორც კონტროლის, დაშინების, პოლიტიკურ-სოციალურ უსამართლობაზე პროტესტიდან ყურადღების გადატანის მექანიზმი და რაც მთავარია, შებრძოლება მასთან, რაც ყველაზე მეტად სძულს ავტორიტარულ ხელისუფლებას, რაც მას აკლია, რაც მას არ შეუძლია - თავისუფლებას.
ეს წერილი - „დაეშელებს“ - კი სულ სხვა მიზეზით დაწერა ფრანგმა რეჟისორმა მიშელ ჰაზანავიჩუსმა, მაგრამ მისი სიტყვები და პათოსი ხშირად არაჩვეულებრივად ესადაგება სრულიად განსხვავებულ სიტუაციებს, როდესაც ძალადობის საპასუხოდ ადამიანები კიდევ უფრო მეტად იკვრებიან და ირაზმებიან, რადგან ხედავენ ყველაზე ძვირფასის - თავისუფლების - დაკარგვის საფრთხეს: „პრინციპში, ჩვენ გვიყვარს ერთი რამ – ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. ვცდილობთ, სხვები არ შევაწუხოთ. ეს მთავარია. მაგრამ მაინცდამაინც არ გვიყვარს, როცა ხმამაღლა გვეუბნებიან, რა უნდა ვაკეთოთ და რა არა. ამას თავისუფლება ჰქვია. კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა იმიტომ, რომ გულის სიღრმეში, სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენში არ მოგწონთ...
და რა მოხდება, იცით? დღეს თუ ხვალ, თქვენი დამსახურებით, სოლიდარულები გავხდებით. გავაცნობიერებთ, რომ ეს ღირებულებები საფრთხის ქვეშაა. და ჩვენ უფრო ძლიერად შევიყვარებთ მათ, მეტი გამალებით ვაცოცხლებთ. ერთად.“