ლოგიკურია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სადებიუტო
ევროპის ჩემპიონატს ქართული მედია განსაკუთრებულად აშუქებს. სათქმელი
და მოსაყოლი კი, მართლაც ბევრი მოგვცა ვილი სანიოლის გაწვრთნილმა
გუნდმა. სასიამოვნო ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მიერ
მოხდენილ შთაბეჭდილებაზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ არამხოლოდ
ქართული, არამედ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებებიც.
ქართული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ომახიანად და რიხით აშუქებს ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას. თუმცა, ნაკრებზე არანაკლები ყურადღება ეთმობა მთავრობისა თუ პარლამენტის წევრების საფეხბურთო ფეისბუკ აქტივობებს. საინფორმაციო გამოშვებებში ცალკე სიუჟეტები ეძღვნება მათ სტადიონებზე (გერმანიაში) ყოფნას და ეთერში მუდმივად ტრიალებს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტების სქრინები.
თუმცა, ჩემი ყურადღება სულ სხვა რამემ მიიქცია. საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩის წინა დღეს (17 ივნისს), "იმედის დილის" ეთერში გავიდა "ბიზნეს ინსაიდერის" 16-წუთიანი ანალიტიკა. მისმა წამყვანმა, გიორგი აბაშიშვილმა დასაწყისში დააანონსა, რომ ისეთ თემაზე ისაუბრებდა, რაც სპორტული ასპექტების ფონზე სულ იკარგება - ფინანსები, რომელიც ყველა სპორტული მიღწევის უკან დგას. ფეხბურთი რიცხვებში - ასეთი უნდა ყოფილიყო წამყვანის საუბრის მთავარი თემა.
აქვე, ჩემს მთავარ შეკითხვასაც დავსვამ: რატომ იქცა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ეკონომიკის ექსპერტი არხის მთავარ სპორტულ მიმომხილველად?
ეკრანზე გამოტანილი პირველივე უწყინარი სლაიდიდან ცხადი გახდა, რომ გიორგი აბაშიშვილი მხოლოდ საფეხბურთო რიცხვებზე სასაუბროდ არ გვეპატიჟებოდა - „პირველი ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც გამორჩეული პოლიტიკური დატვირთვა აქვს.“
შემდეგი - „წმინდად ეკონომიკური სლაიდი“, სადაც დიაგრამაზე ნაჩვენები იყო ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პერიოდები, აქცენტით საქართველოზე, როცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ქვეყანას ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა.
წამყვანის ციტატა: „არავის, 24 მონაწილე ქვეყნიდან ასეთი ვარდნა არ ჰქონია და აი, აქ არის დღეს საქართველო. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს აქვს!“
ნიშნისმოგების ტონი იკითხებოდა იმ სლაიდის ჩვენებისას, სადაც აბაშიშვილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების საბაზრო ღირებულებებზე საუბრობდა. მისი თქმით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება და საყურადღებო ციტატა: „დღეს მაინცდამაინც არ გვაფასებენ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ... ბევრ რამეში არ გვაფასებდნენ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ და ასე დავამტკიცებთ აქ და ახლა.“
გადაცემის წამყვანი თავის მთავარ სათქმელთან მაშინ მივიდა, როცა ეკრანზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის ფოტო და ციტატა გამოჩნდა.
სწორედ, აქედან იწყება მონოლოგი, რომელიც მთლიანად საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას ეთმობა. აბაშიშვილის თქმით, „პრეზიდენტმა გადაწყვიტა საქართველოს დაყოფა,“ რადგან მიიღო გამაოგნებელი გადაწყვეტილება და საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით შერჩევით დააჯილდოვა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება 23 მაისს გამოიცა და დასაჯილდოებელთა სიიდან ამოღებულია ნაკრების ტექნიკური პერსონალის დიდი ნაწილი და მათ შორის, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი (დაჯილდოების ცერემონიალი სექტემბერში, თბილისში გაიმართება).
წამყვანის ციტატა: „ჯერ კიდევაა შანსი, აი ამ სრულიად გაურკვეველი გადაწყვეტილების შეცვლის და დარწმუნებული ვარ, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურში არ მიუღიათ, სადაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ. ეს არ იქნებოდა მათი გადაწყვეტილება, ისინი ამას არ გირჩევდნენ! ეს იყო გარედან გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა. საქართველოს ნაკრების დაყოფა არ შეიძლება.“
ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკისა და არაერთი ფაქტის წამოძახების შემდეგ, გიორგი აბაშიშვილი უეფას, "ქართუ" ფონდისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული ფულადი პრემიების „შეჯიბრებაზე“ გადავიდა. ნაჩვენები სლაიდების მთავარი მიზანი იყო გვენახა, რომ "ქართუ" ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო უპრეცედენტოა: „ჯგუფიდან გასვლისა და ფლეი-ოფში ერთი მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მიიღებს უფრო მეტს, ვიდრე ევროპის ჩემპიონი ან ვიცე-ჩემპიონი.“
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე,
ბიძინა ივანიშვილის "ქართუ" ფონდმა ნაკრებისთვის ჯგუფური ეტაპის
დაძლევის ჯილდოდ 30 მილიონი ლარი დააწესა. ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი
დაძლია და საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ივანიშვილმა
გუნდს 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა. მთავრობის გადაწყვეტილებით კი,
დაწესებული 850 ათასი ლარის ნაცვლად, ეროვნული ნაკრები სახელმწიფოსგან
3 მილიონ ლარს მიიღებს.