"უცხოური გავლენის აგენტების" კანონის ხელახალი ინიციირების შემდეგ,
პროსახელისუფლებო მედია კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისა და
აქტივისტების დისკრედიტაციაშია ჩართული. თუმცა, მაუწყებლობის გარდა,
პროსახელისუფლებო მედიები კოლოსალურად დიდ თანხას ფეისბუკზე
რეკლამებში ხარჯავენ. რეკლამებისა და დახარჯული თანხის რაოდენობა,
განსაკუთრებით აპრილი - მაისის პერიოდში, მეტყველებს თუ რა მასშტაბის
რესურსი იხარჯება საინფორმაციო პროპაგანდისტულ მანქანაში.
Meta-ს რეკლამების ანგარიშის მიხედვით, ბოლო 90 დღეში, რაც 27 მარტიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს(რეკლამების არქივი არ იძლევა ხარჯვის დღეების მიხედვით გაფილტვრას), თანხის მხარჯველების ტოპ ათეულში ორი პროსახელისუფლებო სამაუწყებლო მედია - ტვ "იმედი" და "პოსტვ" გვხვდება. ამ სიაში "პოსტივი" ორი ფეისბუკ გევერდით, „POSTV - ახალი ამბები“ და „POSTV - ანალიტიკა“ არის წარმოდგენილი. ბოლო 90 დღეში ტვ "იმედმა" 300 რეკლამა დაასპონსორა და ჯამში 20 ათას დოლარზე მეტი გადაიხადა. "პოსტივის" ორმა გვერდმა კი ჯამურად 2070 პოსტი დაასპონსორა და 28 ათას დოლარზე მეტი დახარჯა. კონტრასტისთვის, ამავე პერიოდში "მთავარ არხს" დასპონსორებული მხოლოდ ერთი რეკლამა ჰქონდა, "ფორმულას" ორივე ნიუს ფეიჯს - ნული, "ტვ პირველსაც" - ნული.
რეკლამების სტატისტიკის დეტალური ანალიზისათვის ჩვენ ყველა რეკლამა ჩამოვტვირთეთ, რომელიც ორი პროსახელისუფლებო მედიის სამ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა. ეს ფეისბუკ გვერდებია: „TV Imedi,“ „POSTV - ახალი ამბები“ და „POSTV - ანალიტიკა“. მონაცემებიდან გავფილტრეთ 2024 წლის იანვარ-ივნისში გამოქვეყნებყული რეკლამები, რათა შეგვედარებინა რეკლამების ინტენსივობა და სიხშირე. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ჩანს, სამივე გვერდზე ყველაზე მეტი რეკლამა 2024 წლის აპრილში გამოქვეყნდა. მაგალითად, „POSTV - ანალიტიკამ“ აპრილში 340 პოსტი დაასპონსორა, ოთხჯერ მეტი ვიდრე იანვარში. მსგავსად, "იმედმა" აპრილში იანვართან შედარებით 2.7-ჯერ მეტი პოსტი დაასპონსორა. ყველაზე მეტი რეკლამა 2024 წელს, მათ შორის აპრილშიც, „POSTV - ახალი ამბები“-მა გამოაქვეყნა. რეკლამების ინტენსივობის ზრდა თანხვედრაშია რუსული კანონის წინააღმდეგ სახალხლო პროტესტის მობილიზებასა და გაფართოებასთან. ივნისში ქუჩის აქციების დროებით შეჩერებასთან ერთად პროსახელისუფლებო გვერდებზე რეკლამების რაოდენობაც შემცირდა.
აპრილი-მაისის პერიოდში ფეისბუკ-გვერდმა „POSTV - ახალი ამბები“ ყველაზე მეტი - 44 პოსტი ერთ დღეში, სამ აპრილს დაასპონსორა, რაც "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიცირების დღეს ემთხვევა. „POSTV - ანალიტიკა“-ს დღიური პიკი პირველი მაისი იყო, როდესაც გვერდმა ერთ დღეს 36 რეკლამა გამოქვეყნა. ამ დღეს პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყარა კენჭი, ხოლო სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რაც შეეხება ტვ "იმედს", "იმედმა" აქციების პერიოდში "პოსტვ"-სთან შედარებით ნაკლები რეკლამა გამოაქვეყნა. ყველაზე ბევრი დასპონსორებული პოსტი ტვ "იმედზე" 29 აპრილს გამოქვეყნდა, რაც პარლამენტის წინ "ქართული ოცნების" აქციას ემთხვევა.
აღნიშნულ პიკებში რეკლამების ანალიზი საინტერესო სურათს გვაჩვენებს. სახელისუფლებო მედიების გვერდები ერთი მხრივ ავრცელებდნენ პროსახელისუფლებო დღის წესრიგსა და გზავნილებს რუსული კანონის შესახებ, მეორე მხრივ კი ახდენდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა და აქციების დისკრედიტაციას. "პოსტვ"-ის ორივე ფეისბუკ გვერდი დისკრედიტაციისთვის მიმართავდა დეზინფორმაციასა და ფოტომანიპულაციებს, მათ შორის დეზინფორმაციას ვხვდებოდით დასპონსორებულ პოსტებშიც.
როგორც აღვნიშნეთ, 3 აპრილს, რუსული კანონის რეინიცირების დღეს ყველაზე მეტი - 44 რეკლამა "პოსტვ"-ის გვერდმა „POSTV - ახალი ამბები“ გამოაქვეყნა. 44 რეკლამიდან 23 დასპონსორებული პოსტი შალვა პაპუაშვილის განცხადებების პოპულარიზაციას მიეძღვნა, ასევე დასპონსორებული იყო მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებიც. ეს განცხადებები "უცხოური გავლენის აგენტების" კანონს წარმოაჩენდნენ როგორც „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გრანტებისა და დაფინანსების არადეკლარირებაში სდებდნენ ბრალს.
„POSTV - ანალიტიკა“-მ ყველაზე მეტი პოსტი პირველ მაისს დაასპონსორა და ამ პოსტების უმეტესობა დემონსტრანტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. რეკლამებში "პოსტვ" ცდილობდა, გაემართლებინა სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლა და აქციებს მოიხსენიებდა, როგორც „ძალადობრივს.“ ასევე აქციების სახალხო მხარდაჭერის შემცირების მიზნით, "პოსტვ" ასპონსორებდა ისეთ პოსტებს, სადაც გატარებული იყო ნარატივი, რომ აქციები ორგანიზებულია ლგბტ აქტივისტებისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ.
რაც შეეხება ტვ "იმედს", "პოსტვ"-სთან შედარებით, "იმედმა" რაოდენობრივად კვლევის პერიოდში ყველაზე ნაკლები რეკლამა გამოაქვეყნა. თუმცა, საშუალოდ ერთ რეკლამაზე "იმედი" "პოსტვ"-სთან შედარებით უფრო მეტ თანხას ხარჯავდა. თუ ორი ათასზე მეტ რეკლამაში "პოსტვ"-მა 28 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, მხოლოდ 300 რეკლამაზე 20 ათას დოლარს გადააჭრბა "იმედის" ბიუჯეტმა. როგორც ვთქვით, აპრილი-მაისის პერიოდში "იმედმა", ყველაზე ბევრი - 13 რეკლამა 29 აპრილს გამოაქვეყნა და დასპონსორებული პოსტების უმეტესობა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო სახალხო შეკრაბაზე“ მმართველი გუნდის სიტყვით გამოსვლებს დაეთმო. მათ შორის დასპონსორებული იყო ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან ის ნაწილი, რომელშიც ივანიშვილი დასავლეთს საქართველოში „აგენტურის“ დაფინანსებაში სდებდა ბრალს.
როგორც ამ მცირე კვლევამ აჩვენა, პროსახელისუფლებო სამაუწყებლო მედია
დიდ რესურსს ხარჯავს ხელისუფლების დღის წესრიგის ფეისბუკ აუდიტორიამდე
მიტანაში. ამ კვლევამ მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიების ის ფეისბუკ
გვერდები მოიცვა, რომლებიც Meta-ს ანგარიშში მხარჯველთა ტოპ ათეულშია.
თუმცა, მსხვილი მხარჯველების სიაში ჩვენ ასევე ვხედავთ მმართველი
პარტიისა და ხელისუფლების ოფიციალურ გვერდებსა და პროსახელისუფლებო
ონლაინ მედიებსაც.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.