ეს მგონი, არც ჯორჯ ორუელს აღუწერია და არც ოლდოს ჰაქსლის... როცა
პროპაგანდა იმგვარად გიწებებს, რომ შენს ინდივიდუალურ ენას,
გემოვნებას, ღირებულებებსა და სიტყვებსაც კი იმ სისტემის სასარგებლოდ
იყენებს, ვისაც პროპაგანდისტული მანქანა ემსახურება.
ორუელის მიერ აღწერილი პროპაგანდისტული სისტემა - სტალინური მოდელის
მსგავსად - ცნებებს უცვლის შინაარსს და მას შემდეგ, რაც აბსურდად
აქცევს ენას („ომი - მშვიდობაა“ და სხვ.) თავად ცნება-ჭეშმარიტებასაც
აუქმებს, როგორც დიქტატურისთვის საზიანო და უსარგებლო
სათნოებას.
კლასიკურ ტოტალიტარიზმსა და პუტინისტური
ნეო-დიქტატურის ოფიციალურ საინფორმაციო სივრცეში აღარც არაფერია
დაშვებული ცენზურის მიერ კონსტრუირებული ენისა და სიტყვების გარდა,
რადგან იქ მხოლოდ ისეთებს ეთმობათ მედია-ზემოქმედების ოფიციალური
ველი, ვისი ენაც მკაცრად რედაქტირებულია ხელისუფლების
მიერ.
ჩვენებურ ავტოკრაკრატიაში კი, სადაც სიტყვებს ჯერ კიდევ გააჩნიათ ძალა
და ცენზურა კი მხოლოდ პროსახელისუფლებო არხებზეა ნორმირებული,
კრიტიკული მოქალაქის ენა თუ ინდივიდუალიზმი უმეტესად პროპაგანდისტი
მანიპულატორების ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე და სისტემის დაზიანების
ნაცვლად, თავადვე ხდება იმ აზრის დამაზიანებელი, რისი გამოთქმა-დაცვაც
მორალურ ვალდებულებად მიაჩნდა. ზოგჯერ ის სურვილიც კი, რომ
ხელისუფლების პროპაგანდისტს ან მავნე მესიჯების გამავრცელებელს
დასცინო, უნებლიეთ მისი მესიჯების გამავრცელებლადვე გაქცევს და ამ
მხილების შედეგი არა ავტოკრატის რომელიმე მარიონეტის ირონიული
დეკონსტრუქცია, არამედ მავნებლის მავნებლური გზავნილების გაუაზრებელი
აგიტატორის როლში აღმოჩენაა.
აი, ერთი მაგალითი. ჩვენ გვყავს დეპუტატი ზ. (მის გვარს სიზარმაცის გამო არ დავასახელებ), რომელსაც მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ სისულელეები ამოროშოს დასავლელ ლიდერებსა თუ პოლიტიკურ პროცესებზე, ჯამბაზურად უგერგილო ინგლისურ-გერმანულით მიმართოს უცხოელებს და თავის ოხუნჯობებში ალაგ-ალაგ საკმაზად გაურიოს „ქართული ოცნების“ ცნობილი გზავნილები.
ცხადია, ეს ხუმრობები არასდროს არის სასაცილო, მაგრამ ამ კაცის ქცევა იმდენად იდიოტურია და ზოგადად, იმდენად შეუსაბამოა დეპუტატის სტატუსთან, რომ განცვიფრებულ ადამიანს უმალ აღშფოთების გამოხატვა უნდება ამ მარაზმზე, მისი ფეისბუქში თუ სხვაგან გამომზეურება და შეძლებისდაგვარად დაცინვაც კი, თუმცა, ეს კი გვასწავლეს დიქტატურის თეორეტიკოსებმა - ორუელმა თუ ჰაქსლიმ, რომ პროპაგანდას არც ირონია ესმის და არც იუმორი, მისი მიზანი მარტივია და რა საბურველის მიღმაც არ უნდა ცდილობდეს დამალვას, ამოცანა ყოველთვის ერთი და ბანალური აქვს: თავისი გზავნილის პენეტრირება მოახერხოს მასობრივ ცნობიერებაში.
ამიტომ ის, ვინც არხსენებულ დეპუტატ ზ.-ს ამზეურებს მისი მხილების მიზნით, სწორედ იმ საქმეს აკეთებს, რა დავალების გავრცელებაც ხსენებულ ძალად კლოუნს მიეცა: თუკი 10-დან 8 ადამიანი იდიოტს დაინახავს მასში, დანარჩენ 2-მდე აუცილებლად მივა მისი რომელიმე მავნე გზავნილი, ამ 2-ის სული კი შესაძლოა პროპაგანდის დემონს ჩაუვარდეს კალათში, რომელიც ვინ იცის, იქნებ ამომრჩევლის ხმად მიუვიდეს ავტოკრატს დათქმულ დღეს.
ვახსენეთ, რომ პროპაგანდა არ სცნობს ირონიას (მაგრამ დიქტატორს არ უყვარს დაცინვა, ეს კი სხვადასხვა რამაა და ამაზე სხვა დროს ვთქვათ), პროპაგანდა ბრტყელია და მას მისივე მეთოდით უნდა დაუპირისპირდე, რაც მარტივ და ბრძნულ პრინციპს ეყრდნობა: ის არ უნდა აღუსრულო, რა ამოცანის მიღწევაც პროპაგანდისტს, უფრო სწორად, პროპაგანდის დამკვეთ ავტოკრატიას აქვს მიზნად დასახული.
მაგრამ ახლა ესეც კი პრობლემურია, როცა 17 მაისზე ვწერ, რადგან კვლავაც ვშიშობ, ჩემი ინდივიდუალური რწმენა და ენა თავისუფლების საზიანოდ არ გამოიყენოს ავტოკრატიის პროპაგანდისტულმა მანქანამ, რაკი ავტოკრატია სწორედ იქ აგებს ხაფანგს, სადაც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ძნელად და ზოგჯერ სამწუხაროდ, აგრესიით იღებს მისთვის ახლებურ იდეას. ამიტომ ჩემნაირებს ახლა სტრატეგიული აზროვნება გვმართებს, რაც პირდაპირ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული - ისე ვისაუბროთ და ისეთი ენა გვქონდეს, სადაც პროპაგანდას ჩვენი გამოჭერა, მოხელთება და ჩვენივე მრწამსის ჩვენსავე საზიანოდ გამოყენება გაუჭირდება. ეს კი უთუოდ ნიშნავს ინდივიდუალური ენის კორექციას, ერთგვარ თვითცენზურას, სადაც ზოგჯერ იმასაც კი ვეღარ ამბობ, რისი თქმაც შენი გემოვნების, ფასეულობებისა თუ აზროვნების სტილის შესაბამისია.
ცხადია, საბჭოთა ცენზურის ეპოქის დასრულების შემდეგ ვერაფრით ვიფიქრებდით, რომ ივანიშვილის რუსული სისტემა კვლავაც შეგვიზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას და ძლივს გათავისუფლებულ ენას ახლებურ წნეხში მოაქცევდა, მაგრამ ახლა უთუოდ გვიწევს იმის სწავლა, როგორ უნდა მოვუგოთ ჭკუით პროპაგანდის გაქნილ დემონს.
ეს კი ისევ და ისევ უნივერსალური ფორმულით გამოიხატება:
დავფიქრდეთ პროპაგანდისტის მიზანზე და, სულ მცირე, ამოცანის მიღწევა
მაინც გავურთულოთ, ანდაც საერთოდაც ხელი შევუშალოთ ჩვენი გონივრული
ქცევით მიზნის მიღწევაში.
ზოგადად კი, უნდა გვახსოვდეს, რომ ისე არაფერი აღიზიანებს
პროპაგანდისტს, როგორც მისი სრული იგნორირებაა...
ურეაქციობა ხანდახან ყველაზე მართებული რეაქციაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.