კი მაგრამ, რას აკეთებდნენ 2012 წლამდე? უკვე მესამედ კითხულობს
“ექსპერტი” და თვალებს უბრიალებს კამერის ობიექტივს, ანუ მიმართავს
მაყურებელს. მესამედ - ამ გადაცემაში, თორემ ისე, 12 წელია კითხულობს,
რას აკეთებდნენ ხელისუფლებით უკმაყოფილოები 2012 წლამდე, ამაში
უღიმღამო ხელფასსაც იღებს. ამ კითხვაზე ერთხელაც ძალიან სასაცილო
პასუხი მოვისმინეთ (“სკანდალური” როგორც შეაფასა მედიამ), თუმცა, ნატა
ფერაძის მოულოდნელი პასუხი აბა, როგორღა გადააფიქრებინებდა
სახელისუფლებო ექსპერტს, ვისაც, სხვათა შორის, ერთი დღე არ სჭერია
ხელში საპროტესტო ტრანსპარანტი - არ დაესვა ეს სულელური
კითხვა.
მე 2012 წლამდე კულტურის ჟურნალისტი ვიყავი. ჰოდა, ამას წინათ, მოხდა ასეთი რამ: ჩემი კრიტიკული სტატუსებით გაღიზიანებულმა ჟურნალისტმა, ისეთი არხისა, რომელსაც წინ აუცილებლად ჩაუდგამენ ხოლმე სიტყვას “სამთავრობო”, ცხარე და დაუნდობელი კამათის დროს, ირონიულად მომაძახა: რაც თავი მახსოვს, შენ სულ პეპლებზე წერდი და გვიან ხომ არ დაინტერესდი პოლიტიკითო?
“პეპლებში” გულისხმობდა ჩემს იმ სიუჟეტებს, რომელსაც მე ვამზადებდი ახალი ამბების კულტურის რედაქციისთვის. ხოლო მისი წამოძახილი ნიშნავდა იმას, რომ საკმარისად ბევრი დრო დავხარჯე კულტურის განყოფილებაში იმისათვის, რომ პოლიტიკურ ტოქშოუებში “გუშინ” გადმობარგებულს, ენა ასე თამამად ამომეღო და უფრო მეტიც, არგუმენტები მქონოდა. ეს წამოძახილი გამოხატავდა ასევე იმ ქედმაღლობას, რომელსაც სულ ვგრძნობდი ახალი ამბების ჟურნალისტებისგან, სიახლეებში გარეული, ექსკლუზივების მაძიებელი, საქმეში ჩაფლული, ნერვებმოშლილი, პროდიუსერებისგან შეურაცხყოფილი და მაინც, ამაყი კორესპონდენტებისგან. მათ ჭიპი მოიჭრეს მინისტრების, დეპუტატებისა და აქტივისტების დევნაში, მათ მიკროფონებს ვინ არ ჩაუწერიათ, მათ მხრებზე გადაიარა უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანმა თუ უმნიშვნელო ამბებმა და ვიღაც პეპლების მადევარმა, გუშინ მოსულმა, საიდან იცის ახლა ეს კანონი რუსულია თუ ამერიკული?
მართლაც ასე იყო. მე ვაკეთებდი სიუჟეტებს კულტურაზე, არათუ 2012 წლამდე, მთლად უარესი, 2020 წლამდე და მაშინაც კი, როცა ქვეყანაში მოქალაქეებს უსამართლოდ აკავებდნენ, უკარგავდნენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ხალისს, აშენებდნენ სკოლებს, ხიდებს და გზებს, პეპლების დევნა რჩებოდა ჩემს შეუცვლელ საქმიანობად. ყველაზე მწვავე და დრამატულ დღეებშიც კი, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ანუ ძალიან ფრთხილად, ზრდილობიანად და აკურატულად ვთხოვდი უხასიათო ინტელიგენციის რომელიღაც წარმომადგებელს, დამსახურებულ მსახიობსა თუ ჩინიან რეჟისორს, მხატვარსა თუ მწერალს თავისი აზრი გამოეთქვა პრემიერაზე, სპექტაკლზე, კონცერტზე, ახალ წიგნსა და გამოფენაზე, რათა შემდეგ მისი ინტერვიუ “სასტიკად და ულმობელად” დამეჭრა (როგორც ერთხელ მისაყვედურა ნანა მჭედლიძემ), 20-წამიან ნაკუწებად მექცია და ჩამესვა სიუჟეტში, რომლის ქრონომეტრაჟი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო 2 წუთზე მეტი.
დემონსტრაციებზე ვიდექი როგორც მოქალაქე, არასდროს არ გამიცდენია ამ ქვეყნის ისტორიაში ჩატარებული არც ერთი მიტინგი, თუმცა, როგორც ჟურნალისტი - ვწერდი პეპლებზე. 7 ნოემბერს, როცა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დარბოდნენ ჩემივე ტელევიზიის დერეფნებში - ვამონტაჟებდი სიუჟეტს სპექტაკლზე, რომლის სახელს შემდეგ მთელი დღე ისტერიულად ვბუტბუტებდი დარბეულ ქუჩაში: “ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები.” 17 მაისს, როცა მშვიდობიან ადამიანებს უსწორდებოდა ბრბო, მე ვყვებოდი, რომ გერმანიაში 14-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ჯგუფმა "შინ" სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
წლების შემდეგ, როცა პოლიტიკური ტოქშოუს ეთერში პირველი კითხვა დავსვი მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და არა - მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ ახალ სპექტაკლზე, მივხდი, რომ არ იქნებოდა მარტივი ძველი ჩვევების გადაგდება. გამუდმებით ვფიქრობდი, როგორ დამეთრგუნა ის მორიდებულობა, რომელიც ჯერ კიდევ მომყვებოდა იმ დროიდან, როცა რომელიმე სახელგანთქმულ ხელოვანს უხერხულად ვთხოვდი ძალიან, ძალიან მოკლედ ეთქვა გრძელზე გრძელი სათქმელი, “მოკლედ, თუ შეიძლება მოკლედ, სულ რამდენიმე წამი”.. მე მხოლოდ ოცი წამი მჭირდებოდა, ძვირფასი ოცი წამი, ხოლო დანარჩენი წამები, წუთები და საათებიც კი, რა დროსაც აზარტში შესული ხელოვანები პრაქტიკულად ტყუილად ლაპარაკობდნენ მგზნებარედ, თავდავიწყებით ახალ როლზე, ფილმზე, მუსიკასა თუ კონცერტზე - სამუდამოდ უნდა წამეშალა მეხსიერებიდან და ფირიდან. ყოველი გასული რეპორტაჟის შემდეგ, რეკავდა ტელეფონი და მე გულგახეთქილი, უკიდურესად შერცხვენილი, სახედამანჭული ვისმენდი ყურმილის მეორე ხაზიდან დაუსრულებელ საყვედურებს: ჩემი ლაპარაკი არ იყო, გოგონა! კი მაგრამ. პირი დავაღე თუ არა დავხურე! ამდენი რისთვის ვილაპარაკე? როგორ გაბედეთ? თუმცა, ეს საყვედურები ისეთივე ჩვეულებრივ ყოველდღიურობას წარმოადგენდა, როგორც ამ საყვედურების შემდეგ ისევ ამ ხალხთან ინტერვიუებზე მისვლა. ასე ნელ-ნელა და თანდათან საკუთარ ტყავზე ვსწავლობდი ყველაზე დიდი პერუელი მწერალისა და ჟურნალისტის სიტყვების სიმართლეს: “ჟურნალისტიკას შეუძლია მოგკლას. და არა ისე, როგორც ომები ან რევოლუციები გკლავენ, არამედ მოგკლას თავისი რუტინით, თავისი უმნიშვნელო, დაუსრულებელი გამეორებებით.”
მაშინ მე გადავრჩი. თუმცა, არ ვიცი რამდენი ხნით. წლების შემდეგ, როგორც უკვე პოლიტიკურ გადაცემის წამყვანს მირეკავენ (და ალბათ, როგორც “მანანა ჩიქობავას”) და მუმექრებიან სიცოცხლის მოსპობით. ტელეფონს ყოველთვის ვპასუხობ და როგორც ადრე ვიცოდი დანამდვილებით, რომ მირეკავდა განაწყენებული მხატვარი ან რეჟისორი, - ახლაც ზუსტად ვიცი, რომ მირეკავს პატარა ბიჭი, გახრწნილი სისტემის მიერ გაფუჭებული ვიგინდარა, რათა მითხრას ჩემთვის უკვე არაფრისმომცემი სიტყვები: “შენი დედა მო####ნ!” გინების შემდეგ ისმის ბინძური სიტყვები, ლანძღვა და მუქარა კოკისპირული, რომელსაც მე გასქელებული კანით და ოლიმპიური სიმშვიდით ვისმენ დღეს უკვე მეოთხედ.
როგორც ჩანს, ვერ გამოვდივარ “პეპლების ჟამიდან” და ვფიქრობ ჩემთვის, აი, ახლა ეს ბიჭი, უკმაყოფილო ინტელიგენციის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ალბათ, ასე მეტყოდა იგივე სათქმელს: ნუთუ არ მერიდება, რომ დღისით - დემონსტრაციებიდან, საღამოს კი - ტელევიზიიდან, სრულიად უტიფრად და ყოვლად უსამართლოდ, მთლად პირდაპირი ეთერიდან, ისე რომ ვერაფერს ამოჭრი, ვბედავ და ვლანძღავ დიდ მეცენატსა და ქველმოქმედს, კულტურის მუშაკთა მარჩენალსა და ქართული კულტურის ქომაგს. და თან, ეს იცით, რით შეიძლება დასრულდეს, გოგონა? ეს ნიშნავს უსაშველოდ ბევრ პრობლემას, აი, ღმერთმა არ ქნას, რომ სადარბაზოსთან დამხვდეს ვინმე ხელაღებული მოქალაქე და “გამალამაზოს”..
თუმცა, ტელეფონიდან სულ სხვა სიტყვები მესმის: #ექალა, გაგიხეთქავ თავს, - წიკვინებს 15 წლის ბიჭი, რომელიც რატომღაც უკიდურესად ღელავს და განერვიულებული მპირდება, რომ დუბინკას მირტყამენ თავში, სახეში, კბილებში. მესმის ყველაზე ბილწი, ყველაზე ჭუჭყიანი, უცხო და ეგზოტიკური გინება, სალანძღავი სიტყვები, რომლის არსებობის შესახებ მე აქამდე არაფერი მსმენია. უკვე ლამის ცნობისმოყვარედ ვისმენ გინების ახალ-ახალ ფორმებს და სრულებით არ ვღელავ. ან რატომ უნდა ვღელავდე? უბრალოდ მაგინებენ, გულისგასახეთქ საყვედურებს კი არ მაძლევენ შემოკლებულ ქრონომეტრაჟზე. 2-წუთიანი კოკისპირული ლანძღვის შემდეგ მეც მინდება შევაგინო და უკან ჩავაბარო ყველა ის ახალი სიტყვა, რომელიც 15 წლის გინების მასწავლებელმა მასწავლა, თუმცა, გვერდით ყურებდაცქვეტილი დედაჩემი მიზის, რომლის გასაგონად პატარა ბიჭს, თითქმის, სიყვარულით ვეუბნები: “იცით, მე დღეს უკვე დამირეკეს სამჯერ.” ვთიშავ ტელეფონს და ცნობისმოყვარე დედაჩემს ვეუბნები, რომ გული გამიწყალეს მანქანის დაზღვევის შეთავაზებებით.
ბოლო ოთხი წელიწადია, რაც მიმყავს პოლიტიკური ტოქშოუ; სხვათა შორის, როგორც კვლევები (მათ შორის, ჩემი დაკვირვება) ცხადყოფს, ამ პერიოდიდან კარგავს ხელისუფლება ამომრჩეველს. ივანიშვილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გადაუყვარდათ და ჩემი სტუდია ხდება იმედგაცრუებული ხალხის პატარა ნავსაყუდელი, ბრაზის ამოსანთხევი, გულის მოსაფხანი ადგილი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი გადაცემის ეთერი სულ უფრო მეტად ივსება გაბრაზებული და გულგატეხილი აქტივისტებით, დაუმორჩილებელი პოლიტიკოსებითა და ექსპერტებით, შეურაცხყოფილი მასწავლებლებითა და ექიმებით, უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდების მშობლებით, ივსება მოტყუებულებით. ივანიშვილის პოლიტიკაში მომყვანებს დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ იყვნენ მისი გამცილებლები. ყოფილი “მეოცნეები” ერთი მეორეს მიყოლებით იმეორებენ, რომ უკრაინის ომმა ხელისუფლებაში მოსული ძალა საბოლოოოდ, გადააქცია რუსულ ხელისუფლებად. მოდიან ისინიც, ვინც არასდროს ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, ვისაც უყურადღებოდ არ დარჩენიათ 2012 წლის 30 აგვისტოს ჩრდილიდან გამოსული მეცენატის მიერ ნასროლი პატარა ციტატა, ლაფანყურის სპეცოპერაციიდან მესამე დღეს, როცა მან პოლიციის დაღუპულ მაიორს, არჩილ ჩოხელსა და კაპიტან სოლომონ წიკლაურს “ჩვენი მხარდამჭერები” უწოდა, და აღნიშნა, რომ დასანანია მათი დაღუპვა, რადგან ისინი მისი დაცვის ბიჭებთან მეგობრობდნენ. მაშინ საზოგადოება ჯერ კიდევ ვერც იფიქრებდა, რომ ამ საზარელი სამძიმარიდან რამდენიმე თვეში ივანიშვილი ტრიუმფით მოვიდოდა მთავრობაში, “დაცვის ბიჭებს” ქვეყანაში ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობებს დაუნაწილებდა და მომდევნო 12 წელი პოლიტიკური ნიშნით გარდაცვლილების გადარჩევა გახდებოდა "ქართული ოცნების" გენერალური და ყველაზე ამაზრზენი ხაზი.
ჩემი სტუდია კი ისევ ივსება ახალ-ახალი ხალხით, გაბრაზებულებით, მოტყუებულებით, იმედგაცრუებულებით. ბატონი ბიძინათი ერთ დროს აღტაცებულებით, რომლებიც ახლა რუსეთის მონას, პუტინის კაცს, კორუმპირებულსა და ბოროტს უწოდებენ ოლიგარქს. რას არ გაიგონებ მათგან და მაინც, ყველაზე ზუსტ მეტსახელს ამერიკელი კონგრესმენისგან ვისმენთ: “უხეირო დიქტატორი”. კეთდება განცხადებები, რომელიც გაცდა შეშფოთებებს, ამერიკაში, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში და სულ ცოტა დრო გვაშორებს იმ ნაბიჯისგან, როცა კონგრესისა თუ სენატის რომელიმე მოსმენაზე, ქართველ ოლიგარქს პირდაპირ უწოდებენ VIRESHMAKA-ს, ასე პირდაპირ, თარგმანის გარეშე, როგორც დაარქვეს ხალხის მხარდამჭერ აქტს MEGOBARI.
სტუდია კი ისევ ივსება “გაბრაზებულების” ახალი პარტიით. აქაა ყველა, ძველი გვარდია, ახალი ტალღა, შემდეგ შეერთებულები, სხვადასხვა მიზეზით წამოსულები, განდგომილები. განა მარტო პოლიტიკოსები? ყურადღებით ვუსმენ ღამის ეთერში აქვითინებულ გარემოვაჭრე ქალს, რომელიც ტირილით ყვება, როგორ შეპირდნენ 2012 წელს არათუ მისი ფარდულის შენარჩუნებას, არამედ - უკეთეს ცხოვრებას. ჰყვება, როგორ მოატყუეს, როგორ მოდიან ინსპექტორები მასთან ყოველ დღე და სიმწრით ნაყიდ საქონელს ძირს უყრიან, ეტლს წაუქცევენ, ცრემლებამდე მიჰყავთ. ქალი მიდის და მე ვკითხულობ ტექსტს სუფლიორიდან: 5 მილიონი უნდა ჰქონოდა თითო სოფელს, სანაცვლოდ მივიღეთ სახელმწიფო, სადაც ინსპექტორი წიხლით დასდევს ატირებულ პენსიონერს. ივანიშვილი კი კვარტალში ერთხელ გამოჩნდება იმისთვის, რომ მშიერ მოხუცებს ეწუწუნოს იმ მილიონებზე, რომელსაც შვეიცარული ბანკი ართმევს. სტუმრები ამ ამბის განხილვას იწყებენ. მიშას დროს გარემოვაჭრეებს უარესად ექცეოდნენ - ყვირის ერთი სტუმარი, რომლის გაჩერებას მიშისტი პოლიტიკოსი ამაოდ ცდილობს. დებატია, რომლის ბოლოს ყველას ისევ ახსენდება უხეირო დიქტატორი, მუნჯი სცენა, კამათი წყდება და იქვე ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ივანიშვილის შეუცვლელობის საიდუმლო სწორედ, მის “უხეირობაშია”.
29 აპრილს მე ისევ სტუდიიდან ვუსმენ ბიძინა ივანიშვილს. ის გამოდის და სასტიკი შურისძიებით ემუქრება ოპოზიციას. ჩვენ წინაშე დგას დიქტატორი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გვპირდება ცივილური მსოფლიოსგან საქართველოს იზოლაციას, შუღლსა და ღვარძლს. ამ კაცს უსმენენ ემიგრანტებიც. იცით, როგორია ემიგრანტების ერთი ჩვეულებრივი დღე? მე ასე წარმოვიდგინე: მომვლელი ქალი იტალიელი მოხუცის ლოგინს გვერდით უზის და სანამ ასაკოვანი, მრავლისმნახველი ქალი ხილს ილუკმება, ჩვენს ქართველ მომვლელს მესენჯერში ფოტოს უგდებენ, წარწერით: “აბა, ეს რა არის?” ხსნის და ფოტოზე პატარა მოყავისფრო კაუჭია, სისხლის ლაქებში ამოთხვრილი. ვერ ვხდება, რა არის და არც ამ თავსატეხის ამოხსნის ხალისი აქვს. დიდხანს არ გრძელდება მისი წვალება და კარნახობენ: “ეს სანდროს კბილია”. სანდრომ დღეს პირველი კბილი ამოიღო. მისი შვილი მის გვერდით არაა. არადა, კალთაში უნდა ეჯდეს 6 წლის ბიჭი, ბავშვი უნდა ტიროდეს, დედა კი - ამშვიდებდეს, თაგვებს უნდა უგდებდნენ ახალ ნადავლს, მაგრამ დედასა და შვილს შორის ათასობით კილომეტრია და აუტანელი ყოფა. დედა ცრემლებით სავსე თვალებით უყურებს ვიღაცისთვის საზიზღარს, მისთვის კი ძალიან საყვარელ სისხლიანი კბილს, ცდილობს თითების მოძრაობით გაადიდოს გამოსახულება, რომ უცებ რაღაცას აჭერს. ტელეფონის ეკრანზე ჩნდება ბიძინა ივანიშვილი. ის დგას ტრიბუნაზე, არჩევნებამდე 100 დღით ადრე და სთხოვს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის იტალიაში გადახვეწილ ქართველ დედას, ემიგრანტს, სამშობლოდან წასულს, შვილების სარჩენად გაქცეულს, დაღლილს შრომისა და მონატრებისგან, სისხლიან კბილზე მეოცნებეს, კიდევ ერთხელ მისცეს ხმა “ქართულ ოცნებას”, მისცეს ხმა მესამედ, რათა მესამეჯერ ხმის მიცემის შემდეგ, ასრულდება ამ ქალის ოცნება და ნატვრა: საბოლოოდ, განადგურდეს ოპოზიცია.
ჯერჯერობით, ეს ივანიშვილის ერთადერთი დაპირებაა, ყველა იმ აუსრულებელი დაპირების შემდეგ, რომელიც მისგან მოვისმინეთ.
და ასე, თანდათან ვატყობ, როგორ მიბრუნდებიან ჩემს ტელე-სტუდიაში ძველი რესპონდენტები, რეჟისორები და მსახიობები, კინომცოდნეები და მომღერლები. ისინი ჩემთან “უხეირო დიქტატორმა” მოიყვანა. ივსება ჩემი სტუდია გაბრაზებული ხელოვანებით, რომელთაც ადრე შემოკლებული ქრონომეტრაჟი აბრაზებდათ, ახლა კი, უიმედობა აშინებთ. მე არ ვამოკლებ მათ სათქმელს, პირიქით უნდა ილაპარაკონ ბევრი, ხმა ამოიღონ. ყველა წუთი ძვირფასია, ყველა წამი. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დიდი ხანია არ ვსაუბრობთ პრემიერებსა და ფილმებზე, არ ვსაუბროთ ცოცხალ და დამოუკიდებელ კულტურაზე. თუმცა, მათგან მესმის ყველაზე დაუჯერებელი და ძნელად წარმოსადგენი სურვილები. აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლად რეგისტრირება უნდათ. დამკვირვებელი მუსიკოსი! წარმოგიდგენიათ? შესაძლებელია ვიყო დამკვირვებლები? - მეკითხება მუსიკოსი. უხეირო დიქტატორის ქვეყანაში ყველაფერი არის შესაძლებელი. განა რა შეიძლება იყოს ამაზე ლამაზი? ვპასუხობ მუსიკოსს და ვხდები, რომ მან ჩემსავით შეწყვეტა ჭრელი პეპლების დევნა.
მარიო ვარგას ლიოსას გმირი, სანტიაგო ჟურნალ “ლა ქრონიკაში” მისული ამბობს: “ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად არის გადაჯაჭვული ცხოვრებასთან; ეს არის ყველაზე კეთილშობილური და ურთულესი საქმე, რომელიც გვაძლევს საშუალებას ყოველდღიურად შევეჯახოთ სამყაროს პირისპირ”.
ჟურნალისტიკა ყველაზე ახლოს დგას
ცხოვრებასთან. იქნებ ჩემთანაც მოვიდეს ისეთი ჟურნალისტიკა, როცა მე
ისევ პეპლებს გამოვედევნები, თუმცა, ახლა ვიბრძვი. ვიბრძვი ჭრელი
პეპლების მოსაბრუნებლად.
ბლოგში
გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს
რედაქციის პოზიციას.