ამერიკის პოლიტიკა და მედია
29.07.2024


“იმისათვის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უარი უნდა თქვას საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე“, - ეს იყო The New York  Times სარედაქციო საბჭოს წერილი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, რომელიც 28 ივნისს  CNN -ის ეთერში გაიმართა და რომელიც მაშინვე შეაფასეს, როგორც მოქმედი პრეზიდენტისთვის კატასტროფული. CNN -ის წამყვანი ჟურნალისტები, რომლებიც დებატების გასარჩევად ეთერში ერთად შეიკრიბნენ,  ერთი და იგივე მოსაზრების გამოსათქმელად სხვადასხვა ტონალობას ირჩევდნენ. ყველაზე ხისტი ცნობილი ვეტერანი ჟურნალისტი კრის ვოლასი იყო, რომელმაც  რბილი ტონალობის შერჩევის გარეშე თქვა, რომ ბაიდენი კამპანიიდან უნდა წავიდეს. „დემოკრატიულ პარტიაში უნდა გამოიძებნონ ადამიანები, რომლებიც ბაიდენს ეტყვიან, რომ მისი წასვლის დროა, როგორც 1974 წელს, ეს რესპუბლიკურ პარტიაში მოხდა, როდესაც პრეზიდენტ ნიქსონს (უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ) გადადგომა  მოსთხოვეს.  თუ პრეზიდენტი ბაიდენი თავად ვერ ხვდება, რომ უნდა წავიდეს, ეს კიდევ უფრო უარესია მისთვის“, - თქვა ბოლოს ვოლასმა. 

დებატები ბაიდენისთვის კატასტროფულად შეაფასა ლიბერალური მედიის ყველა წამყვანმა ჟურნალისტმა.  28 ივნისის შემდეგ ამ მედიების მთავარი თემა  ბაიდენის ასაკი, მისი კოგნიტური და ფიზიკური მდგომარეობა გახდა - თეთრი სახლის პრეს სპიკერს ამჯერად უკვე დემოკრატების მხარდამჭერი მედიისგან უწევდა კითხვების მოგერიება. 

თუმცა, დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა თავად ლიბერალური მედიაც. მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ ეს მედიები წლები მალავდენენ ბაიდენის მდგომარეობას, ვიდრე დებატებისას არ გამოჩნდა, რომ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი უბრალოდ ვერ გაუმკლავდებოდა ნოემბრის არჩევნებში ტრამპს, რომელიც დებატებზე  ბაიდენის გვერდით ცოცხლად და  ენერგიულად გამოიყურებოდა.  აქამდე ყველა, ვინც პრეზიდენტის ფიზიკურ და კოგნიტურ  შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებდა,  ლიბერალური მედიის თავდასხმის მსხვერპლი ხდებოდა. ხოლო, როდესაც ამ თემას კონსერვატორული მედია ეხებოდა, საპასუხო არგუმენტი იყო, რომ ბაიდენის ასაკთან დაკავშირებული პრობლემები გამოგონილი იყო, რომლითაც რესპუბლიკელები  ტრამპის სასამართლო პროცესების გადაფარვას ცდილობდნენ. 

ამერიკაში მედიის პოლარიზაციამ კულმინაციას 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიაღწია. ტრამპის გამარჯვება, რომელიც ყველა გამოკითხვის მიხედვით ჰილარი კლინტონს ჩამორჩებოდა, შოკი აღმონდა ლიბერალური მედიისთვის. ამის შემდეგ მისი მიზანი ტრამპის ყველა გადაცდომის,  სავარაუდო დანაშაულებების, ყველა მიზოგინური, სიძულვილის ენის მქონე განცხადების დეტალური განხილვა იყო. თუმცა,  როგორც  ცნობილმა ფილოსოფოსმა  სლავოი ჟიჟეკმა ერთ -ერთ ინტერვიუში თქვა: “დემოკრატების მთავარი შეცდომა ისაა -  რასაც ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის წინააღმდეგ იმუშავებს, ის ზუსტად რომ ტრამპის სასარგებლოდ მუშაობს.“

მაგრამ, როგორ შეიქმნა ტრამპის ეს  ფენომენი, რომელიც აქამდე ძლევამოსილმა  ამერიკულმა ლიბერალურმა მედიამ ვერ დაამარცხა. რეალითი შოუს ყოფილი ვარსკვლავის წინააღმდეგ საერთოდ არ ჭრიდა ის მეთოდები, რომელსაც მანამდე ნებისმიერი პოლიტიკოსის დასამარება შეეძლო. 

1996 წელს მედია მაგნატმა, რუპერ მერდოკმა FOX NEWS -ი დაარსა და მის ხელმძღვანელად ნიქსონის  ყოფილი მრჩეველი  და  სხვა რესპუბლიკელი პრეზიდენტების საარჩევნო კამპანიების დამგეგმავი, როჯერ აილსი დანიშნა.  აილსი ოჰაიოში, ქარხნის გარშემო გაშენებულ ქალაქში დაიბადა, იმ ადგილას, რომელსაც ახლა დაჟანგული სარტყელი ჰქვია,  უფუნქციო, დაჟანგული ქარხნების გამო. მის ხანგძლივ და საინტერესო  კარიერაში  მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. 1993 წელს ის CNBC-ის პრეზიდენტად დაინიშნა, მაგრამ  მფლობელებთან უთანხმოების გამო  არხი მალე დატოვა. მინი სერიალში „ყველაზე მაღალი ხმა“, რომელშიც FOX NEWS-ის  დაარსება და მისი ყველაზე გავლენიან ტელევიზიად გადაქცევის ისტორიაა ასახული, CNN-ისა და  MSNBC -ის კონკურენტ არხზე ახლად დანიშნული  აილსი მმართველი საბჭოს შეკრებაზე კითხულობს - “ვინ არის თქვენი აუდიტორია? ყველა “- პასუხობენ მას.  „ეს დიდი შეცდომაა, ჩვენი კონკურენტი არხები, თითქმის, ყველა არხი, მემარცხენეებისთვის - ლიბერალური ელიტისთვის მუშაობს. ჩვენ კი ახალ ნიშას შევქმნით და კონსერვატორ მაყურებელს მივიბამთ, რომელიც  ამ ქვეყნის ნახევარია.  თუ ჩვენ ეს  შევძელით,  ისინი არასოდეს გადართავენ სხვა არხზე.  დღეს ამერიკაში 60 პროცენტი  ფიქრობს, რომ ტელევიზიები იტყუებიან და მათ ნაგავს სთავაზობენ, ამიტომ ამ  ხალხს მივცემთ იმას, რასაც ითხოვენ.“  

როჯერ აილსმა  შექმნა ტელევიზია, რომელმაც იპოვა, გააერთიანა და  თავის ერთგულ მაყურებლად აქცია ის  ხალხი, რომლის მთავარი მტერი სამი რამ იყო  - ტექნოლოგიები, გლობალიზაცია (საზღვარგარეთ ქარხნების გადატანა) და ემიგრანტები. სამივემ მათ სამუშაო ადგილები წაართვა. არა მხოლოდ სამუშაო ადგილები, არამედ მათი სამყაროც - ის ყოველდღიურობა, რომელშიც მისი მშობლები ცხოვრობდნენ და  სადაც ისინი გაიზარდნენ. ყოფილი ინდუსტრიული ცენტრები  ქვეყნის უსარგებლო,   ჟანგიან ქალაქებად იქცა, რომელიც ყველაფერთან ერთად ნარკოტიკებმაც გაანადგურა. (“გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული “- ტრამპის ეს ცნობილი ლოზუნგი ამ ხალხისთვის მათი ძველი სამყაროს დაბრუნებას ნიშნავდა).FOX-მა მის მაყურებელში პატრიოტული იმპულსები გააღვიძა, მათი შიშები გააძლიერა და მათი ყველაზე ველური ილუზიები გამოკვება. მათ ამით მისცა ძალა და პოლიტიკურ პროცესებზე უზარმაზარი გავლენა.

შესაბამისად, FOX-ი რეიტინგებით ამერიკული მედიის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა მისი მთავარი კონკურენტები  MSNBC  და CNN. 

ასევე, ძალიან საინტერესოა Pew Research Center – ის კვლევები, რომლის მიხედვითაც კონსერვატორების 47 პროცენტი FOX -ს უყურებს და მის გარშემო ერთ კლასტერად არის ჩამოყალიბებული, მაშინ, როდესაც ლიბერალები მედიის არჩევაში  უფრო დაქსასულები არიან და მათი დიდი ნაწილი ყველაზე სანდო წყაროდ NPR, PBS  და BBC -ის მიიჩნევს, ანუ საზოგადოებრივ მაუწყებლებს.  

როჯერ აილსი, რომელიც წამყვან ქალებს გრძელი ფეხების მიხედვით არჩევდა და შერჩევის პროცესში მის წინ რამდენჯერმე დატრიალებას აიძულებდა  (ეს თავის ინტერვიუში არხის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა, მეგან კელიმაც აღიარა), საბოლოო ჯამში, me too მოძრაობას შეეწირა  - 2016 წელს არხის წამყვანმა, ყოფილმა მის ამერიკამ, გრეჩენ კარსონმა აილსი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა, რაც სხვა ქალი თანამშრომლების ასალაპარაკებლად  სტიმული გახდა.  2016 წელს როჯერ აილსი ფოქსიდან გაუშვეს.  ის ერთ წელიწადში დაიღუპა. (სწორედ ამ მოვლენებს ასახავს ფილმი Bombshell ).

აილსი წავიდა, მაგრამ ტრამპი დარჩა. როჯერ აილსმა 1995 წელს CNBC-ზე მუშაობის დროს მანჰეტენის პენტჰაუსში დონალდ  ტრამპს  კითხვა დაუსვა - „როგორ მოხდა, რომ მანჰეტენელი მულტიმილიონერი ასეთი პოპულარულია  ცისფერ საყელოიან ამერიკელებში (ამერიკის მუშათა კლასში.) შენ, თითქოს, ერთ-ერთი მათგანი ხარ, მაგრამ ვერაფრით ვხვდები, როგორ მიწვდი მათ?“ „მათ სძულთ ისინი, ვისაც მე ვძულვარ - ფულიანი ხალხი. ვისაც მე არ მოვწონვარ, ეს მდიდარი ხალხია. სასაცილოა, ისინი ვერ მიტანენ და მე, თითქოს, ეს მომწონს“ - უპასუხა ტრაპმა

აილსმა ტრამპი 2011 წელს FOX -ის კონტრიბუტორად მიიწვია და გადაცემა „ფოქს და მეგობრებში“ რუბრიკა მისცა. არხმა 2008 წელს რეიტინგებში რეკორდულ წარმატებას მიაღწია - რისი ერთ-ერთი მიზეზი ბარაკ ობამასა და მისი დაბადების ადგილზე მუდმივი სპეკულაციები იყო, რაშიც ტრამპიც აქტიურად მონაწილეობდა და ამტკიცებდა, რომ დარწმუნებული არ იყო,  ობამა ამერიკაში დაიბადა თუ არა. პრეზიდენტობის დროს FOX-ი ლამის თეთრი სახლის გაგრძელება გახდა - უკვე პრეზიდენტი ტრამპი ისევ რეგულარულად ერთვებოდა „ფოქსსა და მეგობრებში“, მაგრამ 2020 წელს არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. 

არჩევნების დღეს  FOX NEWS პირველი იყო, რომელმაც არიზონაში, მერყევ შტატში, ბაიდენი გამარჯვებულად დაასახელა. მერდოკსა და ტრამპს შორის ღია განხეთქილება დაიწყო. პრობლემებს ისიც დაემატა, რომ ტელევიზია იძულებული იყო,  თითქმის, 800-მილიონ დოლარიანი გარიგება გაეკეთებინა ტექნოლოგიურ კომპანია „დომინიონთან“, მას შემდეგ რაც კომპანიამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა არჩევნების გაყალბებაზე დაუსაბუთებელი მოსაზრებების გავრცელების  გამო. 

არხი მიზანმიმართულად ავრცელებდა შეთქმულების თეორიას, რომ კომპანიის ხმის მიცემის აპარატებს ხმები ტრამპისგან ბაიდენისკენ გადაჰქონდათ. „დომინიონის“ შეტანილ საჩივარში არხის წინააღმდეგ  მტკიცებულებად შიდა მიმოწერები იყო მოყვანილი, რომელთა მიხედვითაც, FOX-ის  თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ტყუილს ავრცელებდნენ. მათ შორის იყო არხის ყველაზე რეიტინგული წამყვანი ტაკერ კარლსონიც, რომელიც 2023 წელს გაუშვეს ტელევიზიიდან.

ამ ტყუილით FOX NEWS-ს უნდოდა უკან დაებრუნებინა ის მაყურებელი, რომელიც არხზე არიზონას შედეგების გამოცხადების შემდეგ გაბრაზდა და ტრამპის ღალატში დასდო ბრალი. არხის რეიტინგი მაშინ შესამჩნევად შემცირდა. კომპანია „დომინიონთან“ მოლაპარაკების პროცესში არხის მფლობელმა, რუპერ მერდოკმა თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ მას არასდროს სჯეროდა იმის, თითქოს, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. 

მერდოკს უკვე ტრამპის მოშორება უნდოდა.  2021 წლის  6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევის შემდეგ მან გადაწვიტა, რომ ტელევიზიას ტრამპის სრული იგნორირება უნდა გაეკეთებინა. თუმცა, როგორც ერთმა ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, ტელევიზიამ თავისი მაყურებლის სახით შექმნა მონსტრი, რომელსაც უკვე ვეღარ აკონტროლებდა. ამ მონსტრმა არხი საკუთარ მძევლად აქცია. შესაბამისად, მედია მაგნატის მცდელობა, რომ ტრამპი ჩაეძირა და გზა ფლორიდის პოპულარული გუბერნატორისთვის, რონ დესანტისისთვის გაეხსნა, სრული ფიასკოთი დასრულდა. ფოქსის მაყურებელმა დესანტისი არ მიიღო, ისინი ტრამპს ითხოვდნენ. 2-წლიანი პაუზის შემდეგ  ტრამპი ისევ დაბრუნდა FOX NEWS -ზე. 

დღეს, 2024 წლის არჩევნების წინ FOX NEWS -ი ისევ უცვლელად პოპულარულია, ის ამერიკელი კონსერვატორებისთვის ისევ რჩება ინფორმაციის მთავარ არტერიად. მაშინ, როდესაც ამერიკული მედიის დიდი ნაწილი შემცირებულ ნდობასა და ფინანსურ პრობლემებს უჩივის, რაც თანამშრომელთა მასიურ შემცირებაშიც გამოიხატება.  

მაგრამ, ამ არჩევნებზე ყველაფერი ძველებურად მაინც აღარ იქნება. FOX-ს ტრამპთან ძალიან დააახლოების ეშინია, ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დაუსრულებლად აღარ გადმოსცემს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებს, რადგან ტრამპი თავის გამოსვლების დროს უამრავ არაზუსტს ინფორმაციას ავრცელებს. მაგალითად, თებერვალში FOX-ისწამყვანმა, ნილ კავუტომ ტრამპის გამოსვლის შემდეგ ამ გამოსვლის დეტალური ფაქტჩეკი შესთავაზა მაყურებელს. 

ფაქტჩეკის არ გაკეთება  -  ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია CNN -ის წამყვანების მისამართით საპრეზიდენტო დებატების დროს, სადაც ტრამპმა ასევე, უამრავი არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა. ამ ბრალდებას  რამდენიმე დღეში CNN-ის გამოხმაურებაც მოჰყვა - სადაც განმარტებული იყო, რომ ტელევიზიის გადაწყვეტილებით ჟურნალისტები  ნეიტრალური წამყვანები უნდა ყოფილყვნენ და შინაარსობრივ განხილვაში არ უნდა შეჰყოლოდნენ კანდიდატებს. პრინციპში, ლიბერალურ მედიას არც დებატების შემდეგ დაუთმია დიდი დრო ტრამპის ტყუილებისთვის  - მოქმედი პრეზიდენტის  უმძიმესმა გამოსვლამ,  მეხსიერების წყვეტის და ენის დაბმის ბევრი ეპიზოდით, ეს არხები პანიკაში ჩააგდო. შესაბამისად, ყველაფერი გადაფარა ერთადერთმა თემამ  - შეწყვეტდა თუ არა ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიას. 

2016 წელს ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ ამერიკული მედიის სრული ტრანსფორმაცია მოახდინა და ის უკიდურესად პოლარიზებულ ბანაკებად დაჰყო. ლიბერალური მედიისთვის ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში კატასტროფის ტოლფასია.  მაგალითად,  ისეთი ცნობილი სახე, როგორც MSNBC -ის წამყვანი რეიჩელ მედოუა ტრამპის ხელმეორედ არჩევას პირადად მისთვისაც ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს. ერთ-ერთ ინტერვიუში მედოუმ თქვა, რომ ტრამპის ყველაზე რადიკალური მომხრეები მისი კრიტიკოსების დაპატიმრებასაც კი მოითხოვენ.  „თქვენ გგონიათ, მხოლოდ მიგრანტებისთვის გახსნის ტრამპი ბანაკებს, შეიძლება, ჩვენთვისაც,  ლიბერალებისთვისაც  გახსნას. კი, მე ვღელავ ჩემს თავზე, ისევე როგორც ვღელავ ყველა ჩვენგანზე“, - თქვა MSNBC-ის ვარსკვლავმა. 

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ განაცხადა,  რომ ის  საპრეზიდენტო კამპანიას ეთიშებოდა და  ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერდა მხარს, რეიჩელ მედოუმ ამაღელვებელი გამოსვლა მიუძღვნა მოქმედ პრეზიდენტს. ბაიდენზე ლაპარაკის დროს ცრემლები მოერია CNN-ის წამყვანს, ვენ ჯონსაც. თუმცა, ბაიდენისთვის მიგებული პატივის შემდეგ  ლიბერალური მედია მთლიანად, მთელი ენერგიით კონცენტრირდა კამალა ჰარისის გარშემო, რომელიც უდიდესი ალბათობით, დემოკრატების პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი იქნება. მედია ახლა დემოკრატების ყრილობის მოლოდინშია, რომელიც 19 აგვისტოს ჩიკაგოში უნდა გაიმართოს და რომელზეც ოფიციალურად უნდა დასახელდეს კამალა ჰარისი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც. 

რესპუბლიკელების მხარეს უვე ყველაფერი გარკვეულია - დონალდ ტრამპი და  ჯეიდი ვანსი. 

არჩევნებამდე სამ თვეზე მეტი დარჩა - აქამდე FOX-ი და სხვა კონსერვატორული მედია ავრცელებდა აზრს, რომ  ტრამპის სასამართლო პროცესები პოლიტიზირებული იყო, რომ იუსტიციის სამინისტრო ბაიდენს ემსახურებოდა. გარდა ამისა, ტრამპის სასამართლოების გადასაფარად აქტიურად შუქდებოდა ჰანტერ ბაიდენის, პრეზიდენტის შვილის, სასამართლო პროცესი და მისი წარსული საკმაოდ სკანდალური დეტალებით, რის გამოც მოქმედი პრეზიდენტის ბრალდებულმა შვილმა უჩივლა კიდეც FOX -ს, მაგრამ საქმე წააგო. 

თუმცა, ბაიდენის წასვლა ბევრს არაფერს შეცვლის კონსერვატორული მედიის სტრატეგიაში - მათ მთავარ თემად ისევ ემიგრაცია დარჩება, მითუმეტეს, რომ ეს თემა კამალა ჰარისს ჰქონდა ჩაბარებული. ამიტომ, დემოკრატების ახალი კანდიდატი ადვილი სამიზნე გახდება რესპუბლიკელებისთვის. ისევე, როგორც რესპუბლიკელები არიან ადვილი სამიზნე აბორტის თემაზე, მითუმეტეს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიდი ვაინსის შერჩევის შემდეგ, რომელიც აბორტის უფლების ხისტი მოწინააღმდეგეა და რამდენიმე დღის წინ უშვილო ქალებზეც კი სარკასტულად ილაპარაკა. აბორტის უფლება ყველაზე მთავარი თემაა ქალებისთვის, მათ შორის მერყევ შტატებში, ამიტომ ამ თემაზე საუბრითა და მოწინააღმდეგის დემონიზაციით ლიბერალური მედია  ქალ ამომრჩეველთა ხმების მაქსიმალურ  მობილიზებას შეეცდება. 

მოკლედ, აბორტის უფლება და ემიგრაცია - ამ ორ თემაზე  დაშენებდება ლიბერალური და კონსერვატორული მედია ბანაკების სტრატეგია. ვინც მოიგებს ამ საინფორმაციო ომს, მოიგებს არჩევნებსაც. 




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ