მესმის, სასაცილოდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ ხანდახან საჭიროა
ეს ტექსტი იმ ცნობილ ქარდს ეხება, “იმედმა” რომ გამოაქვეყნა და შემდეგ
წაშალა. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა, რა დაინახეს
პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა სიტყვა (ფრანგულად Fierté)
Pride-ში? ან იქნებ კითხვა ასე უნდა დავსვათ - რისი დანახვა სურდათ?
თუ ერთი დაინახეს, მაგრამ დაწერეს მეორე, ის, რაც პარტიას
სურდა?!
ნებისმიერი კითხვა შეიძლება მიესადაგოს იმ სურათს, რომელიც ჩვენ 3
დღის წინ ვიხილეთ - „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, „პრაიდი““. ეს
ის ხალხია, ვინც LGBTQ Pride-ს „გეი აღლუმად“ თარგმნის, მარშს -
როგორც „პარადს“ და ა.შ. ამიტომ ისიც უნდა გვიკვირდეს, რომ ასეთი
სათაურები არ ვიხილეთ: „ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ნაციონალურ
დევიზს „გეი აღლუმი“ დაამატა. თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, გეი
აღლუმი“. მაგრამ „იმედი“ და POSTV თვლის, რომ მათი მაყურებელი თუ
მკითხველი უმალ მიხვდებოდა რაშიც იყო სინამდვილეში საქმე - ევროპაში
გეიპროპაგანდა უკვე ამ სიმაღლეზე აიყვანეს, საუკუნეებია საფრანგეთი
თავისუფლების, თანასწორობის, ძმობის იდეაზე დგას და მას უცებ, ჩვენმა
კრიტიკოსმა ემანუელ მაკრონმა „გეი აღლუმი“ დაამატა.
გახსოვთ, ალბათ, ამ გაზაფხულზე რუსული კანონის საწინააღმდეგოდ
გამართულ აქციებზე ახალგაზრდების ჯგუფმა „ენა, მამული, სარწმუნოებას“
როგორ მიამატა „ერთობა“. "ქართული ოცნების" პროპაგანდისტების აღქმით
თუ სურვილით, ალბათ, სიტყვა "ერთობა" სხვა არაფერია, თუ არა
ერთსქესიანობა, ერთნაირობა, სადაც ქალი ქალი აღარ არის და კაცი -
კაცი, სადაც დედა დედას აღარ ჰგავს და მამა - მამას! "ოცნების"
პროპაგანდისტებისთვის "ერთობაც" „გეი პარადის“ (სჯობს, მათთვის
მშობლიურ ენაზე ვთქვათ) ეკვივალენტი იყო, როგორც - მაკრონის „პრაიდი“.
ამიტომ ვინც პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე თუ მაკრონის სიტყვებში
ლგბტქ+ პროპაგანდა ვერ დაინახა, ამაში მათ დარგის სპეციალისტი
მამუკა მდინარაძე დაეხმარა.
„ფსევდოლიბერალებმა ოლიმპიადის გახსნას ყურადღებით მიადევნეს
თვალ-ყური და მათში კვლავაც აქტუალურია კითხვა: საიდან მოიტანა
„ქართულმა ოცნებამ“ ეს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი?!“-ო. ხომ
გესმით? ვისაც ჩვენი არ გჯერათ, ("ქართული ოცნებისო") ოლიმპიადის
გახსნა ნახეთო.
ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „პროექცია“, რაც საკუთარი
აზრებისა თუ განცდების სხვაში/სხვაგან დანახვას ნიშნავს. საკუთარი
ჩრდილივით არის. ერთ-ერთი ვერსიით, "ქართულ ოცნებასა" და მის
პროპაგანდისტებს სწამთ, რომ ყველგან, რაც ჩვენგან დასავლეთით არის,
მხოლოდ ლგბტქ უფლებებზეა საუბარი და ნიავი, რომელიც დასავლეთიდან
უბერავს, მათ ჰომოსექსუალებად აქცევს. მაგრამ მე ამ
მოსაზრებას არ ვიზიარებ და ვფიქრობ, ყველაფერი იმაზე უფრო მარტივად
არის, ვიდრე ამას ფროიდისეული ანალიზი ამბობს. თუმცა, ამაზე
მოგვიანებით.
"რუსული ოცნების" პროპაგანდის სამიზნე ოლიმპიადის გახსნის ერთ-ერთი
სცენაც გახდა, რომლის შესახებაც თითქმის ყველა სამთავრობო მედიამ
მასალა შეცდომაში შემყვანი სათაურით გამოაქვეყნა, თითქოს,
ორგანიზატორები „საიდუმლო სერობის“ იმიტირების გამო ბოდიშს იხდიდნენ.
სინამდვილეში, ორგანიზატორებმა წუხილი გამოთქვეს მათ მიმართ, ვინც
ღვინის, თრობისა და სულიერი შვების მომგვრელი ღმერთი დიონისეს
წვეულების სცენა „საიდუმლო სერობად“ აღიქვა. არც "ოცნების" ცალკეულმა
პროპაგანდისტებმა დაახანეს რეაგირება და უმალ გაემიჯნენ ფრანგი
რეჟისორის, ტომას ჟოლის მიერ ლეონარდო და ვინჩისეული „საიდუმლო
სერობის“ ფეხქვეშ გათელვას. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, რომ ლეონარდო და
ვინჩის ღირსებაც დაიცვეს, თორემ სინამდვილეში როგორ და რა პირობებში
მიმდინარეობდა ბიბლიური საიდუმლო სერობა, არავინ იცის.
ერთი სიტყვით, ვხუმრობთ ამ თემებზე, "ოცნებასა" და მის
პროპაგანდისტებზე, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არის
სახუმარო. ახლა მაგალითად, ისიც შესაძლებელია, ამ ჩემი,
სარკაზმით დაწერილი ტექსტიდან პროპაგანდამ ამოიღოს ფრაზები, ცალკე
გაიტანოს და ხალხს აჩვენოს, „რას ვწერ“: „ნინია კაკაბაძე პროტესტანტი
ახალგაზრდების მიერ „ენა, მამული, სარწმუნეობას“ დამატებულ სიტყვა
„ერთობაზე“ წერს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ერთსქესიანობა,
ერთნაირობა“. პროპაგანდამ ძალიან კარგად იცის რას აკეთებს და
ამას სრულიად გამიზნულად აკეთებს. მაშინ, როდესაც მათ მაკრონის
სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სიტყვა -
Pride დაინახეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს ანტიდასავლური
პროპაგანდისთვის უნდა გამოეყენებინათ.
ივანიშვილის საქართველო, პუტინის რუსეთის მსგავსად,
ძალაუფლებას სწორედ ამ ჰომოფობიური რიტორიკით იმყარებს, რაც
საზოგადოებაში არსებულ უცნობ შიშებზე დგას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.