სალომე ქოქიაშვილის შემოქმედება „მოამბეში“
07.08.2024



გამოიცანით სატელევიზიო ჟანრი 

როგორ ფიქრობთ, რისი დასაწყისი შეიძლება იყოს ეს ტექსტი: „მოულოდნელი წვიმა ზოგჯერ პარიზშიც მოდის და თბილისშიც, მაგრამ ის, რაც გვიან შემოდგომაზე საქართველოში უნდა მოვიდეს, მოულოდნელი როგორც ჩანს, არც პარიზისთვის იქნება და მითუმეტეს, არც თბილისისთვის. ყოველ შემთხვევაში, მედიასთან ხანგრძლივი კითხვა-პასუხისას უფრო აშკარა გახდა არა თუ ქართული პოლიტიკური ამინდის საშემოდგომო პროგნოზი, არამედ ტემპერატურის მატების ქრონოლოგიური თანმიმდევრობაც, სადაც თავისი ადგილი ექნება ოქტომბერში უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. ანუ იქნება უარი და შემდეგ მოლოდინი არჩევნების შედეგებისა.“ 

ეს "პირველი არხის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტის დასაწყისია, რომლის ავტორიც „მოამბის“ კაშკაშა ვარსკვლავი, მიუკერძოებელი და აკადემიური ჟურნალისტიკის სახე სალომე ქოქიაშვილია. საკმარისია მისი ერთი სიუჟეტი მაინც ნახოთ და არასდროს დაგავიწყდებათ მისი ხმა, ტემბრი, ინტონაცია, არტისტულობა, ცოტა პათეტიკაც და შეფარული ცინიზმი, რომლითაც ქოქიაშვილი მის პოლიტიკურ ოპონენტებს დასცინის. 

ეს სიუჟეტი ეთერში გუშინ, 6 აგვისტოს გავიდა და წინა დღეს გამართულ სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციას ეხებოდა, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ დაესწრო, მაგრამ, სავარაუდოდ, რომელიმე სხვა ტელევიზიის ეთრში უყურა და მისთვის საინტერესო თემას გამოეხმაურა. 

ცხადია, ვინ თუ არა სალომე ქოქიაშვილი გაშლიდა და ჩაუღრმავდებოდა იმ მწვავე საკითხებს, რომელიც პრესკონფერენციაზე დაისვა. 

როგორც ჩანს, ქოქიაშვილს ყველაზე საპასუხისმგებლო თემებს ანდობენ, რადგან "პირველი არხის" მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ სალომეს შემთხვევაში ის შეცდომებისგან გარანტირებულად დაცულია. მისი "სიტყვაკაზმული", ალბათ, ეს ეპითეტი მოუხდება ყველაზე მეტად სალომეს ტექსტებს, მთლიანად აშიშვლებს და ანადგურებს ივანიშვილის რეჟიმის მტრებს. 

მოკლედ, სიუჟეტი ასე მიდის, ჟურნალისტმა პრესკონფერენციიდან მისთვის საინტერესო თემა ამოიღო და  ჩვეული ოსტატობით გაშალა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპასთან მოლაპარაკებები მხოლოდ გაზაფხულზე განახლდებაო და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებსო. სწორედ ამის შემდეგ სალომე ქოქიაშვილი შეახსენებს მოსახლეობას, რომ სინამდვილეში ოპოზიციის გამარჯვება "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ნიშნავს.

„26 ოქტომბერს თავისუფლებას სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით გამარჯვებაში დარწმუნებული ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს ჰპირდება, რომელმაც პოლიტიკურ ასპარეზზე დროებით უკანა პლანზე გადაინაცვლა და პირველობა პრეზიდენტს დაუთმო. თუმცა, საინტერესო აქ ისაა, რომ ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები საარჩევნო მარათონის დასასრულს ზუსტად ერთნაიარად ხედავენ. არც ერთი მათგანი არ პასუხობს ღიად შეკითხვას, უშვებს თუ არა იმას, რომ ელექტორატმა 26 ოქტომბერს საკუთარი ევროპული მომავალი სხვაგვარად და სხვის გამარჯვებაში დაინახოს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დააანონსა არჩევნების შემდეგ ქუჩა…და ამ ანონსით დროში ცოტათი ჩამორჩა მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც იგივე ერთი კვირის წინ უფრო მკაფიოდ გამოთქვა".

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ახალგაზრდები არჩევნებზე გამოსვლას, ანუ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენო, ჟურნალისტს პროფესიული გამოცდილება საშუალებას აძლევს პრეზიდენტის შინაგანი ხმა გაიგოს და  სააკაშვილის გაცხადებულ სიტყვებს დაუკავშიროს. "მოამბის" ჟურნალისტს სურს საზოგადოებას დაანახოს, რომ სააკაშვილი და ზურაბიშვილი, სინამდვილეში, ერთია. 

შემდეგ, ვისაც „ბუა N1” არ შეაშინებს, მისთვის „ბუა N2”-იც ჰყავს სალომეს და აი, სცენაზე (ანუ სიუჟეტში) შემოდის შალვა პაპუაშვილი, რომელიც გვაუწყებს: „მათ (სავარაუდოდ, დასავლეთს) სურთ ძალაუფლების დაბრუნება "ნაციონალური მოძრაობისთვის იმისთვის, რომ პირველივე დღეებში მიიღონ ამ ძალაუფლებით გადაწყვეტილებები და საქართველო შეათრიონ პირდაპირ ომში“. 

მაგრამ აკი გვითხრა "ქართულმა ოცნებამ", ღირსებით მივდივართ ევროპისკენო და სალომე ქოქიაშვილიც გვახსენებს: „რა შედეგი დადგება 26 ოქტომბერს, მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ქართველი ხალხის სუვერენულმა, თავისუფალმა არჩევანმა. ამ დრომდე ქვეყნის უზენაეს კანონში, შესაძლოა, მხარეები ბევრ რამეს კითხულობდნენ განსხვავებულად, მაგრამ პარტნიორები - პარტნიორებად, მეგობრები - მეგობრებად და კონსტიტუციაში მაინც გარკვევით წერია, რომ საქართველოში ძალაუფლების წყარო მხოლოდ ქართველი ხალხია.“ 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სალომეს ნამდვილად არ წაუკითხავს "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი" და არც "მაუწყებლის შესახებ" საქართველოს კანონი, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ძალაუფლების წყარო - ქართველი ხალხი ერთი ადამიანი არ ჰგონია. 

ხუმრობას დავასრულებ, ჩემი ტექსტის დასაწყისს მივუბრუნდები და ისევ ვიკითხავ, რა ჟანრის ტექსტებია ეს, რომლის ნაწილი აქაც სიტყვასიტყვით გავშიფრე, რათა უფრო ნათლად დაინახოთ, რასთან გვაქვს საქმე. 

ქოქიაშვილის ეს და სხვა ამგვარი სიუჟეტები საავტორო ნამუშევარი არ არის და არ გადის მაგალითად, კვირის ანალიტიკურ-შემაჯამებელ გადაცემაში. ეს, თითქმის, 8-წუთიანი (7.42) მასალა არც რომელიმე სხვა გადაცემის საავტორო ვლოგია. ეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტია, რომელიც არხის ვებ გვერდზე ამგვარად არის განმარტებული: 

ვფიქრობ „საინტერესო ფორმაში“, რომელიც ამ განმარტებაში წერია სალომე ქოქიაშვილის ძალიან ინდივიდუალური სტილი იგულისხმება. სხვა შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე არ დასწრება და შემდეგ მისი ამგვარი ინტერპრეტაციებით გაშუქება "პირველი არხის" და არა რომელიმე კერძო არხის ეთერით, არის მიკერძოებულობის, ანგაჟირებულობის ნიმუში და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" იდეის სრული დისკრედიტაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ მაუწყებელი ვერასდროს და ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ გამოვიდა „სამთავრობო ტელევიზიის“ მდგომარეობიდან და ერთგულად აგრძელებს პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პარტიის დაქვემდებარებაში ყოფნას. 

და ბოლოს. 

რამდენიმე ხნის წინ, „მედიაჩეკერზე“ გამოქვეყნდა მასალა „მოამბის“ კიდევ ერთი ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას მიერ მომზადებული სიუჟეტის შესახებ „რუსულ კანონზე“, რომელსაც ჟურნალისტი გამოეხმაურა და ჩემზე წერდა, თავად ერთი სიუჟეტი მაინც თუ გაუკეთებიაო.

სატელევიზიო სიუჟეტების მომზადება არასდროს მიყვარდა, მაგრამ ცოტა ხანი მაინც მომიწია. თუმცა, სალომე ქოქიაშვილისა და ნოდარ ჩაჩუასგან განსხვავებით ვიცოდი, რომ ობიექტური კორესპონდენტი ჩემგან არ დადგებოდა და ამიტომ ყოველთვის ისეთ გადაცემებში ვმუშაობდი, სადაც სუბიექტურ, საავტორო სიუჟეტებს ვამზადებდი. მაგალითად, ასეთი იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ანალიტიკური გადაცემა - "კვირა".  ეს სიუჟეტი კი ვარდების რევოლუციის ერთი წლის თავზე 2004 წელს მოვამზადე. სამწუხაროდ, „კვირა“, სადაც ბევრი კრიტიკული სიუჟეტი მზადდებოდა, მალე დახურეს. ეს უკანასკნელი ნაწილი მხოლოდ იმისათვის დავწერე, რომ ძვირფას კოლეგებს შევახსენო, ვიდრე ფაქტს დავწერთ, უნდა გადავამოწმოთ. გადამოწმების გარეშე ფაქტი მხოლოდ ჟურნალისტის სურვილების პროექციაა, რაც თქვენს სიუჟეტებშიც ჩანს. 

სიუჟეტი კი, რომლის ნახვასაც გთხოვთ, იმ 20 წლის წინანდელ მიზანს და სურვილს აჩვენებს, რომელიც სწორედ, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უკავშირდება და სალომე ქოქიაშვილის თუ ნოდარ ჩაჩუას მსგავსი ჟურნალისტების დამსახურებით დღემდე ვერ ავისრულეთ. 








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ